ხუთშაბათი, ივნისი 26, 2025

ონისე ცხადაძე მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს – ჩემი აზრით, თქვენ ვერ ართმევთ პროცესებს თავს

ჩემი აზრით, თქვენ ვერ ართმევთ ამ პროცესებს თავს, – ამ სიტყვებით მიმართა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულმა იუმორისტმა ონისე ცხადაძემ მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს.

ის ადვოკატებისა და დანარჩენი ბრალდებულების შუამდგომლობას დაეთანხმა მოსამართლის აცილებასთან დაკავშირებით. თუმცა, გალუსტაშვილმა არც ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა და საქმე არ აიცილა.

„რაც შეეხება თქვენს აცილებას, ყველაზე მთავარი მიზეზი არის ის, რომ თქვენ პირნათლად შეასრულეთ აქამდე კეთილი ადამიანის როლი, ახლა გადაიქეცით ადამიანად, ესეც ჩემი შეფასებაა და არა შეურაცხყოფა, ზემოდან გვიყურებთ – “მე სახალხო არტისტი ვარ, თქვენ არავინ არ ხართ” – ასე გვეუბნებით რაღაცას – ვიტყვი ასე და ასე უნდა იყოსო. გეუბნებით, იურიდიულად რაღაცებში ვერ ვერკვევით, აგვიხსენით-მეთქი. წინა სასამართლოზე გითხრათ ადვოკატმა, ამ დღეს და ამ დღეს სხდომა არ ჩანიშნოთო, აქ ადვოკატი ითხოვდა, წამაკითხეთ კანონიო, რომლის წაკითხვასაც წუთი, წუთნახევარი უნდოდა, რისი უფლებაც არ მიეცით, გავიდა ორი საათი. ჩემი აზრით, თქვენ ვერ ართმევთ ამ პროცესებს თავს. მუქარები რა საჭიროა, არც ვყვირით აქედან. ერთ რაღაცას გეტყვით ბოლოს, მართალ ადამიანს არ სჭირდება 20 წლის ბავშვის ციხეში ჩასმა, მართალი ადამიანები 20 წლის ბავშვთან მივლენ, დაელაპარაკებიან, განუმარტავენ, აუხსნიან”,- განაცხადა ცხადაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს.

