დღეს ჩვენ ჩავთვალეთ, რომ განსაკუთრებულად აღგვენიშნა 9 აპრილი, რადგან საქართველოს თავისუფლებისთვის დაღვრილი სისხლი და ეს მოპოვებული თავისუფლება, დიდი საფრთხის ქვეშ არის, – ამის შესახებ პაატა ბურჭულაძემ პარლამენტთან შეკრებილი აქციის მონაწილეებისთვის სიტყვით მიმართვისას განაცხადა.
როგორც ბურჭულაძემ აღნიშნა, დღეს საქართველოს ისტორიაში არის, როგორც დიდი გამარჯვების, ასევე გლოვის დღე.
„დღეს საქართველოს ისტორიაში არის, როგორც დიდი გამარჯვების, ასევე გლოვის დღე. ამის ახსნა არ გჭირდებათ არცერთს, რადგან ვინც აქ ხართ, ყველამ იცით, რა დღეა 9 აპრილი. დღეს ჩვენ ჩავთვალეთ, რომ განსაკუთრებულად აღგვენიშნა 9 აპრილი, რადგან ეს სისხლი, რაც იყო დაღვრილი საქართველოს თავისუფლებისთვის, ეს მოპოვებული თავისუფლება, დიდი საფრთხის ქვეშ არის. დღევანდელი ე.წ. მთავრობა საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს დამოუკიდებლობას და იმ თავისუფლებას, რაც ჩვენ მოვიპოვეთ ამ ადგილას ამ დღეს“, – აღნიშნა ბურჭულაძემ.
ამასთან, მან შეკრებილებს გეგმა გააცნო.
„მოკლედ გეტყვით, როგორ წარიმართება დღევანდელი დღე. ვისაც სურვილი აქვს, მაგრამ არ არის დარწმუნებული, რომ ფიზიკურად შეძლებს ღამის გათენებას, წავიდეს და დილით მოვიდეს. დილითაც საჭიროა აქ ყველას ყოფნა. იცით, რომ დღევანდელი დღე ძალიან დატვირთულია, აქ არიან ჩვენი „სინდისის პატიმრების“ მშობლები. ეს ის ხალხია, ვისი შვილებიც ჩვენს თავისუფლებას ციხეში იცავენ, ეს ის ხალხია, რომელთაც აღზარდეს ნამდვილი პატრიოტები, მათი გამოსვლა არის ჩვენს აქტივობაზე გამოკიდებული, ისინი აუცილებლად ჩვენთან ერთად უნდა იყვნენ. ჩვენთან არის უწმინდესი და უნეტარესი ჩვენი პატრიარქი, რომელმაც მოგვცა კურთხევა, ზუსტად დილის 04:00 საათზე ზარები დარეკილიყო ქაშუეთის ეკლესიაში, მაგრამ შემდეგ რაღაც შეიცვალა, შეიძლება, ვერ შეძლონ ზარების დარეკვა. დიდი მადლობა პატრიარქს და რადგან მისი კურთხევაა, ჩვენ ჩაწერილ ზარებს მაინც გავუშვებთ, რომ გაიღვიძოს საქართველომ.
ყველას დაგირიგდებათ სანთლები, მობრძანდება სასულიერო პირი, აღვავლენთ პანაშვიდს, გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებლად. გარდა ამისა, ერთად ვილოცებთ. ლოცვების შემდეგ ჩვენ დავდებთ ფიცს. მოკლე შინაარსი ამ ფიცის არის, რომ ჩვენ არ ვუღალატებთ ერთმანეთს, ვიქნებით ერთად, სანამ საქართველოს თავისუფლებას, ევროპულ მომავალს არ მივაღწევთ. მეორე ნაწილი ჩვენი შეხვედრის არის, ის, რომ 9 აპრილი, რომელიც 1991 წელს შედგა, ეს არის ჩვენი დამოუკიდებლობის დღე და 12:30 საათზე ჩვენ მოვისმენთ ზვიად გამსახურდიას მიმართვას.
ასე რომ, ბატონებო, სანამ ერთად ვართ, ვერავინ მოგვერევა. ვიყოთ ყოველთვის მხნედ, ვიცოდეთ, ჩვენ ვართ უმრავლესობა, ჩვენია საქართველო, ჩვენ ვართ საქართველო და აუცილებლად გავიმარჯვებთ“, – განაცხადა ბურჭულაძემ.