ევროკავშირში უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის მუშაობის სტილს და მის რუსეთის მიმართ პოზიციას აკრიტიკებენ, – ამის შესახებ გამოცემა „პოლიტიკო“ წერს.
როგორც გამოცემა იუწყება, კაია კალასით უკმაყოფილება თანამდებობაზე დანიშვნისთანავე, 2024 წლის ბოლოს დაიწყო, როცა კიევში ვიზიტისას მან სოციალურ ქსელში დაწერა: „ევროკავშირს სურს, ამ ომში უკრაინამ გაიმარჯვოს“.
ზოგიერთმა ევროპელმა მაღალჩინოსანმა უკმაყოფილება გამოთქვა, რადგან კაია კალასმა, რომლის ახალ თანამდებობაზე დანიშვნიდან 24 საათიც არ იყო გასული, საკუთარ თავს მისცა უფლება, გასცდენოდა დადგენილ ჩარჩოებს.
„კაია კალასი კვლავ პრემიერ-მინისტრივით იქცევა“, – განაცხადა ერთ-ერთმა დიპლომატმა.
ამასთან, ევროკავშირის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ კაია კალასის პოზიცია არ ემთხვევა ევროკავშირის ზოგიერთი წევრის პოზიციას.
„მისი მოსმენის შემდეგ რჩება შთაბეჭდილება, რომ ჩვენ ომში ვართ რუსეთთან და ეს არ არის ევროკავშირის პოზიცია“,- აღნიშნა ანონიმურმა მაღალჩინოსანმა.
სტატიაში ასევე საუბარია აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, მარკო რუბიოსთან კაია კალასის შეხვედრის ჩაშლაზე, რომელმაც ვაშინგტონში შეხვედრა ბოლო წუთს გააუქმა.