სამშაბათი, მარტი 31, 2026

პოლიციამ სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 10 პირი მისცა

პოლიციამ „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვისა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით დააკავა და სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში 10 პირი მისცა, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, გიორგი ლილუაშვილმა განაცხადა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად თბილისსა და აჭარის რეგიონში ერთდროულად ჩატარებული კომპლექსური სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვისა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით 6 პირი დააკავეს, ხოლო 4 პირი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მისცეს.

მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებული არიან: 1964 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა.ს., 1976 წელს დაბადებული ვ.წ., 1978 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ი.ა., 1982 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ.დ., 1992 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.ჩ. და 1993 წელს დაბადებული ბ.ქ., 1982 წელს დაბადებულ, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევ და ამჟამად პატიმრობაში მყოფ მ.მ.-ს კი ბრალი პენიტენციურ დაწესებულებაში წარედგინა.

ასევე, დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართულ, საზღვარგარეთ მყოფ 2 ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდს – 1977 წელს დაბადებულ ჯეირან კინწურაშვილს – მეტსახელად „ხონსკის“ , 1963 წელს დაბადებულ თამაზ ქარცივაძეს – მეტსახელად „კუსას“ და „ქურდული სამყაროს“ წევრს – 1983 წელს დაბადებულ რ.პ.-ს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა და მათი ძებნილად გამოცხადების მიზნით, ტარდება შესაბამისი პროცედურები.

ჯეირან კინწურაშვილსა და თამაზ ქარცივაძეს ბრალი ედებათ „კანონიერ ქურდობაში“, რ.პ.-ს, ბ.ქ.-ს, ი.ჩ.-ს, ლ.დ.-ს., ი.ა.-ს და მ.მ.-ს „ქურდული სამყაროს“ წევრობაში, ვ.წ.-ს – „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის ან „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვაში, ხოლო ა.ს.-ს – „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში. დანაშაულები 3-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის თებერვალსა და მარტში, ბრალდებულების ნაწილი – „ქურდული სამყაროს“ წევრები, ვალის დაბრუნების მიზნით წარმოქმნილ დავაში, მხარეების მიმართვის საფუძველზე ჩაერთნენ. აღნიშნული დავის გადაწყვეტის მიზნით, ისინი დაუკავშირდნენ საზღვარგარეთ მყოფ ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდებს ჯეირან კინწურაშვილს – მეტსახელად „ჯეირანას“ და თამაზ ქარცივაძეს – მეტსახელად „კუსას“, რომელთა მხარდაჭერით, ბრალდებული ი.ა.-ს საცხოვრებელ ბინაში „ქურდული გარჩევა“ მოაწყეს და ერთ-ერთ მოდავე მხარეს 8 800 ევროს გადახდა დააკისრეს.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ.

გამოძიება მიმდინარეობს „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვისა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 223-ე მე-3 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით და 223-ე მე-4 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმიდან 35 წელი გავიდა

1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმიდან 35 წელი გავიდა.კითხვას: „თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე“ 1991 წლის 31 მარტს ამომრჩეველთა უმრავლესობამ დადებითი პასუხი გასცა. 3,672,403 ამომრჩევლიდან 3,295,493-მა ხმა მისცა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას.9 აპრილს უმაღლესი საბჭოს სესიაზე მიიღეს საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი. 1991 წლის 5 აპრილს გამოქვეყნდა რეფერენდუმის შემაჯამებელი შედეგები.ამასთან, დღეს ასევე არის საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღე, რომელსაც 87 წელი შეუსრულდებოდა.

ჯარიმა 500-დან 2000 ლარამდე გაიზარდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს.სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს. იმ შემთხვევაში, თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1000 ლარს აჭარბებს, საქმეს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია ენიჭება.„ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ეროვნული სატყეო სააგენტო მოსახლეობას შეახსენებს, რომ ბზის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებული სანერგეებიდან და ხელოვნურად გაშენებული პლანტაციებიდან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი ადგილწარმოშობის ცნობის საფუძველზე. „კოლხური ბზა წითელი ნუსხით დაცული სახეობაა და მისი მოპოვება სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე აკრძალულია.ეროვნული სატყეო სააგენტო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, ნუ დაარღვევენ კანონს, რადგან გასული წლების მსგავსად, თითოეულ გამოვლენილ დარღვევაზე გატარდება კანონმდებლობით განსაზღვრული მკაცრი სანქციები”, – აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, ბესიკ ამირანაშვილმა.აღსანიშნავია, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე ბზის ხმობა ბოლო რამდენიმე წელიწადია განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს. გარდა პათოგენური სოკოსა, კოლხური ბზის ბუნებრივი წარმოშობის კორომებს დიდ საფრთხეს უქმნიდა ინვაზიური მავნებელი – ბზის ალურა.ეროვნული სატყეო სააგენტო მართვას დაქვემდებარებულ ტყის ტერიტორიაზე არსებული დაზიანებული კოლხური ბზის კორომებში კომპლექსურ ღონისძიებებს 2016 წლიდან ახორციელებს, რაც, მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლის გარდა, სახეობის საკონსერვაციო ქმედებებსაც მოიცავს. მნიშვნელოვანია, რომ წლების განმავლობაში განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, მავნებლის რაოდენობა მკვეთრად შემცირებულია.

