უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო აცხადებს, რომ უნგრეთის ტერიტორიაზე „ოსჩადბანკის“ თანამშრომლების მიერ გადატანილი თანხა შესაძლოა, „უკრაინულ სამხედრო მაფიას“ ეკუთვნოდეს.
მისივე თქმით, ჩნდება კითხვები, თუ რატომ გადაჰქონდათ უკრაინელებს უნგრეთის გავლით 900 მილიონი დოლარი და 420 მილიონი ევრო ნაღდი ფული და ასევე, რაში დახარჯეს ეს ფული.
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, უკრაინულ მხარეს სავარაუდოდ არ შეუძლია ამ კითხვებზე პასუხის გაცემა.
„უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა კვლავ გაბრაზდა იმის გამო, რომ უნგრეთში უკრაინული ნაღდი ფულის ტვირთი დავაკავეთ, რომელსაც უკრაინელი დაზვერვის თანამშრომლები ესკორტირებდნენ. თუმცა, არ უნდა გავბრაზდეთ; საბოლოოდ უნდა ვუპასუხოთ მარტივ კითხვებს: რატომ გადაჰქონდათ უკრაინელებს უნგრეთის გავლით 900 მილიონი დოლარი და 420 მილიონი ევრო ნაღდი ფული? რაში დახარჯეს ეს ფული და ვის ინტერესებში შედიოდა ის? რამდენი დაიხარჯა უნგრეთში და ვის ინტერესებში? უკრაინელებს უკვე სამი დღეა, არ შეუძლიათ ამ მარტივ კითხვებზე პასუხის გაცემა, ამიტომ იზრდება ეჭვი, რომ ეს შეიძლება, უკრაინული ომის მაფიის ფული იყოს…“, – წერს სიიარტო.
ცნობისთვის, უკრაინამ უნგრეთს ბუდაპეშტში უკრაინული სახელმწიფო ბანკის შვიდი თანამშრომლის გატაცებაში დასდო ბრალი, რომელთაც ფული და ოქრო გადაჰქონდათ. „ოსჩადბანკის“ ინფორმაციით, მათი ბანკის კუთვნილ საინკასაციო მანქანებში მყოფი შვიდი პირი ბუდაპეშტში 5 მარტს დააკავეს. მათივე ცნობით, დაკავებულებს გადაჰქონდათ ვალუტა და ოქრო. უკრაინული მხარის განცხადებით, ეს ხორციელდებოდა უკრაინულ სახელმწიფო ბანკსა და ავსტრიულ ბანკს შორის შეთანხმებით. გავრცელებული ცნობით, ავტომანქანაში იყო 40 მილიონი დოლარი, 35 მილიონი ევრო და ცხრა კილოგრამი ოქრო.

