პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ და „ლელო – ძლიერმა საქართველომ“ თბილისის მერობის საერთო კანდიდატად ირაკლი კუპრაძე წარადგინეს.
„ლელო – ძლიერი საქართველოს“ გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის თბილისის მერობის კანდიდატად წარდგენა რიყის პარკში გაიმართა. კუპრაძე კანდიდატად ალეკო ელისაშვილმა წარადგინა.
„ერთობლივი ბრძოლით გავახაროთ ყველა, ვისაც ჩვენი იმედი აქვს. მთელი გულით მინდა, ვიდრე შემიძლია, ვიდრე ჯანი მაქვს, ჩემს საქართველოს დავუმტკიცო, რომ მისთვის რაღაც გავაკეთე. რომ მოვა მიქელ-გაბრიელი, მასთანაც, ჩემს სამშობლოსთანაც, მშობლებთან, წინაპრებთან, ჩემს შვილებთან ვიყო მართალი. არანაირ ბრძოლას ჩემთვის ფასი არ აქვს, სადაც ხალხის დარდი, გასაჭირი, პრობლემები არ ისმის. ისე გავერთეთ ეს ერთი წელია, არავის საყვედურს არ ვეუბნები, ამ პოლიტიკურ ბრძოლაში, რომ ხალხი დაგვავიწყდა საერთოდ. ამ არჩევნებზე, ამ ბრძოლაში განსაკუთრებით უნდა დავაბრუნოთ ხალხის ხმა. არანაირ ბრძოლას ფასი არ აქვს, თუ წინ ყოჩი არ მიგიძღვის, თან ისეთი ფალავანი არ არის, ვისი იმედიც გაქვს. სწორედ ასეთი კანდიდატია ირაკლი კუპრაძე, „გახარია საქართველოსთვის“ და „ლელო-ძლიერი საქართველოს“ თბილისის მერობის ერთობლივი კანდიდატი“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
„ერთად დავიბრუნოთ ჩვენი ქალაქები, სოფლები“ – ეს არის ორი პოლიტიკური პარტიის საერთო ლოზუნგი 4 ოქტომბრის არჩევნებზე.
შეკრებილებს სიტყვით მიმართეს თაზო დათუნაშვილმა, ანა ბუჩუკურმა, ტატა ხვედელიანმა, ალეკო ელისაშვილმა.
შეგახსენებთ, პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ და „ლელო – ძლიერმა საქართველომ“ 4 ოქტომბრის არჩევნებზე თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გასულ თვეში გააფორმეს.