პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნულის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, გიორგი შარაშიძემ პარტიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„სამწუხაროდ, დღეს, როცა ორი რადიკალური მხარისგან განსხვავებული აზრის მიუღებლობამ ზიზღისა და ურთიერთ დაპირისპირების საშიშ ზღვართან მიგვიყვანა და მთელი ქვეყანა სიძულვილის სპირალშია გახვეული, ყველაზე მეტად გვმართებს გონიერი, ზომიერი და თანმიმდევრული პოლიტიკის დაბრუნება ყველა დონეზე! პარლამენტის და საკრებულოების ტრიბუნის არ გამოყენება, განსაკუთრებით ამ რთულ პერიოდში არა მხოლოდ შეცდომა, არამედ დანაშაულია ქვეყნისა და ხალხის წინაშე. საქართველოს პარლამენტში საქართველოს მოქალაქეების ხმა და განსხვავებული აზრი უნდა ისმოდეს! დროა, ტყუილს სიმართლით, ზიზღისა და სიძულვილის ენას გონიერი, მშვიდი, ზომიერი და თანმიმდევრული ნაბიჯებით ვუპასუხოთ“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
შეგახსენებთ, პარლამენტმა 2 სექტემბერს ცნო გახარიასა და მისი 11 თანაგუნდელის ადგილმონაცვლეების, გელა აბულაძის, ჯემალ ანანიძის, ქეთევან ბაკარაძის, რუსუდან თევზაძის, მალხაზ თორიას, შალვა კერესელიძის, სალომე კობალაძის, გიგა ფარულავას, ვიკა ფილფანის, გიორგი შარაშიძის, თამარ ხვედელიანის და სოფიო ხორგუანის სადეპუტატო უფლებამოსილება.
პარტიას „გახარია საქართველოსთვის“ საპარლამენტო სია არ ჩაუხსნია. სწორედ ამის საფუძველზე განიხილა პარლამენტმა გამოკლებული წევრების ადგილმონაცვლეების უფლებამოსილების ცნობის საკითხი.
მანამდე კი, 2 ივლისის პლენარულ სხდომაზე გიორგი გახარიას და მისი პარტიის 11 წევრს, თეონა აქუბარდიას, ანა ბუჩუკურს, ლევან გოგიჩაიშვილს, ზაზა თავაძეს, ბექა ლილუაშვილს, ნათია მეზვრიშვილს, ბერდია სიჭინავას, კახაბერ ქემოკლიძეს, როინ ქოჩორაშვილს, დიმიტრი ცქიტიშვილს და ზვიად ძიძიგურს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტეს.
„ქართულმა ოცნებამ“ გახარიას პარტიის წევრებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლად საქართველოს პარლამენტის სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენა დაასახელა.