სამშაბათი, თებერვალი 17, 2026

პრეზიდენტი: მსოფლიოში არსებული არაპროგნოზირებადი მდგომარეობის გათვალისწინებით, როდესაც თითოეული აქტორი, საკუთარი სტრატეგიული ინტერესებით ხელმძღვანელობს, მნიშვნელოვანია ბოლომდე დავიცვათ და მოვუფრთხილდეთ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს

მსოფლიოში არსებული არაპროგნოზირებადი მდგომარეობის გათვალისწინებით, როდესაც თითოეული აქტორი, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი სტრატეგიული ინტერესებით ხელმძღვანელობს, მნიშვნელოვანია ბოლომდე დავიცვათ და მოვუფრთხილდეთ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტში ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მოხსენების წარდგენისას.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს პრაგმატული და მრავალვექტორული საგარეო პოლიტიკის არსი მშვიდობისა და დამოუკიდებლობის დაცვაა.

„ჩვენი პრაგმატული და მრავალვექტორული საგარეო პოლიტიკის არსი მშვიდობისა და დამოუკიდებლობის დაცვაა.

საქართველო სამშვიდობო პოლიტიკას ატარებს და ეს საქმით დავამტკიცეთ, რასაც არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, მთელი რეგიონის უსაფრთხოებისთვისაც ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს.

არსებული საერთაშორისო ვითარების გათვალისწინებით, ეფექტიანად მოქმედების შემთხვევაში, შეგვიძლია, რომ საქართველო საერთაშორისო პროექტების განხორციელებისთვის საკვანძო ქვეყნად ვაქციოთ. ხელი შევუწყოთ აზიის, ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის ეკონომიკურ ინტეგრაციას, განვიმტკიცოთ სამხრეთ კავკასიის რეგიონული ჰაბის სტატუსი და ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან კავშირი კიდევ უფრო ინტენსიური გავხადოთ.

ამ თვალსაზრისით, 2025 წელს მთავრობის მხრიდან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. აქვე აღვნიშნავ ჩემს ვიზიტებს სომხეთში, აზერბაიჯანსა და თურქეთში, რომლებიც მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებას და რეგიონში მშვიდობის განმტკიცებას ისახავდა მიზნად.

ცალკე აღვნიშნავ სერბეთში ჩემ მეგობრულ და საქმიან ვიზიტს. ასევე, რამდენიმე დღის წინ ჩვენ გვსტუმრობდა ხორვატიის პრეზიდენტი, რომელთანაც ასევე მეგობრული და საქმიანი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. მსგავსი ტიპის თანამშრომლობა სამომავლო ურთიერთობებისთვის ახალ პერსპექტივებს ქმნის.

ძალიან მნიშვნელოვანი გამოდგა ამერიკის შეერთებულ შტატებში – გაეროში ვიზიტი. ეს პლატფორმაც გამოვიყენეთ იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ დაგვეფიქსირებინა ჩვენი მთავარი სათქმელი – საქართველო სრულ მზადყოფნას გამოთქვამს სუვერენიტეტის პატივისცემაზე, ორმხრივ ინტერესებსა და სარგებლიანობაზე დაფუძნებული მჭიდრო ურთიერთობისთვის“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას, მნიშვნელოვანია საქართველოს ურთიერთობა ევროკავშირსა და აშშ-სთან.

„საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ჩვენი ურთიერთობა ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან.

ახალი არავისთვისაა, რომ განსაკუთრებით უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ევროპული ბიუროკრატია უხეშად ერევა ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში და ხელმძღვანელობს ორმაგი სტანდარტებით. როგორც ჩანს, ჯერ კიდევ უჭირთ შეგუება, რომ საქართველო არის სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფო. ისინი ჩვენს ქვეყანას თავიანთი გეოპოლიტიკური პროექტის ნაწილად აღიქვამენ, რომლის ფარგლებშიც საქართველომ მათ მიერ დასახული კონკრეტული მიზნები უნდა შეასრულოს. მოუწევთ მათ შეგუება, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი, სუვერენული და ღირსეული სახელმწიფო.

