ორშაბათი, ივნისი 30, 2025

პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ დროებით საგამოძიებო კომისიას წერილით მიმართა

პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას წერილით მიმართა.

წერილში აღნიშნულია, რომ კომისიამ კიდევ ერთხელ განიხილოს გიორგი გახარიას სხდომაზე დისტანციურად ჩართვის საკითხი.

„ქალბატონო თეა, როგორც გიორგი გახარიას წარმომადგენელი და მინდობილი პირი „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიასთან“ ურთიერთობის საკითხში, გიორგი გახარიასთან კომუნიკაციის შემდეგ, გიორგი გახარიას სახელით კიდევ ერთხელ გიდასტურებთ მის მზაობას, თქვენ მიერ მოთხოვნილ დროს – 2025 წლის 02 ივლისს,11:30 სთ-ზე, თქვენი კომისიისთვის ახსნა-განმარტების მიცემასთან დაკავშირებით.

როგორც თქვენთვის კარგად ცნობილია, გიორგი გახარია არ იმყოფება საქართველოში, არის საზღვარგარეთ, რამდენიმე კვირის წინ დაგეგმილ შეხვედრებზე. მისი დატვირთული, უკვე დაგეგმილი გრაფიკისა და კომისიის შეზღუდული დროის გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ გამოვხატავთ მზაობას და გთავაზობთ დისტანციურ ჩართვას თქვენი კომისიის მიერ მოთხოვნილ დროს – 2025 წლის 02 ივლისს, 11:30 სთ-ზე, რის შესაძლებლობასაც იძლევა თქვენი კომისიის დებულების მე-6 მუხლის მე-9 პუნქტი.

აღნიშნული შემოთავაზება გიორგი გახარიას კომისიაზე პირველი გამოძახებისას, თქვენი კომისიისგან ერთხელ უკვე მივიღეთ.

აქვე გვსურს დავაფიქსიროთ, რომ 2025 წლის 23 ივნისის სხდომაზე თქვენი კომისიის წევრების მხრიდან გიორგი გახარიას დისტანციური საშუალებით გამოკითხვის შეთავაზების საკითხის განხილვას, მოჰყვა ისეთი სახის შეფასებები, რაც ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციითა და პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ასევე თქვენივე კომისიის დებულებას. ზემოხსენებული არცერთი სამართლებრივი აქტი არ აკეთებს თქვენს საგამოძიებო კომისიაზე გამოსაკითხი პირების სტატუსებს შორის რაიმე სახის დიფერენცირებას, არ არსებობენ დაზარალებულის, მოწმის ან ბრალდებულის სტატუსის მქონე გამოსაკითხი პირები საგამოძიებო კომისიაზე, შესაბამისად არ არსებობს გამოსაკითხი პირებისთვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევის განსხვავებული პროცედურული თავისებურებები უფლებრივ ჭრილში.

23 ივნისის სხდომაზე, ვერ მოვისმინეთ ვერცერთი იურიდიული ან/და ლოგიკური არგუმენტი, კონკრეტულად რით შეეშლება ხელი თქვენს კომისიას დისტანციური გამოკითხვისას, თუ იგი რეალურად დაინტერესებულია ჩორჩანასა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით გიორგი გახარიას ახსნა-განმარტებების ვერბალურად მოსმენით.

მიუღებლად მივიჩნევთ იმ ფაქტს, რომ თქვენი კომისიის ერთ-ერთმა წევრმა დროებითი საგამოძიებო კომისიის შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე წინასწარ დააფიქსირა პოზიცია გამოსაკითხი პირის – გიორგი გახარიას, როგორც პასუხისმგებელი/დამნაშავე პირის მიმართ კრიტიკული გამოკითხვის მეთოდის გამოყენების აუცილებლობაზე, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით და საპროცესო კანონმდებლობით დაცულ უდანაშაულობის პრეზუმფციას, რის თანახმადაც ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით.

