კვირა, თებერვალი 23, 2025

ომის სამი წელიწადი: უკრაინელი ბავშვების ცხოვრებაში სიკვდილი რეალობაა

უკრაინაში ყოველი მეხუთე ბავშვი ამბობს, რომ ომის ესკალაციის შემდეგ, ოჯახის ახლო წევრი ან მეგობარი დაკარგა. გაერო-ს ბავშვთა ფონდი (იუნისეფი) აღნიშნავს, რომ „ომმა სიკვდილი და ნგრევა უკრაინელი ბავშვების ცხოვრების განუყრელ ნაწილად აქცია“.

პორტუგალიის ტელე-რადიო მაუწყებლის ახალი ამბები (RTP News)
დევიდ არაუჯო – პორტუგალიის ტელე-რადიო მაუწყებელი (RTP)

21 თებერვალს გამოქვეყნებულ იუნისეფის ანგარიშში ნათქვამია: „2024 წელს უკრაინის ომში მოკლული ბავშვების რაოდენობა, 2023 წელთან შედარებით, 50 პროცენტზე მეტით გაიზარდა. 2022 წლის თებერვლიდან მოყოლებული, საერთო ჯამში, 2520-ზე მეტი ბავშვი დაიღუპა ან დაშავდა“.

უკრაინაში ომის მესამე წელი ბავშვებისთვის კიდევ უფრო მომაკვდინებელი გახდა, ვიდრე წინა ორი წელი იყო.

თუმცა, გაერო-ს ბავშვთა ფონდის შეფასებით, რეალური მაჩვენებელი უფრო მაღალია, „რადგან ანგარიშში შესულ მონაცემებში მხოლოდ გაერო-ს მიერ დადასტურებული დაღუპული ბავშვების სტატისტიკაა ასახული“.

„ბოლო სამი წლის განმავლობაში, 1600-ზე მეტი საგანმანათლებლო დაწესებულება და თითქმის 790 სამედიცინო დაწესებულება დაზიანდა ან მთლიანად განადგურდა“, – ნათქვამია დოკუმენტში.

უკრაინის ომმა ბავშვებსა და მოზარდებს შორის სერიოზული დანაკარგები და გაჭირვება გამოიწვია, რამაც მათ განვითარებასა და კეთილდღეობაზე უდიდესი უარყოფითი გავლება მოახდინა.

„სამი წლის პერიოდში მიღებული ცხოვრებისეული გამოცდილება ღრმა კვალს ამჩნევს ბავშვების ჯანმრთელობასა და სწავლას, მთელი მათი ცხოვრების განმავლობაში. უკრაინაში კი ბავშვებს ამ სამი წლის მანძილზე მხოლოდ ომი უნახავთ. მშობლები აღნიშნავენ, რომ მათი შვილები თავს გამოფიტულად გრძნობენ როგორც ფიზიკურად,ისე ემოციურად, რაც ოჯახურ ცხოვრებაზეც აისახება“, – წერს იუნისეფი.

გარდა ამისა, სამწლიანი ომის შედეგად, დაზიანდა ბავშვებისა და მათი მშობლებისთვის აუცილებელი ძირითადი სერვისები. ამიტომ, უკრაინაში მოზარდობის ასაკი განსაკუთრებით მძიმე პერიოდია.

იზოლაცია ფსიქიკურ ჯანმრთელობას აუარესებს

„როგორც მოზარდების თითქმის მესამედმა განაცხადა, თავს ისე სევდიანად ან უიმედოდ გრძნობნენ, რომ ჩვეული აქტივობები შეწყვიტეს. ასეთი განწყობები უფრო ხშირად გოგონებში ფიქსირდება“, – ნათქვამია მოხსენებაში.

უკრაინაში ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებს იზოლაცია ამძიმებს.

ბევრი ბავშვი საათობით იმყოფება სარდაფებსა და თავშესაფრებში, რის გამოც კომუნიკაციისა და სწავლის შესაძლებლობას კარგავს. ბავშვების დაახლოებით 40% მხოლოდ დისტანციურად სწავლობს ან ესწრება როგორც ღია, ასევე დისტანციურ გაკვეთილებს.

