ხუთშაბათი, მაისი 15, 2025

პარტიული რესურსი თავიდან ბოლომდე იქნება მობილიზებული, რომ მივაღწიოთ კონკრეტულ შედეგს, 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგებთ, როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს – ირაკლი კობახიძე

დარწმუნებული ვართ, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგებთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით, ამ შედეგისთვის პარტიული რესურსი თავიდან ბოლომდე იქნება მობილიზებული.

„ვემზადებით, 4.5 თვეა დარჩენილი არჩევნებამდე. პირველ რიგში, ჩვენ ვმუშაობთ იმისათვის, რომ წარვადგინოთ მერობის კანდიდატები 64-ვე მუნიციპალიტეტში, ასევე საკრებულოს წევრობის კანდიდატები. სამზადისი უკვე დაწყებულია, ძალიან მალე გამოიკვეთება სიები ამ მიმართულებით. გარდა ამისა, ჩვენი პარტიული რესურსი თავიდან ბოლომდე იქნება მობილიზებული იმისათვის, რომ მივაღწიოთ კონკრეტულ შედეგს და ეს კონკრეტული შედეგი არის ერთადერთი – 64 მერი, 64 საკრებულო. ეს არის ჩვენი უპირობო  ამოცანა. დარწმუნებული ვარ, მათ შორის, საერთო კონტექსტის გათვალისწინებით, რომ ამ წარმატებას აუცილებლად მივაღწევთ. ჩვენ გვაქვს ასევე პარტიული რეიტინგები, რომელიც არის გაზრდილი, წარმოიდგინეთ, საპარლამენტო არჩევნების შედეგებთან შედარებითაც კი. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვართ, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგებთ, როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

გურამ მაჭარაშვილი: კუბილიუსმა, უკრაინაში მშვიდობა ნიშნავს იმას, რომ რუსეთი 2030 წელს ახალი ომისთვის მოემზადებაო – მეტი როგორ თქვას, რომ უკრაინაში ომი აწყობთ?

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ ისაუბრა და კიდევ ერთხელ განმარტა, თუ რატომ სურდა „დიფ სთეითს“ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა.გურამ მაჭარაშვილის თქმით, ევროკავშირის ბიუროკრატიას უკრაინაში მშვიდობა არ აწყობს, ხოლო საქართველო ამ კონფლიქტის გაგრძელების დამზღვევად წარმოედგინა.„უკრაინას მშვიდობას და განვითარებას ადრეც ვუსურვებდით და ახლაც ასეა, თუმცა მაგალითები არსებობს იმის, რომ დიდი ქვეყნები ყოველთვის თავისი ინტერესებიდან გამომდინარე მიიღებენ გადაწყვეტილებას. ხომ ნახეთ რა თქვა სულ ორი დღის წინ თავდაცვის საკითხებში ევროკომისარმა ანდრიუს კუბილიუსმა, რომელიც იგივე „დიფ სთეითის“ წარმომადგენელია - უკრაინაში მშვიდობა არ გვაწყობს, უკრაინაში მშვიდობა ნიშნავს იმას, რომ რუსეთი 2030 წელს ახალი ომისთვის მოემზადებაო. მეტი როგორ თქვას, რომ უკრაინაში ომი აწყობთ? კუბილიუსი ხომ თავად არ წყვეტს ამ ყველაფერს, ამას წყვეტს ბიუროკრატია და „დიფ სთეითის“ წარმომადგენლობა ევროკავშირში. სწორედ ამიტომ უნდოდათ საქართველოშიც მეორე ფრონტის გახსნა, რომ უკრაინაში თუ მშვიდობა დაისადგურებდა, საქართველოში ყოფილიყო , ხოლო, თუ ორივეგან იქნება, ეს საუკეთესო ვარიანტია მათთვის“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

ლევან ხაბეიშვილი – ვთანხმდებით, რომ ჩასატარებელია ალტერნატიული არჩევნები, რომელსაც ჩაატარებს ხალხი, რა ფორმით იქნება, როგორ დარეგისტრირდებიან აპლიკაციაში, ამაზე მსჯელობა მიმდინარეობს