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 63-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „დროებითი საგამოძიებო კომისიის თანამდებობის პირები მათი კომპეტენციისთვის მიკუთვნილ უფლებამოსილებას ახორციელებენ სამართლიანად და მიუკერძოებლად.“

საქართველოს პარლამენტის წევრის, შესაბამისად თქვენი საგამოძიებო კომისიის წევრის მხრიდან კონსტიტუციის შესაძლო დარღვევის ფაქტი აუცილებლად მხედველობაში უნდა მიიღოს თქვენმა კომისიამ გიორგი გახარიას სხდომაზე დისტანციური მეთოდით გამოკითხვის საკითხის გადაწყვეტისას, იმ ფონზე, როდესაც გიორგი გახარიას დისკრედიტაციის მიზნით მიმდინარე ფართომასშტაბიანი სახელისუფლებო კამპანიის ფარგლებში უმაღლესი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან ჟღერდება დაუსაბუთებელი ბრალდებები და აშკარად და უხეშად ირღვევა პირის უდანაშაულობის პრეზუმფცია.

ხაზგასასმელია ის გარემოებაც, რომ თქვენი საგამოძიებო კომისიის მიმდინარე სხდომებზე დისტანციური მეთოდით, საჯაროდ ახსნა-განმარტება ჩამოერთვა არაერთ პირს: გიორგი ბურჯანაძეს, მიხეილ ქარელს, გოჩა კაკოიშვილს, ნონა ყაულაშვილს, დავით ბაქრაძეს და სხვებს.

შესაბამისად, გიორგი გახარიასთვის დისტანციური საშუალებით გამოკითხვაზე უარის თქმა წარმოადგენს დისკრიმინაციულ მიდგომას, რაც საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმების, ჩვენი საპროცესო კანონმდებლობის, მათ შორის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის აშკარა და უხეში დარღვევაა, მითუფრო, როდესაც თქვენივე საგამოძიებო კომისიის დებულების მე-9 მუხლის მე-6 პუნქტი გამოსაკითხი პირის საზღვარგარეთ ყოფნას მიიჩნევს მისი დისტანციური მეთოდით გამოკითხვის აუცილებელ წინაპირობად, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა. ამასთან, 23 ივნისის სხდომაზე, თქვენთვის კარგად იყო ცნობილი გიორგი გახარიას საზღვარგარეთ წინასწარ დაგეგმილი რამდენიმე კვირიანი ვიზიტით ყოფნის შესახებ ინფორმაცია, რაც გამორიცხავდა 2 ივლისის სხდომაზე მისი ფიზიკური მონაწილეობის შესაძლებლობას.

თქვენი და თქვენი კომისიის წევრების მხრიდან საჯაროდ, თქვენი კომისიის ფორმატსა თუ სხვადასხვა მედიასაშუალებებიდან გაჟღერებული მიკერძოებული განცხადებები და ბრალდებები, დისტანციურ გამოკითხვაზე უარი და ამ საკითხთან მიმართებით დისკრიმინაციული მიდგომა, გიორგი გახარიასთვის ცხადყოფს, რომ თქვენი კომისია შესაძლოა ბოროტად იყენებდეს თავის „მანდატს“ მისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით, რადგან, მისი შეფასებით, როგორც ჩანს, თქვენი რეალური მიზანი არ არის ჩორჩანას საკითხთან დაკავშირებით პასუხების მოსმენა, რადგან თქვენი მხრიდან უარგუმენტოდ იბლოკება გიორგი გახარიას მზაობა, კომისიის მიერ მოთხოვნილ დროს – 2025 წლის 02 ივლისს, 11:30 სთ-ზე, დისტანციურად ჩაერთოს კომისიას ახსნა-განმარტების მისაცემად.

ამიტომ, გთხოვთ, კიდევ ერთხელ განიხილოთ აღნიშნული საკითხი და გონივრულ ვადაში გვაცნობოთ დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ განსაზღვრულ დროს გიორგი გახარია რა ტექნიკური საშუალების, ელექტრონული კომუნიკაციის რომელი პროგრამით ჩაერთოს თქვენი საგამოძიებო კომისიის სხდომაში“, – ნათქვამია წერილში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„ფაინენშალ თაიმსი“ – პუტინი ცდილობს უკრაინის ქალაქ ოდესის ხელში ჩაგდებას, რათა უკრაინას მთავარ პორტზე წვდომა ჩამოართვას

