ხუთშაბათი, მარტი 5, 2026

პიტერ სიიარტო – საქართველო ან უნგრეთი კი არაა იზოლირებული, იზოლირებულია ევროკავშირი, საქართველოს მთავრობას თავს ესხმიან, რადგან არის პატრიოტული, მემარჯვენე, სუვერენისტული, ეს არ მოსწონს ბრიუსელს

შესაძლო სამშვიდობო სამიტის ადგილი არის არა ბრიუსელი, არამედ ბუდაპეშტი. საქართველო ან უნგრეთი კი არაა იზოლირებული, არამედ იზოლირებულია თავად ევროკავშირი, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, უნგრეთ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან უნგრეთი და საქართველო ერთსა და იმავე ფასეულობებს წარმოადგენენ, არასდროს სურდათ ერთმანეთის შიდა საკითხებში ჩარევა.

„მე ამ პოსტზე ვარ 11 წელზე მეტია და ყოველთვის თავს მესხმოდნენ არგუმენტით, რომ ჩვენ იზოლირებული ვართ. საქმე ისაა, რომ ევროკავშირმა, ბრიუსელმა მოახდინა საკუთარი თავის იზოლაცია და არა ჩვენი. ისინი ამბობენ, რომ ჩვენ ვართ იზოლირებული, მაგრამ ეს ასე არ არის. რატომ? იმიტომ, რომ შესაძლო სამშვიდობო სამიტის ადგილი არის არა ბრიუსელი, არამედ ბუდაპეშტი. ასე რომ, ევროკავშირმა მოახდინა საკუთარი თავის იზოლაცია გლობალური წესრიგის ყველაზე დიდი და ძლიერი მოთამაშეებისგან. მათ მოახდინეს საკუთარი თავის იზოლაცია შეერთებული შტატებისგან. ვგულისხმობ, ლიბერალი პოლიტიკოსები ევროპაში ბოლო ცხრა წლის განმავლობაში ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, როგორ ელანძღათ პრეზიდენტი ტრამპი უფრო სასტიკი და ბინძური ფორმით. ეს ხდებოდა მხოლოდ ლიბერალური მედიის დასაკმაყოფილებლად და ამას არა მხოლოდ ჩვენ ვამჩნევდით, არამედ პრეზიდენტ ტრამპსაც ახსოვს. მეორე – ევროპამ მოახდინა საკუთარი თავის იზოლაცია რუსეთისგან სანქციებით, თავისი რუსოფობიური პოლიტიკით, რუსულ-უკრაინული ომის რუსეთ-ევროპის ომად განხილვით, რაც სიგიჟეა. ევროპამ მოახდინა საკუთარი თავის იზოლაცია ჩინეთისგან, ჩინეთის სისტემურ რისკად და სისტემურ მეტოქედ მიჩნევით, რაც, ბოდიში ამ სიტყვისთვის, მაგრამ სისულელეა, რადგან ჩინეთს აქვს თავისი სისტემა, ჩვენ გვაქვს ჩვენი სისტემა და რატომ უნდა ვიმეტოქეოთ, სისტემების გამო? ეს მათზე და ჩვენზეა დამოკიდებული და, მოდით, ვნახოთ, როგორ შეგვიძლია, ვითანამშრომლოთ. მაგრამ სისტემების მეტოქეობა, ეს არის ტიპური ბრიუსელის, ტელევიზია რომ არ იყოს, ვიტყოდი ნაგავი და მეოთხე – ევროკავშირმა მოახდინა საკუთარი თავის იზოლაცია მომავლის კონტინენტისგან, როგორიცაა აზია, აფრიკა. რატომ? იმიტომ, რომ ბრიუსელი ყოველთვის აყენებს ლგბტ საკითხს, როგორც წინაპირობას ნებისმიერი სახის სავაჭრო ან ეკონომიკური თანამშრომლობისთვის, ამას ერთმანეთთან საერთო არაფერი აქვს.

საქმე ისაა, რომ საქართველო ან უნგრეთი კი არაა იზოლირებული, არამედ იზოლირებულია თავად ევროკავშირი. ნამდვილად მიმაჩნია უნგრეთ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვნად, რადგან ჩვენ ერთსა და იმავე ფასეულობებს წარმოვადგენთ. ჩვენ არასდროს გვსურდა ერთმანეთის შიდა საკითხებში ჩარევა. ჩვენ ყოველთვის პატივს ვცემდით შედეგებს, ყოველთვის პატივს ვცემდით ჩვენი ერების გადაწყვეტილებებს. და ჩვენ ავაშენეთ მყარი თანამშრომლობა, რომელიც ეფუძნება ურთიერთპატივისცემას. ჩემს კომპეტენციას აღემატება იმის თქმა, რომ საქართველოში ესა თუ ის უნდა გააკეთოთ. მე ამით რომ დავკავებულიყავი, ეს ნიშნავს, არ ვკავდები უნგრეთით, მაშინ, როდესაც ხელფასს ვიღებ უნგრეთის საკითხების მოგვარებისთვის და არა საქართველოსი. ფაქტია, აზროვნების ეს წესი ახლა სრულიად უცხოა ევროპაში – ყველა ძალიან ჭკვიანია სხვის საქმეში. შეხედეთ, რა მოხდა საქართველოსა და მოლდოვის არჩევნების შემდეგ. ვგულისხმობ ადგილობრივ არჩევნებს. მომდევნო საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე, როდესაც თქვენ გქონდათ ადგილობრივი არჩევნები, ყველა აქებდა მოლდოვას ასეთი ჭკვიანური გადაწყვეტილების მიღებისთვის და ყველა ლანძღავდა საქართველოს „ქართული ოცნების“ გამარჯვების გამო. და ევროპელი საგარეო საქმეთა მინისტრები ერთმანეთს ულოცავდნენ მოლდოვის შედეგს, რაც არის ნათელი მტკიცებულება, რომ ისინი ამ არჩევნებში ჩაერივნენ“, – განაცხადა პიტერ სიიარტომ.

