პარიზის პროკურატურამ დაადასტურა, რომ საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის მიმართ მკვლელობის მუქარის გამო სამი პატიმრის მიმართ გამოძიება დაიწყო.
„ჩატარდა ადმინისტრაციული ჩხრეკა“, – განაცხადეს პროკურატურაში.
მანამდე სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ისმის, როგორ ემუქრება სარკოზის მკვლელობით ლა სანტეს ციხის პატიმარი.
საქმეზე გამოძიება „მკვლელობის მუქარის“ მუხლით დაიწყო. გამოძიების ფარგლებში ამოღებულია ორი მობილური ტელეფონი.
საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს, ნიკოლა სარკოზის ორი შეიარაღებული პოლიციელი იცავს, რომლებიც 12 საათში ერთხელ იცვლებიან.
ცნობისთვის, პარიზის სასამართლომ 25 სექტემბერს ნიკოლა სარკოზი დამნაშავედ ცნო დანაშაულებრივ შეთქმულებაში, მუამარ კადაფისგან მილიონობით ევროს უკანონო დაფინანსების მიღების მცდელობის საქმის ფარგლებში. ამასთან, სასამართლომ იგი სხვა ბრალდებებში, მათ შორის კორუფციაში მონაწილეობისა და საარჩევნო კამპანიის უკანონო დაფინანსების საქმეებზე გაამართლა. სარკოზი საფრანგეთის პრეზიდენტის თანამდებობას 2007-2012 წლებში იკავებდა.