გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტემ“ ლა ლიგა 2-ში მორიგი მნიშვნელოვანი მატჩი გამართა. ვალენსიურმა გუნდმა საკუთარ მოედანზე „ალბასეტეს“ უმასპინძლა და 1:0 გაიმარჯვა, რითიც ლა ლიგაში აღზევებას კიდევ უფრო მიუახლოვდა.
შეხვედრის დაწყებამდე ცნობილი იყო, რომ საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ ლიდერს მცირე ტრავმა აწუხებდა და მთავარი მწვრთნელი, უკეთეს შემთხვევაში, მას თამაშში მხოლოდ მატჩის მიწურულს ჩართავდა. ასეც მოხდა – ქოჩორაშვილი მოედანზე 77-ე წუთზე გამოჩნდა.
ამ დროისთვის თამაშის ბედი პრაქტიკულად გადაწყვეტილი იყო – „ლევანტემ“ ანგარიში პირველ ტაიმში გახსნა, როდესაც 45+1-ე წუთზე პეპემ საკუთარ კარში გაიტანა. 65-ე წუთზე „ალბასეტეს“ ვეტერანი მცველი, 37 წლის ხაუმე კოშტა გააძევეს და მასპინძლებმა მიღებული უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნეს – ანგარიში აღარ შეცვლილა.
ლა ლიგა 2-ში რეგულარული სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე „ლევანტეს“ 73 ქულა აქვს. გუნდი 2 ქულით უსწრებს ლიდერ „ელჩეს“ და 5 ქულით – მესამეადგილოსან „მირანდესს“. შესაბამისად, ვალენსიურ კლუბს ლა ლიგაში დასაბრუნებლად დარჩენილ ორ შეხვედრაში მხოლოდ 2 ქულის მოპოვება სჭირდება.