პუტინი ცდილობს უკრაინის ქალაქ ოდესის ხელში ჩაგდებას, რათა უკრაინას მთავარ პორტზე წვდომა ჩამოართვას, – ამის შესახებ „ფაინენშალ თაიმსი“ წერს.როგორც გამოცემა აღნიშნავს, ბევრ ევროპელ პოლიტიკოსს არ სჯერა, რომ რუსეთი მზადაა, დათანხმდეს უკრაინის წინააღმდეგ ცეცხლის შეწყვეტას. მაღალი რანგის ოფიციალურ პირის თქმით, პუტინი მიიჩნევს, რომ ოდესა „ისტორიულად რუსული ქალაქია“.ოფიციალურმა პირმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პუტინისთვის ამ ქალაქის ხელში ჩაგდება უკრაინის წინააღმდეგ ომის მთავარი მიზანია. გამოცემამ აღნიშნა, რომ ჰააგაში ნატო-ს სამიტის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა ის არის, რომ მოკავშირეები შეთანხმდნენ თავდაცვის ხარჯების გაზრდაზე, რაც ამცირებს დაძაბულობას ევროპასა და შეერთებულ შტატებს შორის.გარდა ამისა, გამოცემამ აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრამ კარგად ჩაიარა, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა დიპლომატიურად უკეთეს მდგომარეობაშია, გამოცემის აზრით, ომში მისი მდგომარეობა, როგორც ჩანს, უარესდება.როგორც გამოცემა წერს, ნატო-ს ზოგიერთი ლიდერი შიშობს, რომ ფრონტზე ვითარება შემოდგომაზე, შეიძლება, სერიოზულად გაუარესდეს. ამასთან, გამოცემამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ როგორც რუსეთის, ისე უკრაინის შეიარაღებული ძალები რესურსების ამოწურვის ზღვარს უახლოვდებიან, თუმცა, რუსეთი, სავარაუდოდ, კიდევ ერთი წლის განმავლობაში შეძლებს ოპერაციების ამჟამინდელი დონის შენარჩუნებას, ხოლო უკრაინამ, შესაძლოა, ექვსი თვის განმავლობაში მიაღწიოს თავისი შესაძლებლობების ზღვარს, თუ მნიშვნელოვან სამხედრო მხარდაჭერას არ მიიღებს.გარდა ამისა, გამოცემაში აღნიშნულია, რომ უკრაინას პრობლემები აქვს ჯარისკაცების რაოდენობასთან დაკავშირებითაც.

ანა ბუჩუკური-ნაცების და ოცნების მპოსტავები ერთნაირად აჟიტირებულები ელოდებიან გახარიას ციხეში ხილვას, მე მათ ვეტყვი- ვერ ეღირსებით!