ჩვენს ხალხს აქვს იმის ლეგიტიმაცია, რომ ჩაატაროს ლეგიტიმური არჩევნები, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პაატა ბურჭულაძის მიერ ორგანიზებული ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ განუცხადა.მისი თქმით, არსებული ხელისუფლება და ადმინისტრაცია არჩევნებს ვერ ჩაატარებს და ჩასატარებელია ალტერნატიული არჩევნები, რომელსაც ჩაატარებს ხალხი.„მესამე შეხვედრაა და კარგია, რომ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ერთვება ამ იდეის გარშემო, რომელსაც ჰქვია საქართველო ივანიშვილის გარეშე. ასევე, საინფორმაციო კამპანია როგორი უნდა იყოს, როგორ საქართველოში უნდა გაიღვიძოს ხალხმა ივანიშვილის გარეშე და მნიშვნელოვანი საკითხია, თქვენც გესმით ალბათ, რომ თავსლაფდასხმული, შავლაქა, შავსაღებავშესხმული, დასანქცირებული კალანდარიშვილი საქართველოში არჩევნებს ვერ ჩაატარებს. რა არჩევნები უნდა ჩაატაროს კაცმა, რომელიც დასანქცირებულია თავისი ადმინისტრაციით? თავსლაფდასხმული ივანიშვილი დასანქცირებული კობახიძით რანაირ არჩევნებს ჩაატარებს? ამას არ ჰქვია არჩევნები, ისინი არჩევნობანას, პოლიტიკოსობანას თამაშობენ, ამიტომ აქ ყველა თანხმდება იმაზე, რომ ივანიშვილის პირობებში არჩევნები არ იქნება ამ ქვეყანაში, არც დემოკრატია იქნება და არც პოლიტიკა იქნება, ვიდრე ივანიშვილი იქნება ხელისუფლებაში. ამიტომ ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ჩასატარებელია ალტერნატიული არჩევნები, რომელსაც ჩაატარებს ხალხი. რა ფორმით იქნება, როგორ იქნება, რანაირად იქნება, ვინ მიიღებს მონაწილეობას, როგორ დარეგისტრირდებიან აპლიკაციაში, იქნება თუ არა ეს პირდაპირ საარჩევნო უბნებზე მისვლით, ეს დროის საკითხია, სამსჯელო საკითხია, მსჯელობა გახსნილია და მიმდინარეობს ამ საკითხებზე – საქართველო ივანიშვილის გარეშე, როგორ საქართველოში უნდა გაიღვიძონ საქართველოს მოქალაქეებმა, როგორ საქართველოში სურს საქართველოს მოქალაქეს. მესამე და მნიშვნელოვანი, ე.წ. არჩევნები თავსლაფდასხმულმა, შავად ლაქად გაჟონილმა ივანიშვილმა და კალანდარიშვილმა ვერ უნდა ჩაატარონ. ამ საკითხებზე ამ ეტაპისთვის რაღაც გარკვეული შეთანხმებები არსებობს, თუმცა მსჯელობა გახსნილია და მიმდინარეობს“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.მისივე თქმით, აპლიკაციასთან დაკავშირებით მუშაობა დაწყებულია.„დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან სწრაფ ტემპებში ესეც იქნება. არის ტექნიკური საკითხები, რომლებზეც მსჯელობა მიმდინარეობს და ესეც ისეთი მოგვარებადია. მთავარია, ყველას გვესმოდეს, რომ დედაქალაქში, რეგიონებში, ქალაქებში ჩასასვლელები ვიქნებით ყველა, სამოქალაქო საზოგადოება, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, ბატონი პაატა ბურჭულაძე ხომ, რომელიც აპირებს საქართველოს შემოვლას და ამ ინფორმაციების პირადად მიტანას ადამიანებთან, რომ თავსლაფდასხმული, შავლაქიანი, დასანქცირებული კალანდარიშვილი არჩევნებს ვერ და არ ჩაატარებს ანუ ჩვენ არ ვაპირებთ, შესაძლებლობა მივცეთ დასანქცირებულ ადამიანებს, რომლებსაც არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვთ. ლეგიტიმურობა თუ ნიშნავს, რომ ზარქუა და ალუდა ღუდუშაური აღიარებთ, ეს მათი საქმეა, ცივილიზებული სამყარო არ აღიარებს არც აქამდე ჩატარებულ არჩევნებს და, ცხადია, ახლა დასანქცირებულმა კაცმა რა არჩევნები უნდა ჩაატაროს, გინდა კობახიძე იქნება, კალანდარიშვილი თუ ივანიშვილი. ე.წ. არჩევნები რომ ვერ უნდა ჩატარდეს ამაზე მიმდინარეობს დისკუსია“, – აღნიშნა ხაბეიშვილმა. 

