ეს ტერორისტული აქტია, რომელიც მოლაპარაკებების ჩაშლისკენ არის მიმართული, – ასე ეხმაურება კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, კიევმა ვლადიმერ პუტინის სახელმწიფო რეზიდენციაზე თავდასხმა უპილოტო საფრენი აპარატით სცადა.
პესკოვის თქმით, ეს ქმედება არა მხოლოდ ვლადიმერ პუტინის, არამედ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგაც იყო მიმართული.
„ეს მართლაც ტერორისტული აქტია, რომელიც მოლაპარაკებების ჩაშლისკენ არის მიმართული. მინდა, გავიხსენო ზელენსკის საშობაო მიმართვა, რაც მან პუტინის და ასევე, ტრამპის წინააღმდეგ თქვა. ეს უკრაინაში კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების ხელშეწყობას, პრეზიდენტ ტრამპის მცდელობებისთვის ძირის გამოთხრას ისახავს მიზნად“, – აცხადებს კრემლის პრესსპიკერი და აღნიშნავს, რომ „ტერორიზმის აქტი“ დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის ნდობის დონეს ვერ შეამცირებს.
ამასთან, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, კიევის რეჟიმის ქმედებების დიპლომატიური შედეგები რუსეთის ფედერაციის მხრიდან მოლაპარაკებებში უფრო მკაცრი პოზიციის ჩამოყალიბება იქნება.
„ბუნებრივია, პოზიციას საჯაროდ არ გამოვაცხადებთ. რუსეთი არ ტოვებს მოლაპარაკებების პროცესს და რა თქმა უნდა, გააგრძელებს მოლაპარაკებებსა და დიალოგს, პირველ რიგში ამერიკელებთან. რაც შეეხება პრეზიდენტის ადგილსამყოფელს, ამჟამინდელ პირობებში, ეს საკითხი საჯარო განხილვის საგანი არ არის“, – აღნიშნა პესკოვმა.
ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებით, 28-29 დეკემბერს კიევმა ვლადიმერ პუტინის სახელმწიფო რეზიდენციაზე თავდასხმა 91 უპილოტო საფრენი აპარატით სცადა. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაზე სავარაუდო თავდასხმის შესახებ ვლადიმერ პუტინისგან შეიტყო – „ეს კარგი არ არის, სულ სხვა რამაა მის სახლზე თავდასხმა“.
ამასთან, ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) განცხადებით, მტკიცებულება, რომ უკრაინამ ვლადიმერ პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმა განახორციელა, არ არსებობს.