შიმშილობა ოპოზიციის წინააღმდეგ, რბილად რომ ვთქვა, არის გაუგებარი, უფრო უხეშ სიტყვას არ გამოვიყენებ, რადგან ადამიანი შიმშილობს, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით განაცხადა.ბუჩუკურის თქმით, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ იღებს არჩევნებში მონაწილეობას და ვერანაირი შანტაჟი ამ გადაწყვეტილებაზე ზეგავლენას ვერ მოახდენს.„ელენე ხოშტარიას ვუსურვებ ჯანმრთელობას და გამძლეობას, ეს მძიმე გადაწყვეტილებაა ადამიანისთვის ფიზიკურად და მოვუწოდებ, შეწყვიტოს შიმშილობა. შიმშილობა ოპოზიციის წინააღმდეგ, რბილად რომ ვთქვა, არის გაუგებარი, მე უფრო უხეშ სიტყვას არ გამოვიყენებ, რადგან ადამიანი შიმშილობს. შიმშილობა, რათა ოპოზიცია აიძულოს რაღაც ქმედებისკენ ან ქმედებისგან თავის შეკავება აიძულოს, არათუ ასუსტებს რეჟიმს, არამედ რეჟიმს ეხმარება. ამიტომ ვამბობ, რომ ეს არის გაუგებარი აქტი, მით უფრო იმ პარტიების წინააღმდეგ შიმშილობა, რომელთა ლიდერების ნაწილი საპატიმროშია, ან, მაგალითად, გახარიას შემთხვევაში, 15-20-წლიანი პატიმრობა ემუქრება. ჩვენი გუნდის პოზიცია პირველი დღიდან არის, რომ ჩვენი პარტია იღებს არჩევნებში მონაწილეობას, ვერავის მხრიდან ვერანაირი შანტაჟი ჩვენს გადაწყვეტილებაზე ზეგავლენას ვერ მოახდენს“, – აღნიშნა ანა ბუჩუკურმა.შეგახსენებთ, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომ შიმშილობას შეწყვეტს, თუ ოპოზიცია შეთანხმდება და უარს იტყვის არჩევნებში მონაწილეობაზე.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმი გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმი - „მთის მდგრადი განვითარების სწავლება - მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის ინოვაციური მიდგომები აკადემიურ სივრცეში“, გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.მისივე ცნობით, ფორუმს, რომელიც „საქართველო - I2Q - ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF)“ დაფინანსებული პროექტის - „საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის „მთიანი ტერიტორიების მდგრადი განვითარება“ შექმნა მთის უნივერსიტეტთან (მილანის უნივერსიტეტის კვლევითი ცენტრი) თანამშრომლობით", ფარგლებში გაიმართა, ესწრებოდნენ: მილანის უნივერსიტეტის პროფესორები: ანა გიორგი, სტეფანო კორსი, მატეო ვიზზარი, სილვანა მატელიო. ასევე, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ბესიკ კუსიდი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მთიანირეგიონების პრობლემების კვლევის მუდმივმოქმედი კომისიის წევრი, აკადემიკოსი კობა არაბული და კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) ადმინისტრირების ერთეულის ხელმძღვანელი ანა გომელაური.ფორუმი, რომლის თემატიკაა მდგრადი განვითარების მიზნები, განათლება და გლობალური მიზნების ოქროს სტანდარტი (GOLD STANDARD FOR THE GLOBAL GOALS), მთის პარტნიორობა (MOUNTAIN PARTNERSHIP, FAO) მხარდაჭერით ჩატარდა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა გახსნა.„მესამე ათასწლეულის გამოწვევების ფონზე, როცა გლობალური კლიმატის ცვლილებები და ბუნებრივი რესურსების ამოწურვა ჩვენგან ახალ ხედვებსა და ინოვაციურ მიდგომებს მოითხოვს, გამორჩეულად მნიშვნელოვანია ისეთი სამეცნიერო პლატფორმების შექმნა და მხარდაჭერა, როგორიცაა დღევანდელი ფორუმი – „მთის მდგრადი განვითარების სწავლება – მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის ინოვაციური მიდგომები აკადემიურ სივრცეში“. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის ამ ფორუმის ჩატარება სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე მოვლენაა. იგი ხაზს უსვამს ჩვენს უნივერსიტეტში, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ხელმძღვანელობითა და მხარდაჭერით, მიმდინარე იმ ღრმა პროცესებს, რომლებიც მიზნად ისახავენ საგანმანათლებლო და კვლევითი კომპონენტების გლობალურ განვითარების დღის წესრიგთან ინტეგრაციას. განსაკუთრებით უნდა აღვნიშნო მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის წვლილი ფორუმის ორგანიზებასა და კონცეფციის ჩამოყალიბებაში. სწორედ ეს ფაკულტეტი ქმნის სივრცეს, სადაც მეცნიერება, განათლება და პრაქტიკა პასუხობს ქვეყნისა და მთიანი რეგიონების განვითარების საჭიროებებს. ფორუმი წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს პლატფორმას მეცნიერებისთვის, სტუდენტებისთვის რათა იმსჯელონ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მდგრადი რესურსების მართვა, ეკოსისტემების დაცვა, კლიმატური ადაპტაცია და განათლების როლი ამ პროცესებში. მადლობას მოვახსენებ თითოეულ მონაწილეს, ორგანიზატორსა და მხარდამჭერს – თქვენი წვლილი გადამწყვეტია ჩვენი საერთო მიზნების მიღწევაში“, - განაცხადა თამარ წერეთელმა.უნივერსიტეტის ინფორმაციით, ფორუმი რამდენიმე სექციად ჩატარდა და მასზე წარდგენილი იყო 40-ზე მეტი ნაშრომი.