იუნისეფის შეფასებით, „ომმი მოზარდების ცოდნაზე ძალიან უარყოფითი გავლენა მოახდინა: კითხვის უნარ-ჩვევებში ბავშვები საშუალოდ ორი წლით, მათემატიკის უნარ-ჩვევებში კი ერთი წლით ჩამორჩნენ“.

გაერო-ს ბავშვთა ფონდი უკრაინელ პარტნიორებთან მუშაობს „ბავშვებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი დახმარების უზრუნველსაყოფად, რაც გულისხმობს ჯანდაცვის, სუფთა წყლის, ფულადი დახმარების, განათლებისა და ბავშვთა დაცვის სერვისების ხელმისაწვდომობას ფრონტის წინა ხაზთან ახლოს მდებარე რეგიონებში“.

ამ მიზნით, „მან შეაკეთა და აღადგინა წყალმომარაგებისა და კანალიზაციის ქსელები, ასევე უზრუნველყო ბავშვებიანი ოჯახების წვდომა საწვავზე და ტანსაცმელზე, რათა მძიმე ზამთრის პირობებში, მათ გათბობის საშუალება ჰქონოდათ“.

ამავდროულად, იუნისეფი მუშაობს ვლადიმირ ზელენსკის მთავრობასთან, რათა „მხარი დაუჭიროს ქვეყნის გრძელვადიან აღდგენას და განვითარებას სოციალური ერთობის შენარჩუნებით, ბავშვებისა და მათი ოჯახების მომსახურების სისტემების გაძლიერებით, ასევე ბავშვების სოციალური დაცვის უზრუნველყოფით და მათთვის ჯანდაცვისა და განათლების დროული და ხარისხიანი სერვისების მიწოდებით“.

6.8 მილიონზე მეტი დევნილი

ამჟამად მსოფლიოში რეგისტრირებულია 6,86 მილიონი უკრაინელი დევნილი, რომელთაგან თითქმის მილიონი პოლონეთში ცხოვრობს.

პორტუგალიაში 46 823 უკრაინელი დევნილია, რომელთაგან 19 პროცენტი (10 393 პირი) არასრულწლოვანია.

დევნილი ბავშვებისთვის სწავლასთან ხელმისაწვდომობა გამოწვევად რჩება, რადგან სასკოლო ასაკის დევნილთა ნახევარი ჩარიცხული არ არის მიმღები ქვეყნების ეროვნული განათლების სისტემებში, რაც გავლენას ახდენს მათ შესაძლებლობაზე, ისწავლონ და ურთიერთობა ჰქონდეთ თანატოლებთან, ასევე განავითარონ ის ძირითადი უნარები, რომლებიც საკვანძო იქნება ომის შემდგომ უკრაინის აღდგენისთვის.

ძალადობა შიშსა და ტანჯვას იწვევს

„სიკვდილი და ნგრევა, ძალიან დიდი ხანია, უკრაინელი ბავშვების ცხოვრებაში მუდმივ რეალობად იქცა“, – განაცხადა იუნისეფის აღმასრულებელმა დირექტორმა, კეტრინ რასელმა.

„ძალადობის ასეთი მაღალი დონე უზარმაზარ შიშსა და ტანჯვას იწვევს და ბავშვის ცხოვრების ყველა ასპექტს არღვევს“, – აღნიშნა მან.

კეტრინ რასელის თქმით, „ბავშვები ყოველთვის უნდა იყვნენ დაცული ომის შედეგებისგან, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ნორმების შესაბამისად“.

