ჩეხეთის პრეზიდენტს, პეტრ პაველს არ სჯერა, რომ უკრაინა სამხედრო გზით შეძლებს დაიბრუნოს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები, თუმცა ამბობს, რომ იურიდიულად ისინი ვერ იქნება აღიარებული რუსეთის ტერიტორიებად.
პეტრ პაველმა გაიხსენა მსოფლიოში არსებული პრეცედენტები, სადაც არის ტერიტორიები, რომლებიც ოკუპირებულია სხვა სახელმწიფოს მიერ, მაგრამ ეს ოკუპაცია იურიდიულად არ არის აღიარებული.
„ეს მდგომარეობა შეიძლება გაგრძელდეს გარკვეული დროის განმავლობაში, მაგრამ ეს პრინციპის საკითხია. თუ გვსურს, შევინარჩუნოთ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი, სადაც მნიშვნელოვანია ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, მაშინ უბრალოდ ვერ შევეგუებით იმას, რომ აგრესორმა, როგორც წახალისება მიიღოს კანონიერი უფლება მის მიერ ოკუპირებულ მიწებზე“, – განაცხადა ჩეხეთის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, დასავლურ ქვეყნებს „არ აქვთ სხვა გამოსავალი“, გარდა იმის, რომ არ აღიარონ და „გამოაცხადონ ეს მიწები, მაქსიმუმ, დროებით ოკუპირებულად“.
„რამდენ ხანს გაგრძელდება ეს „დროებითობა”, აი, ამაში მდგომარეობს კითხვა“, – განაცხადა პეტრ პაველმა.
კითხვაზე, შეუძლია თუ არა აშშ-ს აღიაროს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის ტერიტორიებად, პაველმა თქვა, რომ „ძალიან რთულია, წინასწარ განვსაზღვროთ, როგორი იქნება შეერთებული შტატების მიდგომა. თქვენ უკვე ნახეთ მათგან იმდენად მოულოდნელი ნაბიჯები, რომ ამის განსაზღვრა სულ უფრო და უფრო რთული ხდება“.
ამავე დროს, პეტრ პაველს სჯერა, რომ აშშ „არ ცდილობს, დაანგრიოს წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი, რადგან იცავს ყველა ჩვენგანს, მათ შორის შეერთებულ შტატებსაც“.