„ვირუსის მძიმე მიმდინარეობისგან თავის დაცვა მხოლოდ ვაქცინაციით და ბუსტერ დოზით არის შესაძლებელი“, – ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის თქმით, „ომიკრონი“ რისკჯგუფებში გართულებას იწვევს.
„მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ვამბობთ „ომიკრონი“ არ არის მძიმედ მიმდინარე ვარიანტი დელტასთან შედარებით, მოსახლეობის გარკვეულ ჯგუფებში და ესენი არიან რისკჯგუფები, ესენი არიან 65 წელს გადაცილებული მოსახლეობა მათთვის გართულების და საავადმყოფოში მოხვედრის რისკი მაინც მაღალი რჩება. როგორც წინა მუტაციების, ისე „ომიკრონის“ შემთხვევაში, ერთადერთი რეალური შესაძლებლობა საავადმყოფოში მოხვედრის, მძიმე შემთხვევების და ლეტალობისგან თავის დაცვისთვის, ეს არის ვაქცინაცია. განსაკუთრებით ნათლად ჩანს ბუსტერ დოზების დამცველობითი მნიშვნელობა“, – აცხადებს ივანე ჩხაიძე.