„უკრაინელ ბავშვებს, ყველაზე მეტად, მდგრადი მშვიდობა და საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზების შესაძლებლობა სჭირდებათ “, – დასძინა იუნისეფის აღმასრულებელმა დირექტორმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს, რომლითაც ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. "ვეხმიანებით ტელეკომპანია "პირველის" მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოს 23 წლის ახალგაზრდის მკვლელობაში ეჭვმიტანილმა პირმა, გიორგი პაპაშვილმა საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის მიერ განხორციელებული შეწყალების აქტის შედეგად დატოვა საპატიმრო. გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და პირდაპირ ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და პრეზიდენტის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას. მოვუწოდებთ აღნიშნულ ტელეკომპანიას, გამოასწორონ შეცდომა და თავი შეიკავონ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან", - აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

ოლაფ შოლცი – უნდა ვაღიაროთ, რომ არჩევნები წავაგეთ

გერმანიის კანცლერმა და „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ (SPD) ლიდერმა, ოლაფ შოლცმა არჩევნების შედეგები თავისი პარტიის მარცხად შეაფასა. შოლცმა ბერლინში შეკრებილ მხარდაჭერებს მიმართა. „ეს არის მომენტი, როდესაც უნდა ვაღიაროთ, რომ არჩევნები წავაგეთ“, – თქვა მოქმედმა კანცლერმა. შოლცმა ასევე აღნიშნა, რომ წინა არჩევნებში პარტიას უკეთესი შედეგები ჰქონდა, ხოლო ამ შედეგზე ისევე, როგორც წინა არჩევნების შედეგებზე, პასუხისმგებელი თავადაა. მან არჩევნებში გამარჯვება მიულოცა „ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერს, ფრიდრიხ მერცს. მისივე თქმით, მეორე ადგილზე გასული პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) გამარჯვებას არასდროს მიიღებს. „ახლა ჩვენ გვყავს ულტრამემარჯვენეები და ის ფაქტი, რომ მათ ასეთი კარგი საარჩევნო შედეგი მიიღეს, არის რაღაც, რასაც ჩვენ ვერ მივიღებთ და მე არასდროს მივიღებ. ჩვენ უნდა მივყვეთ იმას, რაც ყოველთვის გვითქვამს, ჩვენ არ უნდა ვითანამშრომლოთ ულტრამემარჯვენეებთან“, – ამბობს შოლცი და აღნიშნავს, რომ იმედი აქვს, სხვა პოლიტიკური პარტიები ამ დაპირებას შეინარჩუნებენ. შეგახსენებთ, რომ ეგზიტპოლების თანახმად, შოლცის მემარცხენე-ცენტრისტულ გერმანიის „სოციალ-დემოკრატიულ პარტიას“ (SPD) 16 პროცენტი აქვს.

აიძულა, ინტიმური ვიდეოები გადაეღოთ და მისთვის გაეგზავნათ – 40 წლის სერიული პედოფილის საქმე, რომელიც უკვე დაკავებულია