რუბიო: ნატო არის ალიანსი, ალიანსი კი ნიშნავს, რომ ის ურთიერთხელსაყრელი უნდა იყოს – ეს არ შეიძლება იყოს ცალმხრივი მოძრაობა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მომავალსა და წევრი ქვეყნების პასუხისმგებლობებზე განცხადება გააკეთა. რუბიომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატოს ფარგლებში თანამშრომლობა ორმხრივ სარგებელზე უნდა იყოს დაფუძნებული.სახელმწიფო მდივნის თქმით, ალიანსის ეფექტურობა პირდაპირ კავშირშია ყველა წევრის თანაბარ ჩართულობასთან.„საბოლოო ჯამში, ყველაფერი ძალიან მარტივია. ნატო არის ალიანსი, ალიანსი კი ნიშნავს, რომ ის ურთიერთხელსაყრელი უნდა იყოს. ეს არ შეიძლება იყოს ცალმხრივი მოძრაობა. ვიმედოვნებ, რომ ამის გამოსწორებას შევძლებთ“, - აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა.  

მიტროპოლიტი დანიელი: არ მრჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლებას ფავორიტი ჰყავს – ხელისუფლება ცდილობს დაამოწმოს, რომ არსებობს სამი საუნჯე – მამული, ენა, სარწმუნოება, ამ დეკლარირებას უკან...

მე პირადად არ მრჩება ასეთი შთაბეჭდილება. მგონია, რომ ისინიც ელოდებიან ღვთის ნებას, - ასე უპასუხა ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა "ტვ პირველის" ეთერში დასმულ კითხვას, რჩება თუ არა შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლებას ფავორიტი ჰყავს საქართველოს მომდევნო პატრიარქის არჩევნებში.მისი განცხადებით, ხელისუფლება ცდილობს მოახდინოს იმის დეკლარირება, რომ არსებობს სამი საუნჯე: მამული, ენა, სარწმუნოება, რის უკანაც სარწმუნოების მიმართ ფაქიზი დამოკიდებულება უნდა იყოს."ბოლო წლებში, ხელისუფლება ცდილობს, რომ დაამოწმოს, დეკლარირება გააკეთოს იმისადმი, რომ არსებობს სამი საუნჯე, როგორც წმინდა ილია მართალი, ჭავჭავაძე ამბობდა - მამული, ენა სარწმუნოება. ამ დეკლარირებას უკან ის უდგას, რომ რასაკვირველია, ძალიან ფაქიზი დამოკიდებულება უნდა იყოს სარწმუნოებისადმი და ამ სარწმუნოების აღმასრულებელი ინსტიტუციისადმი და მე ვფიქრობ, რომ ისინიც ასე ფიქრობენ და ასე შეეცდებიან. მოლოდინი მაქვს ამის," - განაცხადა მეუფე დანიელმა.

ქნესეთმა სიკვდილით დასჯის კანონი მიიღო

 ქნესეთმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც, ისრაელელის მკვლელობაში ბრალდებულ პალესტინელებს სიკვდილით დასჯიან. ამის შესახებ times of Israel-ი წერს.კანონს, რომელიც თითქმის 12-საათიანი დებატების შემდეგ იქნა მიღებული, მხარი 62-მა წევრმა დაუჭირა, ხოლო 48 წინააღმდეგი იყო.მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, სიკვდილით დასჯა სავალდებულო იქნება დასავლეთ სანაპიროზე მცხოვრები პალესტინელებისთვის, რომლებიც „ტერორისტულ აქტებში“ დამნაშავედ იქნებიან ცნობილი, ხოლო სავალდებულო სასჯელი ჩამოხრჩობა იქნება.„ეს სამართლიანი დღეა მსხვერპლთათვის და შეკავების დღე ჩვენი მტრებისთვის. ახლა ნათელი გადაწყვეტილებაა: ვინც ტერორიზმს ირჩევს, სიკვდილს ირჩევს“, – განაცხადა ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრმა, ბენ გვირმა.

ბოლო სიახლეები