აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ირანის პარლამენტის სპიკერს, მოჰამად ბაგერ გალიბაფის მოლაპარაკებების პროცესში შესაძლო პარტნიორად და ირანის სავარაუდო მომავალ ლიდერად განიხილავს. ინფორმაციას ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით „პოლიტიკო“ ავრცელებს.
სტატიაში აღნიშნულია, რომ აშშ-ის ადმინისტრაციაში რამდენიმე კანდიდატის „ტესტირებას“ გეგმავენ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღებული არ არის. „პოლიტიკოს“ ინფორმაციით, კანდიდატთა შორის არ არის ირანის შაჰის შვილი, რეზა ფეჰლევი.
როგორც „პოლიტიკოს“ წყაროები ამბობენ, თეთრ სახლში ირანისთვის „ვენესუელურ სცენარს“ განიხილავენ, როდესაც ხელისუფლებაში ისეთი პოლიტიკოსი მიდის, რომელსაც შიდა მხარდაჭერაც აქვს და ამავე დროს აშშ-ის მიმართ ლოიალურია.
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში არ სჯერათ, რომ ფეჰლევს ირანში რეალური ლეგიტიმაცია ექნება.
ამავე დროს, ექსპერტებს ეჭვი ეპარებათ გალიბაფის კანდიდატურისადმიც.
„გალიბაფი ამბიციური და პრაგმატულია, თუმცა ამავე დროს პრინციპულად ერთგულია ისლამური წყობის შენარჩუნების,“ – ამბობს პოლიტიკოსთან საუბარში ირანის საკითხებში საერთაშორისო კრიზისული ჯგუფის უფროსი ანალიტიკოსი, ალი ვაეზი.
მოჰამად ბაგერ გალიბაფი ირან-ერაყის ომის დროს მსახურობდა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსში. 1999 წელს დაინიშნა ირანის პოლიციის უფროსად. 2005–2017 წლებში იყო თეირანის მერი. 2020 წლიდან კი იკავებს მეჯლისის, ირანის ერთპალატიანი პარლამენტის, თავმჯდომარის თანამდებობას.
გამოცემა „იერუსალიმ პოსტი“ წერდა, რომ გალიბაფი მონაწილეობდა აშშ-თან მოლაპარაკებებში, რის შემდეგაც დონალდ ტრამპმა ირანის ელექტროსადგურებზე დაგეგმილი დარტყმები ხუთი დღით გადადო. თეირანი მოლაპარაკებების ფაქტს უარყოფს.

