პარაზიტები ადამიანებსაც გვყავს და ერთ-ერთი მათგანი Dermatobia hominis არის. ესაა ბორასებრთა ოჯახის მწერი, რომელიც ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაშია გავრცელებული.
მისი ლარვების განვითარებისთვის ჩვენს კანში არსებული პირობები იდეალურია, იქ მათი მოხვედრისას კი მოწითალო ამობურცული არეალი წარმოიქმნება. თუ ამ ადგილს ხელით შეეხებით, ის ამოძრავდება, რაც ნიშნავს, რომ თქვენს სხეულში სულ სხვა ორგანიზმები იზრდებიან.
მაინც როგორც იბუდებს ეს პარაზიტი ადამიანის კანში?
ზრდასრულობისას ისინი დაახლოების ბუზის ზომის არიან. შეწყვილების შემდეგ მდედრი კანში კვერცხების გადასატანად სისხლისმწოველ არსებებს იყენებს, როგორიც კოღო ან ტკიპაა. ის შუამავალი მწერების სხეულზე, ძირითადად მუცლის არეში, საკუთარ კვერცხებს ამაგრებს, რასაც ფორეზია ეწოდება.
მაშინ, როცა სისხლისმწოველი არსებები ჩვენამდე აღწევენ, კანის სითბო კვერცხებიდან ლარვას ათავისუფლებს. ისინი შიდა ქსოვილებში მწერის ნაკბენიდან ან თმის ფოლიკულებიდან აღწევენ და ამით მათი სიცოცხლის ციკლის უმნიშვნელოვანესი ეტაპი იწყება. ეს მატლები დაახლოებით 6 კვირის განმავლობაში იზრდებიან, შემდეგ კი კანიდან გარეთ გამოდიან და უკვე მიწაში ინაცვლებენ, საიდანაც ბუნებას უკვე ზრდასრული ფორმით უბრუნდებიან.
იმ რეგიონში, სადაც Dermatobia hominis არის გავრცელებული, მისით ადამიანთა პარაზიტირების შემთხვევები არც ისე იშვიათია. სიმპტომები მარტივად ამოსაცნობია. ლარვის მიერ კანზე წარმოქმნილი ბურთულა მუწუკს მოგვაგონებს, მაგრამ მის ცენტრში მცირე ზომის ხვრელია. იქიდან მატლები ჰაერს იღებენ.
მიუხედავად იმისა, რომ ლარვები ჩვენს კანში სამუდამოდ არ რჩებიან, ექიმები მათ მოშორებას ამჯობინებენ. თუკი პარაზიტები შედარებით ღრმად არიან დაბუდებული, ქირურგიული ჩარევა შეიძლება გახდეს საჭირო. ჩვეულებრივ, ამისთვის ჭრილობაზე ვაზელინის ან სხვა ამგვარი საშუალების წასმაც საკმარისია, რადგან ლარვებს ჰაერი აღარ ჰყოფნით და გარეთ თავადვე გამიდიან.
ზრდასრული მწერი ჩვენ საფრთხეს არ გვიქმნის, ვინაიდან კვერცხების გადასატანად სხვა არსებებს იყენებს.