სერიული პედოფილი, რომელიც მსხვერპლს სოციალურ ქსელებში ეძებდა, ბავშვებთან ნდობაში შესვლის შემდეგ, მათ სექსუალურ თემებზე ელაპარაკებოდა და პორნოგრაფიულ ვიდეოებს უგზავნიდა. პედოფილი უკვე დაკავებულია - გამოძიების ინფორმაციით, მისი დანაშაულებრივი საქმიანობა თითქმის 5 წელს ითვლის. 40 წლის პედოფილის საქმე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია, რაც აქამდე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გაუხსნია. მოახერხა თუ არა ინტერნეტსივრცის შემდეგ, რომელიმე მსხვერპლთან შეხვედრა და ფიზიკური ძალადობა - ამას მიმდინარე გამოძიება სწავლობს. მანამდე კი, "კურიერი P.S-მა" ერთ-ერთი მსხვერპლი ბავშვის ჩვენება მოიპოვა, რომელმაც პედოფილს მიზნის მიღწევა არ აცადა და მისგან თავის დახსნა მალევე შეძლო. გოგონა დაზარალებულად უკვე ცნეს. ადვოკატის ინფორმაციით, დაკავებული კაცის ქმედება ამ კონკრეტულ შემთხვევაში გარყვნილ ქმედებად შეფასდა. "კურიერი P.S-ის" ინფორმაციით, პედოფილმა სხვა ბავშვების მახეში გაბმა შეძლო, მათ აიძულა, რომ ინტიმური ვიდეოები გადაეღოთ და მისთვის გაეგზავნათ. გამომძიებლებმა, დაკავებულის სახლისა და მანქანის ჩხრეკისას, მოცულობითი ფაილები ამოიღეს. მიმოწერები ასობით ბავშვთან და ქალთან, ასევე - მსხვერპლთა ინტიმური კადრები. დაზარალებულების იდენტიფიცირება ამ დრომდე გრძელდება. "კურიერი P.S-მა" მასშტაბური საქმის გამომძიებელთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა. აღმოჩნდა, რომ პედოფილს სოციალურ ქსელებში ათამდე ყალბი გვერდი ჰქონდა შექმნილი, საიდანაც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლებმა ასობით პირთან მიმოწერა ამოიღეს. სტატისტიკა მძიმეა - პედოფილებისთვის დანაშაულის მთავარი ლოკაცია სოციალური ქსელები გახდა. არასრულწლოვანებზე დაკარგული კონტროლი კი, დანაშაულებრივი ქმედებების საფრთხეს კიდევ უფრო ზრდის. ექსპერტების რეკომენდაციით, პრევენციისთვის ბავშვის ინფორმირება როგორც ოჯახის წევრებმა, ასევე სააღმზრდელო დაწესებულებებმა უნდა მოახდინონ. საინფორმაციო კამპანიას სპეციალური საგამოძიებო სამსახური სკოლებში უკვე ატარებს. პრევენციული მიზნებით, შეხვედრები 60-მდე სასწავლო დაწესებულებაში უკვე ჩატარდა. მსხვერპლ ბავშვებსა და მათ ოჯახებს დანაშაულის შესახებ შეუძლიათ, დარეკონ ცხელ ხაზზე, ან მიმართონ საქართველოს მასშტაბით, საგამოძიებო სამსახურის ოფისებს. სერიული პედოფილის სახელით დაკავებულ 40 წლის კაცს ადვოკატი არ ჰყავს. უცნობია, აღიარებს თუ არა დაკავებული უმძიმეს ბრალდებას. უკვე წარდგენილი გარყვნილი ქმედების ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება, თუმცა არ არის გამორიცხული, გამოძიების ეტაპზე, გაცილებით მძიმე დანაშაული გამოიკვეთოს და მას ბრალი კიდევ უფრო დაუმძიმდეს.

შოლცი მიდის , მერცი მოდის

შოლცი მიდის , მერცი მოდის-ბუნდესტაგის ვადამდელ არჩევნებში ფრიდრიხ მერცის კონსერვატიული ბლოკი 29 პროცენტით ლიდერობს გერმანიაში დასრულდა ფედერალურ არჩევნებზე ხმის მიცემის პროცედურა. ხმის მიცემის პროცედრის დასრულებისთანავე გამოქვეყნებული პირველი ეგზიტპოლების თანახმად, „ქრისტიან დემოკრატიული კავშირის“ და „ქრისტიან-სოციალური კავშირის“ გაერთიანება ხმების 29%-ს იღებს. მეორე ადგილზე გადის „ალტერნმატივა გერმანიისთვის – 19,5%. კანცლერ ოლაფ შოლცის „სოციალ-დემოკრატიული პარტია” 16%-ით მესამე ადგილზეა. ბარიერი ასევე გადალახეს მწვანეებმა (13,5%) და მემარცხენეებმა (8,5%)

