ქართული მედია, მათ შორის სანქცირებულებიც, გამუდმებით მთხოვენ, განვმარტო ჩემი განცხადება ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტსა და ყულევის პორტთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩი პიტერ ფიშერი სოციალურ ქსელში წერს.
„ჩემი პასუხი არის – ჩემი აქამდე გაკეთებული განცხადებები დეზინფორმაციაზე. შეჯამება: მე ვადასტურებ ჩემს განცხადებას, რომ ყულევი შეტანილი იყო ევროკავშირის წინადადებაში და წარმოდგენილი იყო მტკიცებულებების პაკეტი“, – წერს პიტერ ფიშერი.
გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტზე საუბრისას 24 თებერვალს განაცხადა: „მინდა, აღვნიშნო, რომ უნგრეთი არის თქვენი საუკეთესო მეგობარი ევროკავშირში, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ აირჩია თავის მოკავშირედ. როგორც ამბობენ, ის უნდა დაგეხმაროთ ევროკავშირში გაწევრიანებაში. კიდევ ერთხელ დაფიქრდით, ეს არ მოხდება. ჩვენ ვისაუბრეთ სანქციებზე, სასანქციო პაკეტში ყულევის პორტიც იყო. ეს იყო საკანონმდებლო წინადადება ევროკავშირში. ის ასევე დაიბლოკა უნგრეთის და სლოვაკეთის მიერ“.
ცნობისთვის, ევროკავშირმა საქართველოში მდებარე ყულევის ნავთობის ტერმინალი რუსეთის წინააღმდეგ სანქციათა მე-20 პაკეტიდან ამოიღო. შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, დევიდ ო’სალივანმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს წერილით აცნობა.

