საკონსტიტუციო სასამართლოს იმ პარტიის აკრძალვა შეეძლება, რომლის გაცხადებული მიზანი, საქმიანობის არსი და პერსონალური შემადგენლობა სასამართლოს მიერ უკვე აკრძალული პარტიის გაცხადებული მიზნის, საქმიანობის არსისა და პერსონალური შემადგენლობის იდენტური იქნება.
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ და „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონებში მომზადებული ცვლილებების ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდა.
დღეს მოქმედი კანონით, საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია, პარტია აკრძალოს, რომლის მიზანია კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს, ქმნის ან შექმნილი აქვს შეიარაღებული ფორმირება.
მოქმედი კანონით, პარტიის საქმიანობა შეიძლება რეორგანიზაციის ან თვითლიკვიდაციის საფუძველზე შეწყდეს, თუმცა პარტიის აკრძალვის ან თვითლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება სახელმწიფო ხაზინას გადაეცემა.