ძალიან ბევრი პუნქტია ჩაწერილი „მეგობარ აქტში“, რომლის მეშვეობითაც აშშ მხარს დაგვიჭერს და გვერდით დაუდგება ქართულ სახელმწიფოს, იქნება ეს თავისუფალი ვაჭრობის განვითარების კუთხით, უსაფრთხოების თვალსაზრისით, ისევე როგორც უვიზო მიმოსვლის კუთხით, მაგრამ ეს ვერ მოხდება „ოცნების” პირობებში და სწორედ ამაზეა საუბარი დოკუმენტში, – განაცხადა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა.
პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, „მეგობარი აქტში“ გაწერილია ზუსტად, ვინ როგორ და რა ფორმით უნდა დასანქცირდეს.
„ჩვენმა ამერიკელმა კოლეგებმა ვაშინგტონიდან მოგვილოცეს გიორგობის დღესასწაული „მეგობარი აქტით“. ეს „მეგობარი” – შემთხვევითი სიტყვა არ არის, ეს არის შემოკლება, ანტონიმი იმ აქტისა, რომელიც ქვედა პალატამ მიიღო გუშინ კენჭისყრაზე აბსოლუტური უმრავლესობით და უდიდესი მხარდაჭერით, აქ იგულისხმება ქართველი ხალხის მხარდაჭერა უსაფრთხოების თვალსაზრისით, დემოკრატიის განმტკიცების კუთხით, მობილიზება ყველა იმ რესურსისა, რომელიც ხელთ გააჩნია აშშ-ს იმისათვის, რომ საქართველო იყოს წარმატებული, სწრაფად მზარდი და განვითარებადი ქვეყანა და ასევე შეერთებული შტატების პარტნიორი ამ რეგიონში.
მმართველი გუნდის, იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც საქართველოს მომავალ პერსპექტივებს ამერიკასთან მეგობრობის და პარტნიორობის შესაძლებლობებს, მის უსაფრთხოებას და რაც მთავარია დემოკრატიას ძირს უთხრიან, მათთვის სასიამოვნო ფაქტი ნამდვილად არ არის, რადგან ამ ადამიანების სანქცირებაზეა საუბარი და გაწერილია ზუსტად, ვინ როგორ და რა ფორმით უნდა დასანქცირდეს, მაგრამ ასევე „მეგობარი აქტი“ იმიტომ არის „მეგობარი აქტი“, რომ ძალიან კარგად და პოზიტიურად არის განწყობილი საქართველოს და ქართველი ხალხის მიმართ. ძალიან ბევრი პუნქტია ჩაწერილი ამ აქტში, რომლის მეშვეობითაც მხარს დაგვიჭერს აშშ და გვერდი დაუდგება ქართულ სახელმწიფოს თუ საქართველო ამ არჩევანს გააკეთებს, ხოლო ივანიშვილის პირობებში შეუძლებელია, რომ საქართველო იყოს დასავლური სამყაროს ნაწილი, აშშ-ის პარტნიორი ქვეყანა, რადგან ამ ადამიანებს სხვა პრიორიტეტები და სხვა საგარეო კურსი აქვთ არჩეული. აქედან გამომდინარე, „მეგობარი აქტი“ არის ქართველი ხალხის კეთილდღეობის, თავისუფალი ვაჭრობის განვითარების კუთხით, უსაფრთხოების თვალსაზრისით, ისევე როგორც უვიზო მიმოსვლის კუთხით, მაგრამ ეს ვერ მოხდება “ოცნების” პირობებში და სწორედ ამაზეა საუბარი დოკუმენტში“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.