ორშაბათი, მარტი 16, 2026

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ღია წერილს აქვეყნებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ღია წერილს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„მეგობრებო, ალბათ, ბევრი ჩვენი თანამოქალაქე ფიქრობს, რა ამოძრავებდა მიხეილ სააკაშვილს, როდესაც საქართველოში თავისი ავანტურისტული ჩამოსვლა დაგეგმა. ვერსია სხვადასხვა შეიძლება იყოს. ზოგი ფიქრობს, რომ ძალაუფლების დაბრუნების წყურვილმა, ეგოიზმმა და „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა ლიდერებზე ეჭვიანობამ სძლია და ყურადღების ცენტრში მოსაქცევად, შეგნებულად ჩაჯდა ციხეში. ზოგი ფიქრობს, რომ ხელისუფლების გადატრიალების განზრახვით დაბრუნდა, რის წარმატებაშიც ღრმად იყო დარწმუნებული. საუბრობენ იმაზეც, რომ ნარკოტიკებზე მძიმე დამოკიდებულების ფონზე, თავისი გადაწყვეტილების შედეგების გათვლა გაუჭირდა.

მიხეილ სააკაშვილის ფსიქოლოგიური და ფსიქიკური მდგომარეობა ციხეში შესვლამდე და შესვლის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა. „ნაციონალურ მოძრაობაში“ შფოთავენ, რომ მათი ლიდერი მძიმე მდგომარეობაშია და ციხიდან დაუყოვნებლივ გაყვანას ითხოვს. ამბობს, რომ ის არც მერაბიშვილია და არც ახალაია და ციხეში დიდხანს დარჩენას ვერ შეეგუება. სააკაშვილის ეს მდგომარეობა გუნდში მძიმედ მიიღეს, თუმცა, არც იციან, რა უნდა მოიმოქმედონ.

რაც შეეხება სააკაშვილის ჩამოსვლის ზემოთ ჩამოთვლილ ვერსიებს. ის ვერსია, რომ მიხეილ სააკაშვილი შეგნებულად ჩაჯდა ციხეში და ეს წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი, აბსურდულად მიმაჩნია. მით უმეტეს, ეს რომ ნდომოდა, მაშინ არა ქურდულად და კანონის დარღვევით, არამედ ვაჟკაცურად (რამდენად არარელევანტურადაც არ უნდა ჟღერდეს სააკაშვილთან მიმართებით) შემოვიდოდა და ჩაჯდებოდა ციხეში. ამგვარი ნაბიჯით ის გაამძაფრებდა მისსავე გზავნილს საქმეების შეკერვისა და პოლიტპატიმრობის შესახებ.

ახლა კი, როდესაც ის საქართველოში ახალი დანაშაულის ჩადენის გზით შემოვიდა, მან ამ გზავნილს ფორმალური საფუძველიც კი გამოაცალა. ალოგიკური გადაწყვეტილების ნარკოტიკებზე გადაბრალებაც აბსურდი მგონია. როგორი ნარკოდამოკიდებულიც არ უნდა იყოს ადამიანი, მას ყოველთვის აქვს საკმარისი დრო, რომ ალოგიკურ ნაბიჯზე აიღოს ხელი. შესაბამისად, ყველაზე ლოგიკურად მაინც ის ვერსია შეიძლება მივიჩნიოთ, რომ სააკაშვილი საქართველოში არა ციხეში შესვლის გათვლით, არამედ ხელისუფლების გადატრიალების მყარი იმედით ჩამოვიდა.

აქვე საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ სააკაშვილის რევოლუციური განზრახვა ყველა შემთხვევაში წარუმატებლობისთვის იყო განწირული.მისივე გეგმის მიხედვით 3 ოქტომბერს მოულოდნელადაც რომ გამოჩენილიყო რუსთაველზე, პოლიცია წყლის ჭავლის ან მაქსიმუმ, ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშლიდა მათ მაქსიმუმ 5000-კაციან შეკრებას და სააკაშვილს უმარტივესად დააკავებდა. სააკაშვილს შეიძლება აღარ ახსოვდა, რომ პრემიერი გიორგი გახარია აღარაა და დღეს სახელისუფლო გუნდი ერთიანია, როგორც არასდროს.