აჭარის მთავრობის სოფლის მეურნეობის მინისტრად დენის სალუქვაძე დაინიშნა

დღეს აჭარის მთავრობის სხდომა გაიმართა. სხდომაზე აჭარის მთავრობის  თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა აჭარის მთავრობის განახლებული შემადგენლობა წარადგინა.სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტზე დაინიშნა დენის სალუქვაძე, ხოლო ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პოსტზე - ედნარ ნატარიძე. სულხან თამაზაშვილმა ახალ მინისტრებს წარმატებები უსურვა და ჯაბა ფუტკარაძეს და ზაზა შავაძეს გაწეული საქმიანობისათვის მადლობა გადაუხადა.მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ აჭარის მთავრობის მიზანია რეგიონში განხორციელებული პროექტები და პროგრამები მაქსიმალურად იყოს მორგებული მოქალაქეების საჭიროებებზე.აჭარა ტურისტულ სეზონს სიახლეებით ხვდება. საზეიმოდ გაიხსნა საზღვაო ტურისტული სეზონი ბათუმში. დაპირებისამებრ, ტურისტული სეზონის დაწყებამდე, დასრულდა რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციის პირველი ფაზა და აღნიშნულ მონაკვეთზე სატრანსპორტო მოძრაობა სრულად აღდგენილია.ქობულეთში სეზონის ოფიციალურ გახსნამდე დასრულდება ფიჭვნარის ბულვარის მოწყობის პირველი ეტაპი. ასევე, ქობულეთში დასკვნით ეტაპზეა ე.წ. „ეკო სანაპიროს“ რეაბილიტაციის პროექტი.ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება მაღალმთიან აჭარაშიც. შუახევის მუნიციპალიტეტში, ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე გრძელი, ორზოლიანი ზიპლაინი აშენდა. ზიპლაინის ფუნქციონირებაზე  საერთაშორისო იტალიური კომპანია იქნება პასუხისმგებელი. კომპანიის წარმომადგენლები უკვე საქართველოში არიან.დაბა ხულოში დაიწყო სპორტული სკოლის და სტადიონის მშენებლობა. ასევე, აქტიურად მიმდინარეობს მრავალფუნქციური საზოგადოებრივი სკვერის რეაბილიტაცია. ქვემო ვაშლოვანში დასრულდა ახალი სკოლის და საცხოვრებელი კამპუსის მშენებლობა. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს შენობის კეთილმოწყობა. აქტიურად ვითარდება  საგზაო ინფრასტრუქტურა მაღალმთიან აჭარაში, დასკვნით ეტაპზეა ხულო-ზარზმის მონაკვეთის რეკონსტრუქცია. რეგიონში მიმდინარეობს მასშტაბური სამედიცინო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება.  ბათუმის N1 პოლიკლინიკისა და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისთვის ახალი შენობა შენდება. ასევე, ფართოვდება ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო, რისთვისაც დამატებით ოთხ სართულიანი შენობის მშენებლობა მიმდინარეობს.

