„ალტერნატივა გერმანიისთვის“ ფრაქციის წევრები გერმანიის მთავრობას საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერასთან დაკავშირებით კითხვებით მიმართავენ. ინფორმაციას ამის შესახებ ბუნდესტაგის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ფრაქციას სურს, გაარკვიოს საქართველოში მოქმედი რომელი არასამთავრობო ორგანიზაციები იღებდნენ პირდაპირ ან ირიბ მხარდაჭერას გერმანიის ფედერალური მთავრობისგან 2020 წლიდან. ამასთან, ფრაქციის წევრებს, სურთ, იცოდნენ, რა მიზნით და რა ამოცანებისთვის ხორციელდებოდა ეს მხარდაჭერა, რა თანხები დაიხარჯა და კონკრეტულად რა პროექტები განხორციელდა.
პარტიის წევრები ასევე ინტერესდებიან, რომელი არასამთავრობოები იყვნენ დაახლოებული მთავრობასთან და რომელი – ოპოზიციასთან, რა დონეზე მონაწილეობს გერმანიის საელჩო და გერმანიის ელჩი ამ თანამშრომლობაში.
„გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) GmbH-ს სხვადასხვა ქვეყანაში გარკვეული პროექტების განხორციელება დაავალა. მაგალითად, საქართველოში GIZ ძირითადად გერმანიის სამინისტროებისა და ევროკავშირის სახელით მოქმედებს. ამის ფარგლებში ხდება სხვადასხვა პროექტის მხარდაჭერა. გერმანულ-ქართული პროექტების ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა პროექტი სახელწოდებით „კარგი მმართველობა“ . ჩვენ ვეკითხებით ფედერალურ მთავრობას:
1. საქართველოში მოქმედი რომელი არასამთავრობო ორგანიზაციები ამჟამად იღებენ პირდაპირ ან ირიბ მხარდაჭერას ფედერალური მთავრობისგან GIZ-ის პროექტების ფარგლებში ან სხვა გზით?
2. საქართველოში მოქმედი რომელი არასამთავრობო ორგანიზაციები იღებდნენ 2020-დან 2024 წლამდე პირდაპირ ან ირიბ მხარდაჭერას ფედერალური მთავრობისგან GIZ-ის პროექტების ფარგლებში ან სხვა გზით?
3. რა მიზნითა და რა ამოცანებით ხდებოდა ან ხდება აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერა?
4. რა მოცულობით ხდებოდა ან ხდება მხარდაჭერა?
5. ამჟამად რომელი კონკრეტული პროექტები ხორციელდება ფედერალური მთავრობის მხარდაჭერით საქართველოში, კერძოდ, GIZ-ის „კარგი მმართველობის“ პროექტის ფარგლებში?
6. ჩართულია თუ არა გერმანიის საელჩო ან ელჩი GIZ-ის ან სხვა მსგავსი მხარდაჭერის ფორმატების თანამშრომლობაში საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, და თუ კი, რა გზით?
7. გერმანიის ფედერალური მთავრობის მიერ პირდაპირ ან ირიბად მხარდაჭერილი რომელი არასამთავრობო ორგანიზაციები,გერმანიის მთავრობის ცნობით, არიან დაახლოებული საქართველოს ოპოზიციასთან?
8. გერმანიის ფედერალური მთავრობის მიერ პირდაპირ ან ირიბად მხარდაჭერილი რომელი არასამთავრობო ორგანიზაციები,გერმანიის მთავრობის ცნობით, არიან დაახლოებული საქართველოს მთავრობასთან?
9. 2020-დან 2025 წლამდე პერიოდში ფედერალური მთავრობის მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების ფარგლებში, მიიღო ან იღებს თუ არა გარკვეული მედიასაშუალებები რამე სახის დაფინანსებას თუ კი, რა მოცულობით?“ – აღნიშნულია პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ საპარლამენტო ფრაქციის მიმართვაში.
ცნობისთვის, პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ საქართველოში გერმანიის ელჩთან, პეტერ ფიშერთან დაკავშირებით გერმანიის ფედერალურ მთავრობას კითხვებით მიმართა. ამასთან, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პეტერ ფიშერი კონსულტაციებისთვის გაიწვია. როგორც გერმანიის საგაერო უწყებაში განაცხადეს, უნდა განისაზღვროს, როგორ გაგრძელდება მუშაობა.