უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო აცხადებს, რომ უკრაინის ქმედებები ყოველგვარ ზღვარს სცილდება.
მისივე თქმით, კიევს ბუდაპეშტის შანტაჟი და მუქარა არ გამოუვა.
სიიარტომ ასევე აღნიშნა, რომ უნგრეთის ხელისუფლება ქვეყნის ომში ჩართვას არ დაუშვებს.
„ეს ყოველგვარ ზღვარს სცილდება. ეს უკრაინაა. ეს ისეთი „კულტურაა“, რომელიც კიევიდან მოდის. ეს არის ადამიანი, რომლითაც ბრიუსელი აღფრთოვანებულია და ქვეყანა, რომლის ევროკავშირში დაჩქარებული გაწევრიანებაც სურთ. ვერავინ დაემუქრება უნგრეთს ან მის პრემიერ-მინისტრს. ვერავინ დაგვაშანტაჟებს მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ უარს ვამბობთ უკრაინის ომის ფასის გადახდაზე და უარს ვამბობთ ენერგომატარებლების უფრო მაღალ ფასებზე უკრაინის გამო.
რამდენადაც არ უნდა დაგვემუქროს ვოლოდიმირ ზელენსკი, რამდენად მჭიდროდაც არ უნდა ითანამშრომლოს ურსულა ფონ დერ ლეიენთან და მანფრედ ვებერთან (ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი), ბრიუსელში პარტია Tisza-ს პოლიტიკურ მოკავშირესთან, ჩვენ არ დავუშვებთ, რომ მათ უნგრეთი ომში ჩაითრიონ“, – განაცხადა სიიარტომ.

