საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
ფიშერი რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან მივიდა. მისი თქმით, მემორიალთან თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მხარდასაჭერად მივიდა.
„ეს დღე საქართველოსთვის თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ნიშნავს. ის, რაც აქ 1989 წლის 9 აპრილს მოხდა, ბერლინის კედლის დანგრევამდე ნახევარი წლით ადრე იყო. ეს აკავშირებს საქართველოსა და გერმანიას და ყველას მსოფლიოში. დღეს თუ მსოფლიოს შევხედავთ, დავინახავთ, რომ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დაცვა მნიშვნელოვნად და სასიცოცხოდ აუცილებლად რჩება.
მე აქ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მხარდასაჭერად მოვედი, ასევე, პატივისცემა რომ გამოვხატო დაღუპულების მიმართ“, – განაცხადა ფიშერმა.
პეტერ ფიშერს მედიის წარმომადგენლებმა კითხვა დაუსვეს გერმანიის საგარეო საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე საქართველოს შესახებ არსებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. კერძოდ, გერმანიის საგარეო უწყება საქართველოსთან დაკავშირებით რატომ არ ცვლის მონაცემებს, რომლის მიხედვითაც, სალომე ზურაბიშვილი ისევ პრეზიდენტადაა მოხსენიებული. როგორც ფიშერმა ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს მემორიალთან მხოლოდ დაღუპულთა ხსოვნის პატივის მისაგებად მივიდა და სხვა თემებთან დაკავშირებულ კითხვებს არ უპასუხებდა.