ამასთან, პიტერ სიიარტო ამბობს, რომ „ისინი, ვინც არიან კონსერვატორები, პატრიოტები, სუვერენისტები, ვინც ეწინააღმდეგებიან ბრიუსელის მეინსტრიმს, განიცდიან ჯოჯოხეთურ პოლიტიკურ თავდასხმას“.

„უბრალოდ, შეხედეთ თქვენს  მთავრობას. ვგულისხმობ საქართველოს მთავრობას – მასზე ბრიუსელის მხრიდან თავდასხმა არ ხდება რეალური საკითხების გამო. თქვენს მთავრობას თავს ესხმიან, რადგან ის არის კონსერვატიული, პატრიოტული, მემარჯვენე და სუვერენისტული. ბრიუსელს ეს არ მოსწონს. ამასთან, ისინი წარმატებულები არიან. და იცით, როდესაც ანტიმეინსტრიმული მთავრობა წარმატებულია, ბრიუსელს ეს არ მოსწონს. ეს არის მიზეზი, რის გამოც ჩვენც გვეხებიან“, – აღნიშნა პიტერ სიიარტომ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

რა მედიკამენტები უნდა მიიღოს ბავშვმა ვირუსის შემთხვევაში

რეალურად რა მედიკამენტები უნდა მიიღოს ბავშვმა ვირუსის შემთხვევაში, - თემაზე პედიატრი, თემურ მიქელაძე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო" საუბრობს.თემურ მიქელაძის თქმით, ერთი დაავადების მართვისას სამ მედიკამენტზე მეტი პოლიპრაგმაზიაა. 

ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთმა, შესაძლოა, ევროპულ ბაზრებზე გაზის მიწოდება ახლავე შეწყვიტოს

რუსეთმა, შესაძლოა, ევროპულ ბაზრებზე გაზის მიწოდება არა ერთ თვეში, არამედ ახლავე შეწყვიტოს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.მისი თქმით, ევროკავშირის მიერ გაზის მიწოდების სრულად შეწყვეტის განზრახვის გათვალისწინებით, რუსეთს, შეუძლია, ევროპული ბაზრიდან ადრეული გასვლა დაიწყოს და უფრო საინტერესო მყიდველებზე გადაერთოს.„ისინი გეგმავენ რუსული გაზის, მათ შორის თხევადი გაზის შესყიდვაზე შეზღუდვების დაწესებას ერთ თვეში. ხოლო ერთი წლის შემდეგ, 2027 წელს, შემდგომი შეზღუდვების დაწესებას, სრულ აკრძალვამდე. ახლა კი სხვა ბაზრები იხსნება. შესაძლოა, ჩვენთვის უფრო მომგებიანი იყოს ევროპულ ბაზარზე მიწოდება ახლავე შევწყვიტოთ. შევიდეთ იმ ბაზრებზე, რომლებიც იხსნება და იქ დავიმკვიდროთ თავი“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.ამასთან, ვლადიმერ პუტინის თქმით, ეს არა გადაწყვეტილება, არამედ „ხმამაღლა ფიქრია“.„მინდა, ნათელი იყოს, რომ პოლიტიკური მოტივი არ არსებობს. თუ ერთ ან ორ თვეში მაინც უნდა დახურონ ბაზარი, მაშინ არ სჯობს, რომ ახლავე შევწყვიტოთ მიწოდება და იმ ქვეყნებში წავიდეთ, რომლებიც სანდო პარტნიორები არიან და იქ გავმყარდეთ? მაგრამ ეს გადაწყვეტილება არ არის. ამ შემთხვევაში, როგორც ამბობენ, ეს უბრალოდ ხმამაღლა ფიქრია“, – აღნიშნა პუტინმა.ცნობისთვის, იანვარში ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც ევროკავშირში თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტის სრული აკრძალვა 2027 წლის დასაწყისიდან ამოქმედდება, ხოლო გაზის იმპორტის – 2027 წლის სექტემბრიდან.

