6 აპრილს ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია იწყება. აბიტურიენტებს და მაგისტრანტობის კანდიდატებს რეგისტრაციის გავლა ელექტრონულად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის Web-გვერდზე 11 მაისამდე შეეძლებათ. პროცესი 6 აპრილს დილის 10:00 საათიდან დაიწყება.
ცენტრი აბიტურიენტებს მოუწოდებს პროცედურებს გაეცნონ და ყველა ეტაპი დროულად გაიარონ. უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში, სახელმწიფო უნივერსიტეტებში საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურებზე, ასევე, სახელმწიფო პროფესიული დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლა სრულად დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ.
“სარეგისტრაციო პერიოდის განმავლობაში, აბიტურიენტებს მიეცემათ შესაძლებლობა შეარჩიონ მათთვის სასურველი რაოდენობის საგანმანათლებლო პროგრამები, ჩასაბარებელი საგნები და საგამოცდო ქალაქი. მიმდინარე წელს აბიტურიენტებისთვის 2 მნიშვნელოვანი სიახლე გვაქვს. მთავარ სიახლეს წარმოადგენს ის, რომ სახელმწიფო უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა სრულად დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ და მეორე სიახლე არის ის, რომ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებთან ერთად, აბიტურიენტებს მიეცემათ შესაძლებლობა, აირჩიონ მათთვის სასურველი რაოდენობის საგანმანათლებლო პროგრამები”, – აღნიშნა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, თამარ მემანიშვილმა.

