დღეს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი მხოლოდ 14 წლიდან მოქმედებს, ამიტომ ბოლო პერიოდში 14-წლამდე მოზარდების მიერ ჩადენილი გახშირებული დანაშაულების გამო, საკანონმდებლო ორგანო ბავშვთა კოდექსის ფარგლებში განსახორციელებელ რეფორმაზე მუშაობს.
თუმცა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ კოდექსი ძირითადად არა დასჯის და სანქციების დაკისრების, არამედ დანაშაულთა პრევენციის მიმართულებით იმუშავებს.
“ჩვენთვის მნიშვნელოვანია არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენცია, ამიტომ ვმუშაობთ ადამიანის უფლებათა კომიტეტში, რა შეიძლება გაკეთდეს ბავშვის კოდექსის ფარგლებში, რათა ასეთი შემთხვევები ავიცილოთ თავიდან. იქნება ეს პრევენციული ღონისძიებები, იქნება ეს ისეთი შემთხვევები, როდესაც უკვე მოხდა შემთხვევა და ბავშვმა ჩაიდინა დევიაციური ქმედება, რა უნდა ვქნათ ამის შემდეგ, ოჯახმა, სახელმწიფომ, რომ უნდა მოხდეს ინფორმაციის მიწოდება ოჯახისთვის, რათა არ მოხვდნენ ბავშვები არასწორ რელსებზე. მნიშვნელოვანია რომ ბალანსი დავიცვათ, ერთი მხრივ ადამიანის უფლებების კუთხით და მეორე სახელმწიფო, საზოგადოების ინტერესის მიმართულებით. ადამიანის უფლებების კუთხით ბავშვების უფლება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ვერ გავიზიარებ იმას, რომ მათ სანქციები დავაკისროთ 14 წლამდე, მაგრამ პრევენცია მნიშვნელოვანია” – განაცხადა სოფო კილაძემ.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი 2016 წლის პირველი იანვრიდან მოქმედებს.