დაკავებულებს – ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა სამი პროფესორი ოქროს მედლით დააჯილდოვა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, უნივერსიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისთვის, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის ორ და არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის ერთ პროფესორს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წინაშე გაწეული დამსახურებისათვის სტუ-ის ოქროს მედალი გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.მისივე ცნობით, რექტორმა აკადემიური საბჭოს სხდომაზე ოქროს მედალი გადასცა არქიტექტორს, პროფესორ ჯუმბერ მალაღურიძეს, რომელიც დღემდე აქტიურად ეწევა საპროექტო, სამეცნიერო და პედაგოგიურ მუშაობას. ჯუბმბერ მალაღურიძე არის 219 ნაშრომის, მათ შორის: 27 აშენებული, 11 განუხორციელებელი პროექტის,10 სასწავლო - მეთოდური პროგრამისა და 6 სახელმძღვანელოს, 47 სამეცნიერო სტატიის და 4 მონოგრაფიის, 10 საზოგადოებრივ - პოლიტიკური სტატიისა და 106 მხატვრული ნამუშევრის ( გრაფიკა, ფერწერა, ძერწვა ) ავტორი. ასევე, რექტორმა ოქროს მედალი გადასცა საქართველოს და საერთაშორისო აკადემიების ნამდვილ წევრს, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორს, "საავტომობილო ტრანსპორტის" დეპარტამენტის უფროსს, 250 -ზე მეტი ნაშრომის ავტორს ჯუმბერ იოსებიძეს და სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის პროფესორს, საავიაციო ინჟინერიის პროგრამის ხელმძღვანელს, მრავალი ნაშრომის ავტორს, რომლის ძალისხმევით მრავალწლიანი წყვეტის შემდეგ სტუ-ში შესაძლებელი გახდა ისტორიული საავიაციო-საინჟინრო პროგრამის აღდგენა, რამილ ზუკაკიშვილს.როგორც რექტორმა აკადემიური საბჭოს სხდომაზე აღნიშნა, ჯუმბერ მალაღურიძის, ჯუმბერ იოსებიძის და რამილ ზუკაკიშვილის მრავალი წელია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმატებულ საქმიანობასა და მაღალი სტანდარტის სწავლება-სწავლის პროცესში დიდი წვლილი შეაქვთ, შედეგად აკადემიურმა საბჭომ მათი სტუ-ის უმაღლესი ჯილდოთი - ოქროს მედლით, დაჯილდოების გადაწყვეტილება მიიღო.„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ოქროს მედალი მეცნიერის მოღვაწეობის აღიარებაა, ეს არის მადლობისა და დაფასების სიმბოლო იმ ღვაწლისთვის, რომელიც არა მხოლოდ პროფესიულ ცოდნას, არამედ თავგანწირვას, ერთგულებას და შემოქმედებით ძალას ეფუძნება. დღეს ეს ღირსეული ჯილდო, აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, გადავეცით გამოჩენილ მეცნიერ-პედაგოგებს, რომლებმაც თავიანთი ნამუშევრებით, სამეცნიერო წვლილითა და მომავალი თაობების აღზრდისადმი მიძღვნილი საქმიანობით დაიმკვიდრეს საყოველთაო აღიარება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება აფასებდეს ღირსეულ მეცნიერებს. მათ, ვინც ყოველდღიურად აშენებს ცოდნის ტაძარს, ქმნის ნოვაციურ იდეებს და უზიარებს ამ სიმდიდრეს სტუდენტებს. ასეთი ადამიანები არამარტო ჩვენი უნივერსიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის ინტელექტუალური საყრდენი არიან. გულითადად ვულოცავ ჩვენს მეცნიერებს ღირსეულ ჯილდოს. ვუსურვებ ჯანმრთელობას, შემოქმედებით ენერგიას და ახალ მიღწევებს“, - აღნიშნა თავის გამოსვლაში დავით გურგენიძემ.სტუ-ის ინფორმაციით, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მიერ აკადემიური საბჭოს წევრად მაღალი ლეგიტიმაციით არჩეული, ამავე ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი თამაზ ურთმელიძე, აკადემიური საბჭოს წევრად დაამტკიცა.

ბადრი ჯაფარიძე – მხნედ ვარ, ჩვენი ქვეყანა აუცილებლად დადგება ფეხზე, ეს მალე მოხდება

მხნედ ვარ. ქვეყნის თავისუფლებისთვის და მისი ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში განსაცდელებმა, პირიქით, უნდა მოგვმატოს თავდაჯერებულობა, სიმტკიცე და ერთიანობის სურვილი, – ამის შესახებ ნათქვამია „ლელოს“ ლიდერ, ბადრი ჯაფარიძის პოსტში, რომელიც მის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა.„ჩვენი ქვეყანა აუცილებლად დადგება ფეხზე. ეს მალე მოხდება“, – აღნიშნავს ბადრი ჯაფარიძე.შეგახსენებთ, სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე „ლელოს“ ლიდერებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს რვა თვით პატიმრობა შეუფარდა. ასევე, მათ ორი წლით აეკრძალათ თანამდებობის დაკავება. მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე 23 ივნისს დააკავეს.