რაც შეეხება ამერიკის შეერთებული შტატებს, ჩვენი მხრიდან დაფიქსირებულია სრული მზადყოფნა სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენისა და ურთიერთობის სუფთა ფურცლიდან დაწყების შესახებ, რაც გამოიხატა „პარტნიორობის გზამკვლევის“ შეთავაზებაში, რომელშიც დეტალურად იქნებოდა გაწერილი ორივე ქვეყნის ინტერესები. ისიც ფაქტია, რომ ჩვენს ხედვებს შორის მრავალი მიმართულებით არსებობს თანხვედრა, შესაბამისად, ყურადღებით დავაკვირდებით, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, მით უფრო მსოფლიოში დღეს არსებული რთული და არაპროგნოზირებადი გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

აიათოლა ალი ხამენეი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტს ირანის განადგურება არ შეუძლია

ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ირანის განადგურება არ შეუძლია.„ისინი გამუდმებით ამბობენ, რომ ირანისკენ სამხედრო თვითმფრინავები გაგზავნეს. ძალიან კარგი. სამხედრო თვითმფრინავი, რა თქმა უნდა, საშიში აღჭურვილობაა, მაგრამ ამაზე უფრო საშიშია იარაღი, რომელსაც შეუძლიაამ თვითმფრინავის ზღვის ფსკერზე გაშვება“, – აღნიშნა ხამენეიმ.ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მანამდე განაცხადა, რომ ირანთან შეთანხმებას თუ ვერ მიაღწევენ, „შედეგები ძალიან მძიმე იქნება“. თავის მხრივ, ირანში აღნიშნავენ, რომ არ შეეგუებიან მუქარას და მზად არიან საპასუხო დარტყმისთვის.

ჟენევაში აშშ-ისა და ირანის წარმომადგენლებს შორის არაპირდაპირი მოლაპარაკებების მეორე რაუნდი მიმდინარეობს, მხარეები შეტყობინებებს ომანელი შუამავლების მეშვეობით ცვლიან

ჟენევაში აშშ-ისა და ირანის წარმომადგენლებს შორის არაპირდაპირი მოლაპარაკებების მეორე რაუნდი მიმდინარეობს. ინფორმაციას ამის შესახებ ირანის სახელმწიფო ტელევიზია ავრცელებს.„არაპირდაპირი მოლაპარაკებები ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის დაიწყო. მხარეები შეტყობინებებს ომანელი შუამავლების მეშვეობით ცვლიან“, – აღნიშნულია ირანული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.მედიის ცნობით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი ამჟამად ომანელ  კოლეგასთან, ბადრ ალბუსაიდისთან საუბრობს.როგორც ადგილობრივი მედია წერს, ირანის მოთხოვნაა სანქციების „სრულად მოხსნა” და ნდობის გამყარება თეირანის „მშვიდობიანი ბირთვული პროგრამის” მიმართ.

ლევან დავითაშვილი და გაზისა და ნავთობის კორპორაციის ყოფილი გენერალური დირექტორი გიორგი ჩიქოვანი სუს-ში გამოკითხვაზე იმყოფებიან

საქართველოს ყოფილი ვიცე - პრემიერი, ლევან დავითაშვილი და გაზისა და ნავთობის კორპორაციის ყოფილი გენერალური დირექტორი გიორგი ჩიქოვანი სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს.აღნიშნულთან დაკავშირებით სააგენტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კომენტარს ელოდება.

ბათუმში გოლიათი ბავშვი დაიბადა – ნიკოლოზ თაფლაძე 5,50 კილოს იწონის. ინფორმაციას ჯანმრთელობის ცენტრი “მედინა” ავრცელებს.

გამარჯობა, მე ნიკოლოზ თაფლაძე ვარ!დავიბადე ჯანმრთელობის ცენტრ „მედინაში“ - 5050 გრამი (ჰო, 5 კგ-ზე მეტი ვარ! ) და 55 სმ.ამბობენ, ნამდვილი პატარა გმირი მოვედი ამ სამყაროში.მამიკო და დედიკო უკვე უსაზღვროდ მიყვარს და პირველი დღიდან ყველას გულები მოვიგე მადლობა ექიმებს და მთელ გუნდს ასეთი თბილი მიღებისთვის.ახლა კი ჩემი დიდი თავგადასავალი იწყება-წერს კლინიკა ,,მედინა''.

მიხეილ ყაველაშვილი: ქართველებს ბევრად მეტი აქვთ საერთო, ვიდრე გასაყოფი, ამიტომ უნდა შეძლონ და გვერდით გადადონ ჭარბი ემოციები, მოძებნონ საკითხები, რომელთა გარშემოც შეძლებენ გაერთიანებას

