საქართველოს ნაკრებისა და „ლევანტეს“ ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი ლისაბონის „სპორტინგის“ მოთამაშეა, – ვალენსიურმა კლუბმა ინფორმაცია ოფიციალურ გვერდზე დაადასტურა.
„„ლევანტემ“ და პორტუგალიურმა „სპორტინგმა“ გიორგი ქოჩორაშვილის ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწიეს. ფეხბურთელი მიმდინარე წლის 30 ივნისამდე „ლევანტეში“ იჯარით დარჩება.
შაბათ-კვირას დაჩქარებული მოლაპარაკებების შემდეგ, „ლევანტემ“ დღეს ოფიციალურად მოაწერა ხელი დოკუმენტს ნახევარმცველის ტრანსფერის შესახებ, თუმცა ქოჩორაშვილი სეზონის ბოლომდე კვლავ ვალენსიურ კლუბში ითამაშებს.
ქოჩორაშვილმა კონტრაქტი „სპორტინგთან“ გააფორმა, ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ კლუბთან პორტუგალიაში“, – აღნიშნულია „ლევანტეს“ ოფიციალურ განცხადებაში.
გიორგი ქოჩორაშვილმა „ლევანტეს“ მაისურით 57 მატჩი ჩაატარა და 9 გოლი გაიტანა. გუნდს 2019 წელს შეუერთდა და თავდაპირველად სარეზერვო გუნდში ასპარეზობდა. იმავე წელს შედგა მისი დებიუტი ლა ლიგაში „ატლეტიკის“ წინააღმდეგ.
მომდევნო სეზონებში ქოჩორაშვილი პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშობდა და პარალელურად „ატლეტიკო ლევანტეს“ შემადგენლობაში თამაშობდა. 2022/2023 წლების სეზონში ის იჯარით „კასტელიონში“ გადავიდა, სადაც მნიშვნელოვანი გამოცდილება დააგროვა.
ქართველი ნახევარმცველი „ლევანტეში“ 2023 წლის ზაფხულში დაბრუნდა და იმავე წლის მაისში კლუბთან კონტრაქტი ორი სეზონით გაახანგრძლივა.