რონალდინიო თბილისშია – ლეგენდების მატჩისთვის მზადება

„ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელი რონალდინიო თბილისშია, – ინფორმაციას საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი და დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ავრცელებს.ვეტერანთა ამხანაგური მატჩის წინ სასტუმრო „მერიოტში“ პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც ჟურნალისტების კითხვებს „ბარსელონას“ ყოფილი ფეხბურთელები იარი ლიტმანენი და ხავიერ სავიოლა, ასევე საქართველოს ნაკრების ლეგენდები – კახა კალაძე და შოთა არველაძე პასუხობდნენ.პრესკონფერენციის დროს ცნობილი გახდა, რომ რონალდინიო თბილისში მოგვიანებით ჩამოფრინდებოდა და 16 მაისს დაგეგმილ მატჩში მონაწილეობას მიიღებდა.„ბარსელონას“ ლეგენდები და საქართველოს ნაკრების ვეტერანები ერთმანეთს „დინამო არენაზე“ დაუპირისპირდებიან. შეხვედრა ხვალ, 19:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ ეთერში საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი – ჩვენი მსოფლიო იცვლება, ძველი წესრიგი იშლება, ჩვენს გეოგრაფიაში ყალიბდება სრულიად ახალი განტოლება, რომლის ცენტრში არის თურქეთი

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთი სწრაფად აღწევს იმ პოზიციას, რასაც იმსახურებს ახალ ეპოქაში.„დიახ, თურქეთის ჰორიზონტი ფართოვდება. თურქეთის ვარსკვლავი სულ უფრო კაშკაშებს. თურქეთი დიპლომატიის, ეკონომიკის, ვაჭრობის, ტურიზმისა და სხვა სფეროების ახალ ლიგაში ასპარეზობს“, – განაცხადა ერდოღანმა.როგორც რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აღნიშნა, იბადება ახალი გეოპოლიტიკური წესრიგი, რომლის ცენტრალურ ადგილს თურქეთი იკავებს.„ჩვენი მსოფლიო იცვლება, ძველი წესრიგი იშლება, ჩვენს გეოგრაფიაში ყალიბდება სრულიად ახალი განტოლება, რომლის ცენტრში არის თურქეთი“, – აღნიშნა ერდოღანმა.ერდოღანმა ასევე ისაუბრა „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ განიარაღებასა და დაშლაზე, რასაც მრავალწლიანი ძალადობის დასრულებისა და რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებისკენ გადადგმული ნაბიჯი უწოდა. თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ქვეყნის სპეცსამსახურები ყურადღებით დააკვირდებიან დაჯგუფების განიარაღების პროცესს.ამასთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, გუშინ ტელეფონით ოთხმხრივი საუბარი ჰქონდა დონალდ ტრამპთან, საუდის არაბეთის პრინცთან, მუჰამედ ბინ სალმანთან და სირიის პრეზიდენტთან, აჰმედ ალ-შარაასთან. ასევე, ბოლო დღეებში ტელეფონით კომუნიკაცია ჰქონდა ვლადიმერ პუტინთან, ემანუელ მაკრონთან და ჯორჯია მელონისთან. ხვალ კი თურქეთის პრეზიდენტი ალბანეთში გაემგზავრება, სადაც ევროპული პოლიტიკური საზოგადოების სამიტში მიიღებს მონაწილეობას.

პაატა ბურჭულაძე აცხადებს, რომ ტელეფონებით არჩევნები სავარაუდოდ სექტემბერში ჩატარდება

