2025 წლის 4 მაისს, ამერიკელმა ქირურგებმა მსოფლიოში პირველად, წარმატებით შეასრულეს შარდის ბუშტის გადანერგვა. რთული, რვასაათიანი პროცედურა მოიცავდა დონორისგან თირკმლისა და შარდის ბუშტის აღებას და გადანერგვას პაციენტში, რომელმაც ეს ორგანოები თირკმლის დაავადებისა და კიბოს გამო დაკარგა.
„თირკმელმა დაუყოვნებლივ წარმოქმნა დიდი ოდენობით შარდი, პაციენტის თირკმლის ფუნქცია მყისიერად გაუმჯობესდა. ოპერაციის შემდეგ საჭირო აღარ იყო არანაირი დიალიზი და შარდი პირდაპირ ახალ შარდის ბუშტში ჩავიდა“, — ამბობს ლოს-ანჯელესის კალიფორნიის უნივერსიტეტის უროლოგი ნიმა ნასირი.
ოპერაციიდან ძალიან მალე, პაციენტმა უკვე ნორმალურად მოშარდვა შეძლო — რაც მას მთელი შვიდი წლის განმავლობაში არ შეეძლო.
შარდის ბუშტის გარკვეული ფორმის დარღვევა მსოფლიოში მილიონობით ადამიანს აწუხებს და ეს საოცარი მიღწევა მათი ცხოვრების შეცვლის შანსს აჩენს.
„ეს ოპერაცია ისტორიული მომენტია მედიცინაში და დიდ გავლენას მოახდენს იმ პაციენტებზე, რომელთა შარდის ბუშტიც უკვე აღარ ფუნქციონირებს. გადანერგვა სიცოცხლის გადამრჩენელი და გამახანგრძლივებელი ვარიანტია ძირითადი ორგანოების მრავალი დაავადების მქონეთათვის; ამ სიას ახლა უკვე შარდის ბუშტიც დაემატა“, — ამბობს სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის უროლოგი ინდერბირ გილი.
ამ დრომდე, მწვავედ დაზიანებული შარდის ბუშტის მქონე პაციენტებისთვის ერთადერთი გამოსავალი იყო ნაწლავის გარკვეული ნაწილისთვის დანიშნულების შეცვლა და შარდის ბუშტად გამოყენება. თუმცა, შემთხვევაა 80 პროცენტში ეს მეთოდი გართულებებს იწვევს, მათ შორის, საჭმლის მონელების პრობლემებს ან თირკმლის ფუნქციის დაკარგვა ნაწლავებსა და საშარდე ტრაქტში მიკრობიომის ძლიერ შეცვლის გამო.
თუმცა, შარდის ბუშტის გადანერგვა წარმოუდგენლად რთული აღმოჩნდა, რადგან ეს ორგანო ჩვენი მუცლის სიღრმეში სისხლძარღვთა საკმაოდ რთულ სისტემას იყენებს.
ამიტომ, სამედიცინო ჯგუფი ამ ოპერაციისთვის ოთხი წლის განმავლობაში ემზადებოდა. მათ შორის იყო რობოტის დახმარებით პრაქტიკის გავლა ჯერ კიდევ ვენტილატორზე შეერთებულ გარდაცვლილ პაციენტებზე.
ამის შემდეგ, მათ შეძლეს მათ მიერვე შექმნილი მეთოდის გამოყენებით დონორის შარდის ბუშტის და თირკმლის მიერთება 41 წლის პაციენტზე, რომელიც შვიდი წლის განმავლობაში იყო დამოკიდებული დიალიზზე. შარდის ბუშტის მიმღებს — ოთხი შვილის მამა ოსკარ ლარიანსარს რამდენიმე წლით ადრე ამოღებული ჰქონდა ორივე თირკმელი და შარდის ბუშტის დიდი ნაწილი.
კაცის შარდის ბუშტს საშუალოდ 700 მილილიტრამდე სითხის შეკავება შეუძლია, მაგრამ ის ნაწილი, რაც ლარიანსარს ჰქონდა დარჩენილი, მხოლოდ 30 მილილიტრსღა იკავებდა.
ქირურგებმა დონორის ორგანოს გადანერგვამდე შეაერთეს ზოგიერთი ვენა და არტერია, რამაც პროცედურა ოდნავ გაამარტივა.
„მიუხედავად შემთხვევის კომპლექსურობისა, ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა და ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. პაციენტი თავს კარგად გრძნობს და ამ დროისათვის, მისი კლინიკური პროგრესით კმაყოფილი ვართ“, — ამბობს გილი.
კლინიკური ცდების ფარგლებში, ქირურგები შარდის ბუშტის ტრანსპლანტატებზე კიდევ ოთხ ოპერაციას გეგმავენ. პაციენტებს ესაჭიროებათ ხანგრძლივი იმუნოსუპრესია, რათა არ მოხდეს ორგანოს უკუგდება. ამ მკურნალობას საკუთარი რისკები და გვერდითი ეფექტები ახლავს თან.
თუკი შემდეგი ოთხი პაციენტის ოპერაციაც წარმატებული აღმოჩნდა, შემდეგ დაიწყება გაცილებით დიდი ცდა.
მომზადებულია uclahealth.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.