პატარა ათონი – ასე უწოდებენ ძამას ხეობას და ამის მიზეზი იქ არსებული მონასტრების სიმრავლეა. ძამას ხეობაში 60-ზე მეტი მამათა და 31 დედათა მონასტერია აგებული. თითოეული მათგანი თავისებურად შთამბეჭდავი, გამორჩეული და უნიკალურია. მათ შორის, კლდეში აგებული ტაძარი, საუკუნეების წინ მიუდგომელ მთაზე აშენებული სამლოცველო და ასე შემდეგ.
ძამას ხეობა ეკლესია-მონასტრების სიმრავლის გარდა, ადგილმდებარეობითაც გამორჩეულია. ხეობაში გადიოდა დიდი საქარავნე გზა, რომელიც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი საკვანძო ადგილიც იყო.
ხეობა, რომელმაც ბევრი საუკუნის განმავლობაში გადაიტანა როგორც შენებისა და განვითარების პერიოდები, ასევე დიდი ბრძოლებიც. განსაკუთრებულად ძლიერი, ძამას ხეობა, თამარის მეფობის დროს იყო.
სწორედ თამარის პერიოდის სიმბოლოა სანებლის მამათა მონასტრის ეზოში მდგომი ათსაუკუნოვანი მუხაც.
ხეობის მეორედ დაბადება მოხდა 16-ე საუკუნეში, როდესაც აქაურობის შენებასა და განვითარებას ზაზა ფანასკერტელმა მოჰკიდა ხელი.
მამა თეოდოსი, რომელსაც მონასტერში მისი მამაც გაჰყვა და სქემმონაზვნად ეკურთხა, მონასტრისა და ტაძრის აღდგენას ედგა სათავეში. წლების წინ აქ მხოლოდ ტაძრის პატარა ნაწილი და გაუვალი ბუჩქები იყო.
კოშკი, რომელშიც ფანასკერტელის კარაბადინი დაიწერა, დღემდე დგას ორთუბანში. სწორედ მის გარშემოა აშენებული ორთუბნის ღვთისმშობლის მანდილის სახელობის დედათა მონასტერი, რომელსაც სათავეში იღუმენია მარიამი უდგას. მონასტრის ისტორიასა და სიწმინდეებზე სქემმონაზონი დედა მერიემი გვესაუბრა, რომელიც აქ მთავარი მეტრაპეზე და მესტუმრე გახლავთ.
კიევის პეჩორის ლავრადან შემოწირული ღვთისმშობლის ხატი ამ მონასტრის ერთ-ერთი სიწმინდეა. სწორედ ამ ხატის გვერდით, კედელზე, პატარა ნიშაა, რომელშიც მომლოცველები წერილებს ტოვებენ.
ეზოშია დაკრძალული დედა მერიემის ოჯახის წევრი, რომელიც მონასტრის ყველაზე ასაკოვანი სქემ-მონაზონი გახლდათ.
აქ ყველაფერი იღუმენია მარიამის ხელთაა გაკეთებული. უამრავი სირთულის გადალახვაში კი მას მზოვრეთის მამათა მონსტრის წინამძღვარი, მამა იოანე დაეხმარა. მზოვრეთი – ეს გახლავთ რამდენიმე ტაძრისგან შემდგარი სამონასტრო კომპლექსი, რომელიც თავდაპირველად დიდი ციხე-სიმაგრე იყო.
მზოვრეთის ციხე 2008 წელს მეუფე იობმა ასურელ მამათა სახელობის მონასტრად აკურთხა.
დღეს ამ ადგილს უამრავი სტუმარი და მომლოცველი ჰყავს. ამის გამო ბერებს გარკვეული შეზღუდვების შემოღებაც მოუწიათ. დიდი მარხვის გარდა მონასტერი დამთვალიერებლებისთვის გარკვეულ დროებშიც იხურება.
რა თქმა უნდა, ტურისტების სიხშირე და სიმრავლე ცოტა ართულებს სასულიერო ცხოვრების მიმდინარეობას. ამის მიუხედავად ბერებს სტუმრიანობა არასდროს გაუპროტესტებიათ. აკაკი ლომიტაშვილი ერთ-ერთი პირველია ვინც ძამას ხეობა ფართო საზოგადოებას გააცნო. ხეობის მაცხოვრებლების დიდი ნაწილიც ამ სფეროში ჩაერთო.
ძამაში ლაშქრობისთვის იდეალური დრო უკვე დადგა. ასე რომ ყველას, ვისაც აქაურობა ჯერ არ გინახავთ, ხეობა გელოდებათ.