ვოლოდიმირ ზელენსკი – ომის დასრულება ამ კვირაში შეუძლებელია

ომის დასრულება ამ კვირაში შეუძლებელია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ჟურნალისტმა ზელენსკის ჰკითხა აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, ის „მზად იყო რუსებთან სამშვიდობო შეთანხმების დასასრულებლად ამ კვირაში“. „ამ კვირაში შეუძლებელია ომის დასრულება უკრაინისთვის გარანტიებით. ყოველ შემთხვევაში, მართლა არ ვიცი, როგორ შეიძლება, ეს დღეს გაკეთდეს ჩვენი შეხვედრების გარეშე“, – განაცხადა ზელენსკიმ. ასევე, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ აშშ-ის პირობები სასარგებლო წიაღისეულის შესახებ შეთანხმებაში ვალის ხასიათს ატარებდა, რომელიც უკრაინას აშშ-ისთვის უნდა გადაეხადა. „ვიცი, რომ ჩვენ გვქონდა 100 მილიარდი დოლარი აშშ-ისგან და არ ვაპირებ 500-ის აღიარებას, ვინც რას უნდა ამბობდეს“, – აღნიშნა ზელენსკიმ. მისივე თქმით, არ სურს 100 მილიარდის ოდენობის ვალის აღიარება, რადგან არ თვლის აშშ-ის ფინანსურ დახმარებას ვალად. ზელენსკის თქმით, აშშ-თან წიაღისეულის შესახებ შეთანხმების პირობები უკრაინას ავალდებულებს ორჯერ მეტი თანხის დაბრუნებას, ვიდრე აშშ უკრაინას მისცემს. უკრაინის პრეზიდენტმა შეადარა უკრაინისთვის გაწეული დახმარება ისრაელის შემთხვევას და აღნიშნა, რომ უკრაინის მიმართ უსამართლო მიდგომაა. „მე არ მოვაწერ ხელს იმას, რასაც უკრაინელების ათი თაობა გადაიხდის“, – აღნიშნა ზელენსკიმ.​​​​​ ამასთან, ზელენსკის სთხოვეს, კომენტარი გაეკეთებინა ტრამპის სიტყვებზე, რომელმაც მას „დიქტატორი“ უწოდა ომის დროს არჩევნების ჩატარებაზე უარის თქმის გამო. ზელენსკიმ განაცხადა, რომ არ არის ნაწყენი ამ განცხადების გამო და აღნიშნა, რომ ნამდვილად არ გახდება დიქტატორი. „აქ ემოციების ადგილი არ არის. მე პრაგმატული მიდგომა მაქვს აშშ-ის დღევანდელ ადმინისტრაციასთან ურთიერთობებში და ასე გავაგრძელებ. თუმცა, რა თქმა უნდა, პრეზიდენტ ტრამპის ამ სიტყვებს ჩემ მიმართ კომპლიმენტებს ვერ დავარქმევდი, რბილად რომ ვთქვათ. მე ასე მესმის ეს. მაგრამ რატომ უნდა გვეწყინოს? სიტყვა „დიქტატორი“ შეიძლება, მას ეწყინოს, ვინც დიქტატორია. მე კი ამას ასე აღვიქვამ – რა გაეწყობა, როგორღაც ვიცხოვრებთ აშშ-თან ერთად. დიქტატორები ნამდვილად არ გავხდებით. ეს უბრალოდ არ არის საინტერესო. მე კანონიერად არჩეული პრეზიდენტი ვარ, არანაირი ძალით არ მოვსულვარ ხელისუფლებაში. მე ამირჩია 73%-მა. სხვათა შორის, პარლამენტარებიც, რომლებიც იმავე დროს მოვიდნენ, არავის დაუნიშნავს, პარლამენტი აირჩია უკრაინის ხალხმა. სამხედრო მდგომარეობის დასრულების შემდეგ ჩატარდება არჩევნები და ხალხი გააკეთებს თავის არჩევანს“, – განაცხადა ზელენსკიმ. ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ არ აპირებს ხელისუფლებაში იყოს „ათწლეულები“, მაგრამ არც რუსეთის მმართველს, ვლადიმერ პუტინს მისცემს საშუალებას, იყოს ხელისუფლებაში უკრაინის ტერიტორიაზე. „სიტყვები კი უბრალოდ გაივლის. შესაძლოა, ოდესმე რაიმე კარგიც თქვან“, – აღნიშნა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მისთვის მნიშვნელოვანია, რას ფიქრობენ მასზე უკრაინელები, ისევე როგორც ტრამპისთვის მნიშვნელოვანია, რას ფიქრობენ მასზე ამერიკელები.

ბოლო სიახლეები