პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელზე, ქვეყნის კონსტიტუციაზე, ევროკავშირთან ურთიერთობაზე, შიდა და გარე გამოწვევებზე ისაუბრა საქართველოს პრეზიდენტმა “დოიჩე ველესთვის” მიცემულ ინტერვიუში.
მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, “ქართული ოცნების” მიერ მიღებული კონსტიტუცია უზრუნველყოფს ყველა მოქალაქის, მათ შორის უმცირესობების სამოქალაქო უფლებებს:
“ქართული ოცნების” მიერ მიღებული კონსტიტუცია ნათლად აყალიბებს ჩვენს უფლებებსა და ღირებულებებს. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი კონსტიტუციით. ის მკაფიოდ უზრუნველყოფს ყველა მოქალაქის, მათ შორის უმცირესობების, სამოქალაქო უფლებებს. ნებისმიერი ფორმით დისკრიმინაცია მიუღებელია. ქართველები საკუთარ თავს ევროპის ნაწილად მიიჩნევენ. სწორედ ამიტომ ისწრაფვის საქართველო ევროკავშირის წევრობისკენ. ჩვენ მკაფიოდ უნდა განვასხვავოთ ევროპელი ბიუროკრატები და ძირითადი ევროპული ღირებულებები, რომლებიც ქრისტიანულ პრინციპებსა და ტრადიციულ ღირებულებებშია დაფუძნებული. მმართველი პარტია ქორწინებად მხოლოდ მამაკაცსა და ქალს შორის კავშირად აღიარებს. ჩვენი პოლიტიკა ეფუძნება ტრადიციული ღირებულებების დაცვას და იმის უზრუნველყოფას, რომ ახალგაზრდა თაობა დაცული იყოს ლგბტ თემთან დაკავშირებული პროპაგანდის გავლენისგან.
– მოდით, გამოხატვის თავისუფლებაზე ვისაუბროთ. საქართველოში რას ნიშნავს ეს, როდესაც სამი ძირითადი ოპოზიციური პარტია აკრძალვის პირასაა? პარლამენტმა უკვე მიიღო ეს გადაწყვეტილება და ახლა საქმე სასამართლოს გადასაწყვეტია.
– წინა მთავრობის მიერ ჩადენილი დანაშაულების უამრავი მტკიცებულება არსებობს. ჩვენ ვალდებულნი ვიყავით გამოგვევლინა ეს დანაშაულებრივი მტკიცებულებები, დაგვედგენინა დანაშაულების სრული მასშტაბები ყველა სამართლებრივი სტანდარტის შესაბამისად და უზრუნველყოფილი ყოფილიყო, რომ დამნაშავეები მართლმსაჯულების წინაშე წარდგნენ.
ევროკავშირში გაწევრიანების მხარდამჭერი 80%-დან, ბევრი ახლა პარლამენტის წინ დგას, დღე და ღამე, სიცივეშიც კი და პროტესტს გამოთქვამს.
ეს ადამიანები, ძირითადად ახალგაზრდები, გარე გავლენის ქვეშ არიან და მოტყუებულები არიან. ჩვენ ფაქტებს ვეყრდნობით. ყველაფერი, რაც გითხარით, ფაქტებს ეფუძნება. ამ პროტესტის უკან დგას ძალა, რომელსაც არ აქვს ინტერესი “ქართული ოცნების” მთავრობასა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის მჭიდრო ურთიერთობების არსებობის.