თურქეთის საპარლამენტო დელეგაცია საოკუპაციო ხაზს ეწვია

საქართველოში სამუშაო ვიზიტად მყოფი თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული კრების უსაფრთხოებისა და დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარე ვეისალ თიფიოღლუ თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, სოფელ ოძისთან, საოკუპაციო ხაზს ეწვია.თურქეთის საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად საოკუპაციო ხაზზე საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გია ბენაშვილი იმყოფებოდა.თურქმა კანონმდებლებმა საინფორმაციო ბრიფინგზე რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოში განხორციელებულ საოკუპაციო მოქმედებებზე ინფორმაცია მოისმინეს.გია ბენაშვილი თურქ კოლეგებს საქართველოს მიერ არჩეულ სამშვიდობო პოლიტიკაზე ესაუბრა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია რუსეთის მიმართ გაძლიერდეს საერთაშორისო ზეწოლა, რათა მან შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით და საერთაშორისო სამართლით ნაკისრი ვალდებულები.საქართველოში ვიზიტის ფარგლებში თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული კრების დელეგაციის წევრები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს ალექსანდრე ტაბატაძეს შეხვდნენ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი – „ვამაყობთ ჩვენი სტუდენტების მიღწევებით, საერთაშორისო გაცვლით პროგრამებსა და ადგილობრივ კონკურსებში მონაწილეობით“

სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე მიმდინარეობს საერთაშორისო სამეცნიერო და კვლევითი პროექტები, ინფრასტრუქტურის განახლების პროცესი, ფუძნდება თანამედროვე სტანდარტების ლაბორატორიები და სასწავლო ცენტრები, გვყავს კურსდამთავრებული 60 ბაკალავრი, 25 მაგისტრი და 1 დოქტორანტი - ამის შესახებ 2024/2025 სასწავლო წლის შეჯამებისას სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ბორის გითოლენდიამ განაცხადა.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე სასწავლო წლის განმავლობაში სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე განხორციელდა ისეთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც სწავლება-სწავლისა და კვლევის პროცესს აძლიერებს.„შეიქმნა „ფიქრის ლაბორატორია“, კომპანია „ავტოტექნოს“ სასწავლო ცენტრი, B2B გაყიდვების ლაბორატორია. მოკლევადიანი პროფესიული პროგრამის განსახორციელებლად, საინჟინრო მომსახურების ცენტრმა და მაცივარაგენტების რეციკლიზაციის შეგროვების ცენტრმა, სამაცივრო ტექნიკის მომსახურე ტექნიკოსებისთვის, სასწავლო ლაბორატორია ერთობლივი ძალისხმევით გაარემონტეს და აღჭურვეს.ამჟამად, მიმდინარეობს ბაუმერის სასწავლო ცენტრისა და ტვირთების ექსპედირების პროფესიული პროგრამისთვის აუდიტორიის რეაბილიტაცია. ფაკულტეტი, საგრანტო პროექტების ოფისთან კოორდინაციით, ჩაერთო ERASMUS+ პროგრამის KA102 აქტივობის საგრანტო პროექტში - „საერთო საზოგადოებრივ გამოწვევებზე ორიენტირებული წრიული ეკონომიკის ენერგეტიკული განათლების ინიციატივა აზერბაიჯანს, საქართველოს, საბერძნეთს, მოლდოვასა და რუმინეთს შორის (EU-AGM - ERASMUS-EDU-2024- CBHE- STRAND-2101177142). გარდა ამისა, წარმატებით მიმდინარეობს პროექტი ReINNOVA - ,,კვლევებისა და ინოვაციების მხარდაჭერის პროგრამა საწარმოო ბიზნესებთან თანამშრომლობის სტიმულირებისა და გაუმჯობესებისათვის საინჟინრო განათლებაში“. პროექტის დონორია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, საქართველოს კონკურენტული ინოვაციის ფონდი (CIF), მსოფლიო ბანკის დაფინანსებით; პარტნიორი კი - კილის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი). ასევე, ERASMUS+ საგრანტო პროგრამის KA2 აქტივობის ფარგლებში, წარმატებით მიმდინარეობს პროექტი - „ისწავლე-გააუმჯობესე-გაყიდე-მიაღწიე წარმატებას - LISS24“ (Learn – Innovate – Sell – Succeed)-აღნიშნულია ინფორმაციაში.როგორც სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ბორის გითოლენდია აღნიშნავს, უნივერსიტეტი მკაფიოდ უჭერს მხარს ინოვაციებსა და თანამედროვე საინჟინრო განათლების განვითარებას.„სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტმა, რომელიც ერთ-ერთი ტრადიციული და ისტორიული ფაკულტეტია, 2024-2025 სასწავლო წელს არაერთი მოკრძალებული ინიციატივა განახორციელა. მათგან რამდენიმეს გამოვარჩევდი, კერძოდ: აღსანიშნავია, რომ ფაკულტეტმა, ადმინისტრაციული დეპარტამენტების და საერთაშორისო პარტნიორების აქტიური ჩართულობით, წარმატებით განახორციელა მნიშვნელოვანი საგრანტო ინიციატივები, მათ შორის - პროექტი ReINNOVA, რომელიც განათლების სამინისტროსა და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, ხელს უწყობს კვლევებისა და ინდუსტრიებთან თანამშრომლობის ინტეგრაციას. ამავე კონტექსტში გამოვარჩევთ ERASMUS+ LISS24 პროექტს, რომელიც სტუდენტებს საშუალებას აძლევს განივითარონ პრაქტიკული და მეწარმეობრივი უნარები, განსაკუთრებით B2B გაყიდვების კუთხით. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი სტუდენტების მიღწევებით, მათ შორის, საერთაშორისო გაცვლით პროგრამებსა თუ ადგილობრივ კონკურსებში მონაწილეობით.მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს ინფრასტრუქტურის განახლებაშიც. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ფინანსური მხარდაჭერით, წელს სრულად განახლდა სველი წერტილები და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურა I სასწავლო კორპუსში, განახლდა ე.წ. სტუდენტური სივრცეები, გარდა ამისა, საერთაშორისო პროექტების ეგიდით და უნივერსიტეტის რექტორის პირადი ჩართულობით, დასრულდა თავისი შინაარსითა და კონცეფციით გამორჩეული „ფიქრისა“ და „B2B გაყიდვების“ ლაბორატორიების კეთილმოწყობა და აღჭურვა. აღსანიშნავია ინდუსტრიის მონაწილეობა სასწავლო გარემოს გაუმჯობესების მიმართულებით. ამ მხრივ სასიხარულოა, რომ კომპანია „ავტოტექნოს“ მხარდაჭერით, კეთილმოეწყო და აღიჭურვა კომპანიის სახელობითი „სასწავლო ცენტრი“, მემაცივრეთა რეციკლიზაციის ასოციაციის თანადგომით კი, განახლდა და კეთილმოეწყო სამაცივრო ტექნიკის ტექნიკოსების მოსამზადებელი პროგრამა. საგულისხმოა, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ფინანსური მხარდაჭერით, სრულად განახლდა გრაფიკული დიზაინის კლასი და აღიჭურვა უახლესი ტექნიკით. ჯამში, სააკრედიტაციოდ განაცხადი გაკეთდა 5 ახალ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე. გამოსარჩევია, რომ წელს ფაკულტეტმა მოიპოვა ახალი და ინოვაციური სამაგისტრო პროგრამის - „სამეწარმეო მენეჯმენტის“ განხორციელების უფლება, რომელიც ერთადერთია საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში.აღსანიშნავია, რომ ფაკულტეტი აქტიურად მუშაობს სამეცნიერო კუთხით. ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებისა და მკვლევრების თანამონაწილეობით გამოიცა არაერთი სტატია თუ სამეცნიერო ნაშრომი. კვლევითი თვალსაზრისით, მათ შორის გამოირჩევა სამეცნიერო პროექტი, რომელიც ეხება ინდუსტრია 4.0-თვის საჭირო ტექნოლოგიებზე ფართოზოლოვანი ანტენებისა და ინოვაციური პოლიმერული ელექტრონიკის კვლევას. სასიხარულოა, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და პირადად რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე მუდმივად საქმის კურსშია და სრულად უჭერს მხარს ფაკულტეტის განვითარებასა და საერთაშორისო ჩართულობას. ის დიდი პოტენციალი, რომელიც ფაკულტეტს გააჩნია, გვიქმნის მყარ საფუძველს, რომ ის კიდევ უფრო გაძლიერდება, როგორც განათლებისა და ინოვაციების ჰაბი“, - აცხადებს ბორის გითოლენდია.