ამონარიდი პატრიარქის 1988 წლის სააღდგომო ეპისტოლედან

წმიდა მოციქული პავლე გვარიგებს: მთელი ქონება რომ გლახაკთა დაურიგო, ხორცი შენი რომ ცეცხლს მისცე გვემად, ადამიანთა და ანგელოზთა ყველა ენა რომ შეისწავლო, წინასწარმეტყველის ნიჭითაც რომ იყო დაჯილდოებული და ქვეყნის ყველა საიდუმლოს ფარდა ჰქონდეს შენთვის ახდილი, რომ გქონდეს ყოველგვარი ცოდნა და რწმენა, მთების გადაადგილებაც რომ შეგეძლოს და სიყვარული კი არ გქონდეს, მაინც უხმარი სპილენძი იქნები, არარაობა იქნები შენ (1 კორ. 13, 2-3), რადგან არ იქნება შენში მთავარი მხსნელი ძალა - სიყვარული, რომელიც არის მომცველი ყოველთა მცნებათა და აღსრულება მათი.სიყვარული არ ეძიებს თავისას, რადგან თავისუფალია თავის მოყვარების ეგოისტური გრძნობისაგან. „სიყუარული სულგრძელ არს და ტკბილ; სიყუარულსა არა შურნ, სიყუარული არა მაღლოინ, არა განლაღნის, არა სარცხჳნელ იქმნის... არა განრისხნის, არად შეჰრაცხის ბოროტი, არა უხარინ სიცრუესა ზედა, არამედ უხარინ ჭეშმარიტებასა ზედა; ყოველსა თავს-იდებნ, ყოველი ჰრწამნ, ყოველსა ესავნ, ყოველსა მოითმენნ“ (1 კორ. 13, 4-7).ღმერთი, მოყვასი და მე - აი, ის ღვთაებრივი სამკუთხედი, რომელიც სიყვარულით უნდა იყოს შეერთებული. თუ ამ სამთაგან თუნდაც ერთი რგოლი დაირღვა, დაირღვევა თვით სიყვარული; დამდაბლდება იგი, ავხორცობად გადაიქცევა და ბოლოს განქარდება კიდეც.ის, ვისი ცხოვრებაც ღვთის რწმენასა და სიყვარულზეა დაფუძნებული, აუცილებლადიქნება ღვთის მოშიში, პატივს მიაგებს მშობლებს, შეიყვარებს მოყვასს, არ მოიპარავს, არ ხელყოფს სხვის სიცოცხლეს, არ დასწამებს ცილს ადამიანს, თავისუფალი იქნება შურისგან, იცხოვრებს ეკლესიურად და უსურვებს ყველას მას, რაც საკუთარი თავისთვის უნდა, რადგან ჭეშმარიტი სიყვარული მოიცავს ქრისტიანის ცხოვრების ყველა მხარეს, განსაზღვრავს და საფუძვლად ედება ურთიერთობას პიროვნებასა და შემოქმედს შორის, ადამიანთა შორის.სიყვარული ღვთისა და კაცისა, სიყვარული ადამიანთა შორის გამოვლენილი - აი მთავარი თემა სახარებისა.სიყვარულისა და მოწყალების შესანიშნავ მაგალითებს ვხვდებით წმიდა მამათა ცხოვრებაშიც. აი ერთი მათგანი:იყო ვინმე სერაპიონი, წარმოშობით ეგვიპტელი. გამოირჩეოდა იგი ქვეყნიურ კეთილდღეობათა მიმართ გულგრილობით, ამიტომაც შეარქვეს მშვიდი, აუღელვებელი. წერა-კითხვა რომ ისწავლა, მთელი წმიდა წერილი დაიზეპირა და თავის მთავარ საქმედ სახარების ქადაგება აირჩია.ერთ ქალაქში ოც მონეტად მონად დაუდგა წარმართ მსახიობებს. მათთან ერთად ცხოვრობდა, მათთვის შრომობდა და თან გამუდმებით უქადაგებდა ღვთის სიტყვას. ბოლოს მიაღწია იმას, რომ ყველანი გააქრისტიანა და დაარწმუნა, დაეტოვებინათ წარმართთა თეატრი.როცა ისინი მოინათლნენ, გადაწყვიტეს, მონობიდან გაეთავისუფლებინათ სერაპიონი. მაშინ ღირსმა მამამ უთხრა, რომ იგი მონა არ ყოფილა და რომ ემსახურებოდა მხოლოდ მათი გადარჩენისა და ჭეშმარიტების გზაზე დაყენებისთვის. მსახიობებმა სთხოვეს სერაპიონს, რომ მათთან დარჩენილიყო და სულიერი მამობა გაეწია, მაგრამ უარი მიიღეს. წმიდა სერაპიონმა დაუბრუნა მათ ის ოცი მონეტა, თვითონ კი გაემგზავრა სხვა ქალაქებისა და სოფლებისაკენ სხვა გაჭირვებულთა დასახმარებლად.

ბოლო სიახლეები