ევრო 2025-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ტურში საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ქუთაისის „შენგელია არენაზე“ ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლა, 2:1 დაამარცხა და ტურნირის პლეიოფში გავიდა.
ამ მატჩამდე ჩვენმა კონკურენტმა შვედეთმა ჯგუფის გამარჯვებულ ნიდერლანდებთან 0:3 წააგო და საქართველოს 21-წლამდე ნაკრებს გაუჩნდა შანსი, მეორე ადგილზე გასულიყო. რამაზ სვანაძის გუნდმა თამაში აქტიურად დაიწყო და არაერთი რეალური საგოლე მომენტი შექმნა, მაგრამ საბა ხვადაგიანის, გიორგი კვერნაძის და გიგი აბუაშვილის სახიფათო დარტყმების შემდეგ ჩრდილოეთ მაკედონიის გუნდი მეკარემ გადაარჩინა.
გამოუყენებელი მომენტებისთის ჩრდილოეთ მაკედნიის ნაკრებმა, რომელმაც მეორე ტაიმი აქტიურად დაიწყო, 52-ე წუთზე დაგვსაჯა. სწრაფი კომბინაცია ფისნიკ ისაკმა დააგვირგვინა და სტუმრები დააწინაურა.
საქართველოს 21-წლამდე გუნდმა ბრძოლისუნარიანობა გამაოვლინა და ანგარიში სწრაფად გაათანაბრა. 61-ე წუთზე სტუმართა მეკარემ ლაშა ოდიშარიას დარტყმა მოიგერია, მაგრამ მალე ვასილიოს გიორდეზიანმა მიზანს მაინც მიაღწია – 1:1.
71-ე წუთზე კი ნოდარ ლომინაძის ძლიერი დარტყმის შემდეგ ბურთი მცველს მოხვდა და ჩვენი გუნდი დაწინაურდა.
სტუმრებმა გაიბრძოლეს და სახიფათო მომენტები შექმნეს. თუმცა, ჩვენმა მეკარემ, ლუკა ხარატიშვილმა გუნდი გადაარჩინა.
საქართველოს ნაკრებმა 19 ქულა დააგროვა, შვედეთს გადაასწრო (17) და მეორე ადგილზე გასვლით ევრო 2025-ის პლეიოფში თამაში გაინაღდა.