იმ ხალხის საყურადღებოდ, ვისაც ეჩქარება რეჟიმის მიერ გიორგი ვაშაძის დაპატიმრება, ნუ ჩქარობთ, ნუ გიყვართ ადამიანის გაწირვა და ხაზის გადასმა, როცა არც კი იცნობთ მას და მის გეგმებს, – ამის შესახებ პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
როგორც მანჯგალაძემ აღნიშნა, რეჟიმის ამოცანაა დროულად მოახდინოს კონკრეტული ლიდერების იზოლაცია და გათიშვა.
„იმ ხალხის საყურადღებოდ, ვისაც ეჩქარება გიორგი ვაშაძის რეჟიმის მიერ დაპატიმრება, პირველი, გირაო არის წინასწარი აღკვეთის ღონისძიება რომ გაქცევას და დამალვას არ აპირებ. მეორე, ეს არ გათავისუფლებს რეჟიმის მიერ დაწყებული სისხლის სამართლებრივი დევნისგან. პროცესი გრძელდება და დარწმუნებული ვარ, დიდი ხანი არ მოგიწევთ ლოდინი. მესამე, რეჟიმის ამოცანაა დროულად მოახდინოს კონკრეტული ლიდერების იზოლაცია, გათიშვა პროცესისგან. უბრალოდ დაფიქრდით, თქვენც იგივე მიზნები და ამოცანები როგორ შეიძლება გქონდეთ. მეოთხე, პრინციპულობა ასევე ნიშნავს აკეთო ის, რაც სწორი გგონია და არა გადიხარ-გადმოიხარო ლერწამივით იმის მიხედვით, ვინ რას იტყვის. მეხუთე, ნუ ჩქარობთ, ნუ გიყვართ ადამიანის გაწირვა და ხაზის გადასმა, როცა არც კი იცნობთ მას და მის გეგმებს“, – განაცხადა მანჯგალაძემ.
ცნობისთვის, პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე სასამართლომ 50 000-ლარიანი გირაო 23 აპრილს შეუფარდა. ვაშაძეს გირაოს გადახდის ვადად 30 დღე განესაზღვრა.
გიორგი ვაშაძე პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე 15 აპრილს დაიბარეს, თუმცა ვაშაძე სხდომაზე არ გამოცხადდა. გიორგი ვაშაძეს სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წაუყენეს ბრალი, რაც გულისხმობს „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“. აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.