პაატა ბურჭულაძე აცხადებს, რომ ტელეფონებით არჩევნები სავარაუდოდ სექტემბერში ჩატარდება. შესაბამისი განცხადება ბურჭულაძემ ამ თემასთან დაკავშირებით გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.როგორც ბურჭულაძემ აღნიშნა, ესტონეთში არსებობს ტელეფონებით არჩევნების ჩატარების პრაქტიკა.„უკვე, ასე თუ ისე, ისახება გეგმები, რისი გაკეთებაც გვინდა. გვინდა, შედგეს აუცილებლად ნამდვილი არჩევნები და არა ის ცრუ არჩევნები, რომლებიც ტარდებოდა აქამდე. ჩვენ გვაქვს ბევრი ვარიანტი, რომ ჩვენ თვითონ ჩავატაროთ ეს არჩევნები. არ შეიძლება ასე გაგრძელება, ჩვენს თანამებრძოლებს უკვე ნელ-ნელა ციხეც ემუქრებათ, რადგან ცრუ კომისიაა, ცრუ დადგენილებას იღებს და ცრუ მოსამართლეებმა უნდა ჩასვან ციხეში. ამის დაშვება არ შეიძლება. ამიტომ, ჩვენ ვქმნით ერთ დიდ ალტერნატივას, რასაც ჰქვია საქართველოს ხალხი, საქართველოს დღევანდელი ე.წ. პარლამენტის წინააღმდეგ. ვნახოთ, ვინ გაიმარჯვებს, ე.წ. პარლამენტი თუ საქართველოს ხალხი.მიდის მსჯელობაც, როგორ უნდა ჩავატაროთ არჩევნები. ასეთი დევიზი იქნება, რომ არ ჩაგატარებინებთ ცრუ არჩევნებს. ჩვენ ვართ ხალხი, ჩვენია ეს ქვეყანა და ჩვენ უნდა ჩავატაროთ ყველაფერი, რაც ამ ქვეყანას დადებითად სჭირდება. სამართლებრივად ძალიან კარგად წარმომიდგენია. ჩვენ გვყავს ნამდვილად არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის სახით. ჩვენ გვყავს ის მთავრობა, ჯერ კიდევ უზენაესი საბჭო, რომელიც არავის არ გაუუქმებია. ეს არის ზვიად გამსახურდიას მთავრობა, რომელმაც მოიყარა თავი და ისიც გვერდით გვიდგას. რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, არავინ არ ჰყავს, თვითონ დაინიშნა თავისი თავი“, – განაცხადა ბურჭულაძემ.რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას, ტელეფონით ჩატარდება თუ არა არჩევნები, ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ ესტონეთში ამის პრაქტიკა არსებობს და საქართველოშიც გადმოღებას აპირებენ.„შეიძლება, ვინმეს გაეცინოს, რომ ტელეფონებით, თუმცა ესტონეთში უკვე ამის კარგი პრაქტიკაა და ჩვენ გადმოღებას ვაპირებთ. ტელეფონი არ გაჟონავს, როგორც ჟონავს „ქართული ოცნების“ ქაღალდი და ტელეფონებით ვაპირებთ ამის გაკეთებას. გვაქვს ვარაუდი, რომ არჩევნები ამ სექტემბერში ჩატარდება. რუსთაველის გამზირის ხალხიც არის აქ და ჩვენ აქედან გავდივართ. ისინი მზად არიან, რომ გავიდეთ რეგიონებში და ყველა მოვიყვანოთ ამ აზრებთან ახლოს.გახარიები არ იყვნენ დღეს, მაგრამ გახარიასთან მე მქონდა პირადი შეხვედრა და ბატონმა გიორგიმ ბრძანა, რომ თქვენ თუ ჩაატარებთ ამ არჩევნებს, აუცილებლად თქვენთან ერთად მივიღებ მონაწილეობასო. ჩვენ აქ მესამედ შევიკრიბეთ. სალომე ზურაბიშვილი ამის წინააღმდეგ რატომ უნდა წავიდეს? მასაც უნდა საქართველოში იყოს სამართალი. ჩვენ თვითონ ჩავატაროთ ის, რასაც ვენდობი და ამ არჩევნებში თუ „ოცნება“ გაიმარჯვებს, კაი ბატონო. მაშინ ჩვენ შევალთ პარლამენტში კი არა, ყველაფერს ვიზამთ, მაგრამ ეჭვი ძალიან მეპარება“, – აღნიშნა ბურჭულაძემ.ჟურნალისტის კითხვაზე, საარჩევნო ბიულეტენში პარტიების ჩამონათვალი როგორი იქნება, ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ ეს პარტიების გადასაწყვეტია.„შორს წახვედით, პარტიები როგორ შეიკრიბებიან, როგორი კოალიცია იქნება, ეს მათი გადასაწყვეტია. დღეს ჩვენ არ ვთხოვთ პარტიებს, რომ გაერთიანდნენ ერთ დიდ პარტიად, ჩვენ ვთხოვთ გაერთიანდნენ ჩვენი იდეის გარშემო, რასაც ჰქვია ეს შეხვედრები“, – განაცხადა ბურჭულაძემ.ცნობისთვის, პაატა ბურჭულაძის მიერ ორგანიზებულ ოპოზიციის შეხვედრას ესწრებოდნენ, მათ შორის თაკო ჩარკვიანი, ლევან ხაბეიშვილი, ზურაბ ჯაფარიძე, გიორგი ვაშაძე, გია ბუღაძე, კობა ხაბაზი, პაატა მანჯგალაძე.

ბოლო სიახლეები