ბუნებრივად ისმის კითხვა, მაშინ რა აძლევდა სააკაშვილს წარმატების იმედს. რჩება უკმარისობის განცდა სააკაშვილის ჩამოსვლის ლოგიკური მიზეზის ძიებისას. ვფიქრობ, რომ ამ კითხვაზე პასუხი საქართველოს უახლოეს ისტორიასა და „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნისას მათივე წარსულ გამოცდილებაში უნდა ვეძიოთ. ყველას კარგად გვახსოვს, რომ საქართველო იყო პირველი მერცხალი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენაში. იყო დიდი ენთუზიაზმი, მაგრამ არ გვეყო გამოცდილება და დამოუკიდებლობის მიღებიდან მალევე პირველი პრეზიდენტი მოვკალით. ამის შემდეგ, საქართველოში ჩამოვიდა უკვე ასაკში შესული შევარდნაძე, რომლის პრეზიდენტობის დროსაც, მათ შორის „მხედრიონის“ აღვირახსნილობისა და ზღვარგადასული კორუფციის გამო, სახელმწიფო სრულიად დაკნინებული იყო. ამ ფონზე, 2003 წელს, იმუნიტეტდაქვეითებულ ქვეყანაში სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ძალაუფლება ხელისუფლების გადატრიალების გზით, ქვების სროლით იოლად მოიპოვა. სახელმწიფო და ინსტიტუტები იმდენად იყო დაკნინებული, რომ შევარდნაძე უკვე პირადი უსაფრთხოების სამსახურსაც კი ვეღარ აკონტროლებდა.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ 9 წლის მანძილზე ქვეყანას ყველანაირი უბედურება დააწია. ისინი ყველაფრის უფლებას აძლევდნენ თავს, ჩაიდინეს უამრავი დანაშაული, მათ შორის მიიტაცეს თითქმის ყველა მედიასაშუალება, რაც მათ ყველა წარუმატებლობის წარმატებად წარმოჩენის შესაძლებლობას აძლევდა. სააკაშვილი საკუთარ თავს უმღეროდა „მიშა მაგარიას“ და თავისი სიცრუე თავადვე დაიჯერა. სინამდვილეში კი, „ნაციონალური მოძრაობა“ არის კრიმინალური მიდრეკილებების მქონე ხელმოცარული ადამიანების ჯგუფი, რომელსაც არაფრის სწორად დაგეგმვა და მართვა არ შეუძლია. სწორედ ამაშია ძაღლის თავი დამარხული.

სააკაშვილმა საქართველოში ჩამოსვლა და ხელისუფლების გადატრიალება ზუსტად ისეთივე „წარმატებით“ დაგეგმა, როგორი „წარმატებითაც“ თავის დროზე ქვეყანას მართავდა. ასეთია მისი გუნდიც, „ნაციონალური მოძრაობაც“ და სწორედ ამიტომ იქცა მათი 9-წლიანი სახელისუფლო და 9-წლიანი ოპოზიციური საქმიანობა წარუმატებლობის 18-წლიან ისტორიად. ამასთან, მათ ვერც ის გაითვალისწინეს, რომ 2003 წლის დაკნინებული სახელმწიფო ინსტიტუტების ნაცვლად, დღეს მათ კარგად ორგანიზებული სახელმწიფო ინსტიტუტები დახვდათ. ეგონათ, რომ მარტივად შეძლებდნენ გეგმის განხორციელებას. თუმცა, ამ შემთხვევაშიც, ისინი თავისივე სიცრუის მსხვერპლი გახდნენ.

უკვე წლებია, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი პროპაგანდისტული პარტიული ტელევიზიები ცდილობენ დაამკვიდრონ ყალბი აღქმა „ჩამოშლილი სახელმწიფოს“ შესახებ და ეს ტყუილი, აშკარაა, რომ თავადვე დაიჯერეს. სინამდვილეში, „ჩამოშლილი სახელმწიფოს“ ნაცვლად, სააკაშვილს საქართველოში კარგად ორგანიზებული სახელმწიფო სისტემა დახვდა. სწორედ ამ ყველაფრით აიხსნება სააკაშვილის ფსიქიკური მდგომარეობის რადიკალური ცვლილებაც ციხეში შესვლამდე და ციხეში შესვლის შემდეგ – გაღიმებული შევიდა ციხეში და ახლა არაფერი ადარდებს გარდა იმისა, რომ როგორმე ციხიდან გამოვიდეს“, – წერს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ლიბანში გაერო-ს სამშვიდობოებს თავს დაესხნენ

