კოალიცია „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრი პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ტრამპის ინაუგურაციაზე მოსაწვევი რესპუბლიკური პარტიისგან მიიღო, თუმცა კონკრეტულად ვისგან, ამაზე ინფორმაცია არ აქვს.
მანჯგალაძის თქმით, გიორგი ვაშაძეს მეორე მოწვევაც აქვს, რომელიც საღამოს ვახშამსა და სხვა პოლიტიკურ ღონისძიებებზე დასწრებას ითვალისწინებს.
„გიორგი ვაშაძეს მოწვევა რესპუბლიკური პარტიის შესაბამისი თანამდებობის პირისგან მოუვიდა. ეს მოწვევა, მე როგორც ვიცი, არ არის მხოლოდ ინაუგურაციაზე დასწრების. ასევე მას აქვს მეორე მოწვევაც, რომელიც ითვალისწინებს საღამოს ვახშამსა და სხვა პოლიტიკურ ღონისძიებებზე მის ყოფნას. აქამდე ზუსტად ვერ გეუბნებოდით, რადგან არ ვიცოდი. სასწრაფოდ დაგვჭირდა ბილეთების ყიდვა, გიორგი უკვე გაფრინდა და ამ ღონისძიებებში საქართველოს სახელით სიამოვნებითა და სიამაყით მიიღებს მონაწილეობას“, – აღნიშნა მანჯგალაძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, კონკრეტულად ვინ დაპატიჟა გიორგი ვაშაძე რესპუბლიკური პარტიიდან, მანჯგალაძემ უპასუხა, რომ მოსაწვევი არ უნახავს და ზუსტი პასუხი ამაზე არ აქვს.
„მე არ მინახავს მოსაწვევი, ამიტომ ვერ გეტყვით. მე როგორც ვიცი, გიორგის აქვს კონტაქტები რესპუბლიკურ პარტიასთან, ჩვენი პარტნიორები არიან ამერიკელი რესპუბლიკელები და მოსაწვევი არის რესპუბლიკური პარტიიდან“, – განაცხადა მანჯგალაძემ.