უამრავი ადამიანი არის დაზარალებული და არავინ არის პასუხისგებაში მიცემული, ვინც პოტენციურად შეიძლება იყოს დანაშაულის ჩამდენი , – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
უფრო ზუსტად, იოსელიანმა გადაცემაში სახალხო დამცველის 2024 წლის ანგარიშზე ისაუბრა, აპრილი-მაისის საპროტესტო აქციების კონტექსტში და ხაზი გაუსვა, რომ ნოემბერში კიდევ უფრო მეტი „ვნახეთ არასათანადო მოპყრობის სავარაუდო ფაქტები”.
„ეს არის 2024 წლის ანგარიში და ეხება აპრილი-მაისის აქციებს და არა ნოემბრის აქციებს, თუმცა დიდი სხვაობა არ იყო, ნოემბრის აქციებზე კიდევ უფრო მეტად ვნახეთ არასათანადო მოპყრობის სავარაუდო ფაქტები, ვიდრე ეს იყო გაზაფხულის აქციებზე.
რა თქმა უნდა, ამ საკითხებზე ვაგრძელებთ მუშაობას სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან, რა თქმა უნდა, ვაფასებთ გამოძიების პროცესს. ფაქტი არის ის, რომ და ამას ვერავინ გაექცევა, რომ უამრავი ადამიანი არის დაზარალებული და არავინ არის პასუხისგებაში მიცემული, ვინც პოტენციურად შეიძლება იყოს დანაშაულის ჩამდენი.
დღევანდელი აქციები პროტესტის მონაწილეების მხრიდან ძალადობრივ ხასიათს არ ატარებს, რა თქმა უნდა, პოლიციის მხრიდან შემცირებულია ეს მოპყრობა“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.