ლიბანში გაერო-ს სამშვიდობოებს თავს დაესხნენ, – ამის შესახებ „ბიბისი“ გაერო-ზე დაყრდნობით იუწყება.მედიის ინფორმაციით, ლიბანში მშვიდობისმყოფელებს ცეცხლი სავარაუდოდ არასახელმწიფო შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა გაუხსნეს. ლიბანში გაერო-ს დროებითი ძალების (UNIFIL) ინფორმაციით, თავდასხმები გაერო-ს სამ სხვადასხვა ბაზაზე – იატარში, დეირ კიფასა და კალაკიაში განხორციელდა.მათივე ცნობით, გასროლა ერთ-ერთ ადგილას მშვიდობისმყოფელებისგან ხუთი მეტრის მოშორებით განხორციელდა, რის შედეგადაც არავინ დაშავებულა.UNIFIL არის სამშვიდობო მისია, რომელიც 1978 წელს შეიქმნა საომარი მოქმედებების მონიტორინგისა და მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების უზრუნველყოფის მიზნით.

დიდ ბრიტანეთში აცხადებენ, რომ ბრიტანეთი, მოკავშირეებთან ერთად, ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნაზე მუშაობს

დიდი ბრიტანეთი, მოკავშირეებთან ერთად, ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნაზე მუშაობს. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ენერგეტიკის მდივანმა „სქაი ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.ედ მილიბენდმა აღნიშნა, რომ კონფლიქტის დეესკალაცია სრუტის ხელახლა გახსნის საუკეთესო გზაა და მისი ქვეყანა გააგრძელებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შენარჩუნებას.„სრუტის ხელახლა გახსნა ყველას ინტერესებშია. ასევე, ვიტყვი, რომ ჩვენც გვჭირდება ამ კრიზისის დეესკალაცია, რადგან სრუტის ხელახლა გახსნის საუკეთესო და ყველაზე დამაჯერებელი გზა ამ კონფლიქტის დასრულებაა. დიდი ბრიტანეთის თვალსაზრისით, ჩვენ კვლავაც ვინარჩუნებთ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს. ვფიქრობთ, წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია, რომ პუტინს ამ საკითხებთან დაკავშირებით მკაფიო გზავნილი გავუგზავნოთ. მაგრამ უფრო ფართო სურათი ის არის, რომ ჩვენ უნდა ვცადოთ ამ კონფლიქტის დასრულება, არავის ინტერესებშია, რომ ეს კონფლიქტი კვირების და თვეების განმავლობაში გაგრძელდეს“, – აღნიშნა დიდი ბრიტანეთის ენერგეტიკის მდივანმა.