ტატა ხვედელიანი – ე.წ. მმართველი პარტიის პრეროგატივაა, როგორ გადაწყვეტენ მანდატების საკითხს, თავის დროზე ვთქვით, რომ არჩევნები არ ასახავდა ხალხის ნებას და მკაცრად მივყვებით ჩვენს...

ე.წ. მმართველი პარტიის პრეროგატივაა, როგორ გადაწყვეტენ მანდატების შეჩერების საკითხს. თავის დროზე ვთქვით, რომ არჩევნები არ ასახავდა ხალხის ნებას და მკაცრად მივყვებით ჩვენს დღის წესრიგს, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ტატა ხვედელიანმა განაცხადა.როგორც ხვედელიანმა აღნიშნა, ისინი არ არიან რევოლუციონერები და აღიარებენ ცვლილებას მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით.„დადგინდა, რომ ჩვენს ქვეყანაში დაცული არავინ არ არის, არცერთი მოქალაქე, არცერთი პოლიტიკოსი. ვხედავთ ბოლო დღეებში და, ზოგადად, 2024 წლის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს. ვხედავთ საკანონმდებლო ცვლილებებს და ძალადობრივ აქტებს, რომლებსაც ე.წ. მმართველი პარტია ახორციელებს. აქედან გამომდინარე, მანდატების შეჩერება მათი პრეროგატივა არის, როდის და როგორ გადაწყვეტენ ამ საკითხს. ჩვენ თავის დროზე ვთქვით, რომ ეს არჩევნები არ ასახავდა ქართველი ხალხის ნებას. შესაბამისად, თანმიმდევრულად და მკაცრად მივყვებით ჩვენს დღის წესრიგს. ამ მიმართულებითაც ეს არის მათი პრეროგატივა, იმსჯელებენ თუ არ იმსჯელებენ და როდის იმსჯელებენ ამ საკითხთან დაკავშირებით.ჩვენი პოლიტიკური გუნდი არჩევნების დასრულებისთანავე, მაშინ როდესაც სხვა ოპოზიციური პარტიები ზეიმობდნენ, ხედავდა ამ მოცემულობას. პირველებმა ვთქვით, რომ ეს არჩევნები ჩატარდა უმძიმეს დარღვევებით და ეს იყო არჩევნები, რომელიც არ ასახავდა ქართველი ხალხის ნებას. აქედან გამომდინარე, ჩვენ განვახორციელეთ ის ნაბიჯები, რაც გადავდგით. უარი ვთქვით საპარლამენტო მუშაობაზე და არ მიგვიღია მონაწილეობა საპარლამენტო მუშაობაში დღემდე. არ მიუღიათ ჩვენს ე.წ პარლამენტის დეპუტატებს ხელფასები, ჩვენ ავირჩიეთ ის გზა, რომელიც ითვალისწინებდა რეჟიმთან ბრძოლას იმ ფორმებით, რა ფორმებითაც რეჟიმთან, ბოლო თვეებია, ვიბრძვით. ერთადერთი მნიშვნელოვანი საკითხი აქ არის ის, რომ ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები. ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც აღიარებს ცვლილებას მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი ფორმით. შესაბამისად, ჩვენ ვიყენებთ არჩევნების ინსტრუმენტს, რათა დისკომფორტი შევუქმნათ ჩვენს ე.წ ხელისუფლებას. ასევე, ბოიკოტს არ ვეთანხმებით ბოიკოტისთვის, თუმცა ჩვენ რომ დღემდე არ ვართ წარმოდგენილი პარლამენტში, ესეც ჩვენი არჩევანია. ვთვლით, ეს არჩევნები არ ასახავდა ქართველი ხალხის ნებას და, შესაბამისად, ჩვენ არ ვართ წარმოდგენილი პარლამენტში“, – განაცხადა ხვედელიანმა.

ბოლო სიახლეები