დღეს მიმდინარე აჩქარებული გეოპოლიტიკური გარდაქმნებისა და მსოფლიოში არსებული არაპროგნოზირებადი, დაძაბული გარემოს ფონზე, საქართველო სახელმწიფოებრივი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის, რომლის ამოსავალი წერტილი სამშობლოზე ზრუნვა და დამოუკიდებლობის დაცვა უნდა გახდეს. ბუნებრივია, ამ პროცესში მთავარი როლი ჩვენმა მომავალმა თაობებმა უნდა შეასრულონ, სახელმწიფომ კი ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა ჩვენი შვილები ქართულ, ეროვნულ ღირებულებებზე დაფუძნებული მაღალი ხარისხის განათლებით უზრუნველყოს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენების წარდგენისას განაცხადა.მისივე თქმით, ქართველებს ბევრად მეტი აქვთ საერთო, ვიდრე – გასაყოფი, ამიტომ უნდა შეძლონ და გვერდით გადადონ ჭარბი ემოციები, მოძებნონ ის საკითხები, რომელთა გარშემოც შეძლებენ გაერთიანებას.„დღესდღეობით ჩვენი ამოცანაა, ხელი შევუწყოთ გლობალურ მშვიდობას, გავაძლიეროთ ჩვენი ეკონომიკა, მინიმუმამდე დავიყვანოთ ქვეყნის წინაშე არსებული უსაფრთხოების რისკები, შევინარჩუნოთ თავისუფლება, სტაბილური გარემო, უზრუნველვყოთ კეთილდღეობის ზრდა, რასაც თითოეული ჩვენი მოქალაქე საკუთარ თავზე იგრძნობს. ამის მიღწევა კი მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუკი ქართველი ხალხი ერთიანი იქნება. ჩვენ ვართ უძველესი კულტურისა და ისტორიის მქონე ერი, გამოვიარეთ მრავალი განსაცდელი, გვაქვს საერთო წარსული და ღირებულებები, ერთი ენა და ერთი ქვეყანა. ქართველებს ბევრად მეტი გვაქვს საერთო, ვიდრე – გასაყოფი. ამიტომ უნდა შევძლოთ და გვერდით გადავდოთ ჭარბი ემოციები, მოვძებნოთ ის საკითხები, რომელთა გარშემოც შევძლებთ გაერთიანებას“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.როგორ პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოს წინაშე სამომავლოდაც არაერთი სირთულე და გამოწვევა იარსებებს, ამიტომ, მუდმივი სიფხიზლე, სიფრთხილე, სიმტკიცე და ერთიანობა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესად უნდა ვაქციოთ.„ჩვენმა მრავალსაუკუნოვანმა ისტორიამ და დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ დაგროვილმა გამოცდილებამ კარგად დაგვანახა, რომ საქართველო მუდმივად „ბეწვის ხიდზე“ გადის, ხოლო თუკი საერთაშორისო დონეზე, განსაკუთრებით კი ჩვენს რეგიონში მიმდინარე მოვლენებს დავაკვირდებით, დავრწმუნდებით, რომ დიდი გამოცდის წინაშე ვდგავართ. განვითარებისა და გაძლიერებისთვის უმთავრესი წინაპირობა სწორედ მშვიდობის დაცვაა და ამაზე არა დროის კონკრეტულ მონაკვეთში, არამედ გრძელვადიან პერიოდში, მუდმივად უნდა ვიზრუნოთ. განვლილი საუკუნეები ადასტურებს, რომ ჩვენი ქვეყანა რთულ ვითარებაში ყოველთვის ისეთ დროს აღმოჩნდებოდა, როდესაც ქართველი ხალხი ჩათვლიდა, რომ საფრთხემ გადაიარა და თავს უფლებას აძლევდა, უკეთეს ხვალინდელ დღეზე ფიქრის ნაცვლად, არსებული მდგომარეობით დაკმაყოფილებულიყო. რა თქმა უნდა, ეს ნაკლი გამოსასწორებელია. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ წინაშე სამომავლოდაც არაერთი სირთულე და გამოწვევა იარსებებს, ამიტომ, მუდმივი სიფხიზლე, სიფრთხილე, სიმტკიცე და ერთიანობა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესად უნდა ვაქციოთ“, – განაცხადა ყაველაშვილმა.როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ქვეყნის მუდმივად შენებას, ინსტიტუტების განმტკიცებასა და გაძლიერებას მხოლოდ მუდამ ფხიზლად მყოფი, განათლებული და გონიერი ადამიანებისგან შემდგარი საზოგადოება ახერხებს, რომელსაც მომავალი თაობების წინაშე პასუხისმგებლობა ბოლომდე და ზუსტად აქვს გაცნობიერებული.„თავის მხრივ კი, ძლიერი, სუვერენული, მყარი ინსტიტუტების მქონე სახელმწიფოები საკუთარი მოქალაქეების კეთილდღეობაზე ყველაზე უკეთ ზრუნავენ! მრავალმხრივ განვითარებული და განათლებული, მშვიდობისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებაზე ორიენტირებული, პატრიოტი ადამიანების მიერ ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობა, წარმატებისკენ მიმავალი ყველაზე სრულყოფილი და საიმედო გზაა. დარწმუნებული ვარ, ეროვნული ინტერესების გარშემო გაერთიანებით, ურთიერთპატივისცემისა და მეტი სიყვარულის გამოჩენით, ჩვენ შევძლებთ ისეთი ქვეყნის აშენებას, რომლითაც თითოეული ქართველი იამაყებს“, – მიხეილ ყაველაშვილი.

ბოლო სიახლეები