ინდოელი წინასწარმეტყველის, აბჰიგია ანანდის პროგნოზი 2026 წლისთვის

ინდოელი ასტროლოგისა და ვედური წინასწარმეტყველის, აბჰიგია ანანდის პროგნოზი 2026 წლის შესახებ ახალი ტალღით გავრცელდა სოციალური მედიისა და YouTube-ის არხებზე ბოლო თვეებში. მის მიხედვით, მომავალი წელი შეიძლება გახდეს მნიშვნელოვანი გარდამტეხი პერიოდი, როგორც გლობალურ, ისე რეგიონალურ დონეზე.ანანდი 2026 წელს ასტროლოგიური ნიშნების მიხედვით იმ პერიოდის მნიშვნელობას უსვამს ხაზს, რომელიც შეიძლება გამხდარიყო ოთხსაუკუნოვანი ციკლის გადამწყვეტი ეტაპი.მისი პროგნოზის თანახმად, ეს წელი კრიტიკული მოვლენების, სიფრთხილის საჭირო პერიოდებისა და გლობალური ცვლილებების წლისპირია.ვიდეოში, წინასწარმეტყველს დასახელებული აქვს ქვეყნები და თვეები, სადაც შესაძლო არასტაბილურობა უფრო მეტად გაიზრდება: მათ შორის ჩინეთი, ფილიპინები, ჩრდილოეთ კორეა და იაპონია.ხოლო ყველაზე ამაღელვებელ თვეებად — აპრილი, ივლისი და ნოემბერი დაასახელა.მისი ვარაუდით, ეს პერიოდები ასტროლოგიური გავლენებით განისაზღვრება და შეიძლება გამოიწვიოს:აპრილი — დაძაბულობის პიკი და კონფლიქტური სიტუაციების გაძლიერება;ივლისის ბოლო — სწრაფი ცვლილებები, როგორც სოციალურ, ისე ეკონომიკურ დარგში;ნოემბერი — სტრუქტურული და სტრატეგიული გადაწყვეტილებების პერიოდული ცვლილებები, რომელმაც შესაძლოა გრძელვადიანი შედეგები მოიტანოს.2026 წელი, ანანდის მიხედვით, შეიძლება გახდეს მნიშვნელოვანი პერიოდი მედიცინის განვითარებისთვის. განსაკუთრებით – დიაგნოსტიკის, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მიღწეულ პროგრესში.ასევე, მისი თქმით, არსებობს შესაძლებლობა, რომ ზოგიერთ დარგში — მათ შორის ფუნდამენტურ მეცნიერებებში — დაიწყოს მნიშვნელოვანი სიახლეები.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, სააგენტოს სპეციალისტები სოფელ კურსებში გააქტიურებული მეწყრის მონიტორინგს აგრძელებენ

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სპეციალისტები აგრძელებენ სოფელ კურსებში გააქტიურებული მეწყრის მონიტორინგს.მათივე ცნობით, დაზუსტდა მეწყრის გავრცელების კონტურები, სადაც დაფიქსირდა მეორადი გენერაციის, დაბალი დინამიკის რამდენიმე გააქტიურებული უბანი.„ამ დროისთვის მეწყრული სხეული სტაბილიზაციის ფაზაში გადადის“, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

ირაკლი კუპრაძე – ყველა ოპოზიციურ პროექტს წარმატებას ვუსურვებთ, თუმცა ჩვენ დაინტერესებული ვართ მხოლოდ იმ ერთობით, რომელიც „ლელოსთვის“ იქნება ორგანული და ბუნებრივი

რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ალიანსის მიმართ ჩვენი დამოკიდებულება ძალიან მარტივია, ყველა ოპოზიციურ პროექტს ვუსურვებთ წარმატებას, ეს არის ცალსახა პოზიცია, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.კუპრაძის თქმით, „ლელოს“ გადაწყვეტილებაა, რომ ვითარდება დამოუკიდებლად და ეს გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოს მხრიდან ერთხმადაა მიღებული.„პოზიცია ცალსახა და უცვლელია – „ლელო“ აგრძელებს დამოუკიდებელ განვითარებას, დღის ბოლოს ყველა მნიშვნელოვან პოლიტიკურ საკითხს შევაჯამებთ – ეს არის პროცესების მიმართ ჩვენი დამოკიდებულება. ყველა ოპოზიციურ პროექტს წარმატებას ვუსურვებთ, თუმცა ჩვენ დაინტერესებული ვართ მხოლოდ იმ ერთობით, რომელიც „ლელოსთვის“ იქნება ორგანული და ბუნებრივი. მათი კრიტიკა და მათთან არსებულ პრობლემებზე საუბარი ჩემს არც სურვილებში და არც ინტერესში არ შედის.მარტივი მოცემულობაა, ჩვენ ვეძებთ სხვა ბუნებრივ პარტნიორებს, რომლებიც ჩვენს სტრატეგიულ ხაზებსა და ჩვენი ამომრჩევლის ბუნებასთან თუ სურვილთან ახლოს არიან“, – აღნიშნა ირაკლი კუპრაძემ.კითხვაზე, – „რა ხაზები აქვთ ალიანსის წევრ პარტიებს, რაც თქვენთვის მიუღებელია?“ – კუპრაძემ ჟურნალისტებს უპასუხა, რომ ეს ოპოზიციური ალიანსის წევრ პარტიებს უნდა ჰკითხონ.

ბოლო სიახლეები