თეიმურაზ მღებრიშვილი – დიდი დიღმის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთ სასაწყობე შენობაში დაახლოებით 2500 კვადრატული მეტრი ფართი დაიწვა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თეიმურაზ მღებრიშვილის ინფორმაციით, დიდი დიღმის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთ სასაწყობე შენობაში დაიწვა დაახლოებით 2500 კვადრატული მეტრი ფართი.მისივე თქმით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.„ამ დროისთვის შემიძლია, დაგიდასტუროთ, რომ ხანძარი ლიკვიდირებულია. დაიწვა საამქროს დაახლოებით 2500 კვადრატული მეტრი ტერიტორია. საბედნიეროდ დაშავებული არავინ არაა. მობილიზებულია 21 ავტო სპეციალური ტექნიკა. მიზეზებზე ვერაფერს მოგახსენებთ, მოგვიანებით გახდება ცნობილი“, – განაცხადა მღებრიშვილმა.

„რეგიონში ყველა სახელმწიფო აფასებს საქართველოს ხელისუფლების ქმედებებს, გარდა ჩვენი ოპონენტებისა. ისინი ვერ ხედავენ თუ არ უნდათ დაინახონ, რა მნიშვნელოვანი როლი აქვს საქართველოს რეგიონული სტაბილურობისთვის“...

"ჩვენი ადგილობრივი პანიკიორები, რომლებსაც ყველაფერზე განსაკუთრებული რეაქცია აქვთ ხოლმე, დააკვირდნენ სომხეთის მთავრობის პოლიტიკას და ნახონ, რა გამოწვევების წინაშეა სომხეთი და როგორც ცდილობს ამ გამოწვევებს უპასუხოს", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე საუბრობს.შალვა პაპუაშვილი გადაცემა "ღამის კურიერის" ეთერში საქართველოში სომხეთის დელეგაციის ვიზიტს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აფასებს."რას ნიშნავს ინტერესი, სომხეთის ხელისუფლების პოლიტიკაში ძალიან კარგად ჩანს. ეს არის უპირველეს ყოვლისა, ზუსტად იგივე ამოცანები, რაც საქართველოს აქვს. ეს არის მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა და ეს არის უსაფრთხოების უზრუნველყოფა საკუთარი მოსახლეობისთვის. ჩვენთან ცალკე არის კიდევ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, უსაფრთხოება და კეთილდღეობა. ვხედავთ დღეს სომხეთის პოლიტიკას. ჩვენი ადგილობრივი უცხო ქვეყნების დროშების მოფრიალე ხალხი რომ გვყავს, დააკვირდნენ სომხეთის პოლიტიკას, რომელიც დსთ-ს წევრიც არის და ევროკავშირთანაც ურთიერთობას აძლიერებს, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში გაწევრიანება უნდა, საომარ მოქმედებამდე რამდენიმე დღით ადრე მთავრობის წარმომადგენლები ირანში ვიზიტით იმყოფებოდნენ. ასე რომ ეს ჩვენი ადგილობრივი პანიკიორები, რომლებსაც ყველაფერზე განსაკუთრებული რეაქცია აქვთ ხოლმე, დააკვირდნენ სომხეთის მთავრობის პოლიტიკას და ნახონ, რა გამოწვევების წინაშეა სომხეთი და როგორც ცდილობს, ამ გამოწვევებს უპასუხოს.რა თქმა უნდა, ჩვენი საერთო ინტერესი არის ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობა და უსაფრთხოება. ამ საერთო ინტერესის ნაწილია მათ შორის, სატრანსპორტო დერეფანი, საქართველო მიესალმება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების შედეგად, მათ შორის სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ვაჭრობა ხდება შესაძლებელი. პირიქით, რაც უფრო სტაბილური იქნება გარემო რეგიონში, მით უფრო მიმზიდველი იქნება ტრანსპორტირებისთვის და მით უფრო ტვირთიც მოიმატებს. რეგიონში ყველა სახელმწიფო აფასებს საქართველოს ხელისუფლების ქმედებებს, გარდა ჩვენი ოპონენტებისა. ისინი ვერ ხედავენ თუ არ უნდათ რომ დაინახონ, რა მნიშვნელოვანი როლი აქვს საქართველოს რეგიონული სტაბილურობისთვის," - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

დიდ დიღომში ხანძარი ლიკვიდირებულია

თბილისში, დიდი დიღმის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთ სასაწყობე შენობაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია, -ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.„შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები და დაიწყეს ხანძრის ქრობის აქტიური სამუშაოები. პირველი მორეაგირე ჯგუფების გადმოცემით, ცეცხლი გავრცელებული იყო სასაწყობე ტერიტორიაზე. მეხანძრე-მაშველებმა დროულად მოახერხეს ხანძრის გავრცელების საფრთხის მოხსნა. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია და მიმდინარეობს ცალკეული მხრჩოლავი კერების დამუშავება.ადგილზე მუშაობდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 21 ერთეული სახანძრო-სამაშველო სპეცტექნიკა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ბოლო სიახლეები