პარასკევი, იანვარი 10, 2025

ოკუპირებულ აფხაზეთში, ხანძრისას დაღუპული ბავშვები საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალეს

ოკუპირებულ აფხაზეთში მომხდარი ხანძრისას ტრაგიკულად დაღუპული 5 ბავშვი საბერიოში, საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალეს.

დილიდან, ენგურის ხიდის მიმდებარედ შეიკრიბნენ ოჯახის ახლო ნათესავები, ბავშვების სკოლისა და ბაღის მასწავლებლები და აღმზრდელები, რათა უკანასკნელ გზაზე გაეცილებინათ და პატივი მიეგოთ დაღუპულების ხსოვნისთვის.

დღეს, გამონაკლისის სახით, ათობით ადამიანს მიეცა საშუალება, რომ შეუფერხებლად და ზედმეტი შეზღუდვის გარეშე გადაადგილებულიყო საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, გაევლო ენგური ხიდი და გადასულიყო ოკუპირებულ საბერიოში.

ტრაგედიასთან დაკავშირებით, 9 იანვარი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დაშვებულია სახელმწიფო დროშები. დროშები დაშვებულია ყველა სახელმწიფო შენობაზე, მათ შორის მთავრობის ადმინისტრაციის, პრეზიდენტის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს შენობებზე, ასევე – ყველა სამხედრო ქვედანაყოფში.

შეგახსენებთ, რომ 5 იანვარს, სოფელ საბერიოში, სახლში გაჩენილ ხანძარს ხუთი ბავშვი ემსხვერპლა. ხანძარი ბენზინის აალების შედეგად გაჩნდა. სახლში ბავშვებთან ერთად მხოლოდ მათი ბებია იმყოფებოდა. ისინი სტუმრად იყვნენ ბებიასთან, თავად კი, დედ-მამასთან ერთად, ზუგდიდის რაიონის სოფელ ახალკახათში, დევნილთა კომპაქტურ დასახლებაში ცხოვრობდნენ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ცნობილია კაცის ვინაობა, რომლის ცხედარი 4 თვიანი ძებნის შემდეგ სასაფლაოზე იპოვეს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში, 39 წლის მურთაზ რუსტამოვის ცხედარი სასაფლაოზე 4 თვიანი ძებნის შემდეგ იპოვეს. გარდაცვლილის ახლობლების თქმით, ცხედარს კიდურები მოკვეთილი ჰქონდა. ადგილობრივების თქმით, რამდენიმე დღის წინ ჯერ კაცის ტელეფონი და პირადობის მოწმობა აღმოაჩინეს, ხოლო მოგვიანებით მისი ცხედარი. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

ზურაბ ქადაგიძე: ოცნების მთავარი დაპირება, რომ აუცილებლად მოხდებოდა რეჟიმის გასამართლება, დღეიდან იწყება – მილიონობით მოქალაქე ელოდება, ქართულ “ნიურნბერგის” პროცესს

„ნაციონალური მოძრაობა, როგორც ბოროტების სათავე, უნდა ამოიძირკვოს ქართული რეალობიდან და დამსახურებული ადგილი მიეჩინოს, ისტორიულ სანაგვეზე!“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე. "ენჯეოკრატია", რომელმაც სამოქალაქო საზოგადოების სახელით გადააგვარა სამოქალაქო საზოგადოება; ფსევდო-სუვერენიტეტი, როდესაც საგარეო თუ საშინაო პოლიტიკა უცხო ქვეყნის ელჩებითა და საერთაშორისო აქტორებით ხორციელდებოდა; მედია-პლურალიზმის სახელით დამკვიდრებული - ლიბერალური ცენზურა; პატრიოტიზმით შეფუთული, ოკუპაციის ხელშეწყობა, საკუთარ ჯარისკაცებზე ომის დანაშაულების დაბრალება; ეკონომიკის სტიმულირებით შელამაზებული, სტრატეგიული ობიექტებისა და სახელმწიფო ქონების გადაცემა ოკუპანტ ქვეყანაზე; მონოპოლიზებული ბიზნესები და რეგულაციების გაუქმება; ჰუმანიზმის სახელით დამკვიდრებული ლიბერალური ფაშიზმი; ეს მცირე ჩამონათვალია იმ ბოროტი მემკვიდრეობისა, რაც ნაციონალურმა მოძრაობამ 2012 წელს დატოვა. ოცნების მთავარი დაპირება, რომ აუცილებლად მოხდებოდა რეჟიმის გასამართლება, დღეიდან იწყება და მილიონობით მოქალაქე ელოდება ქართულ "ნიურნბერგის" პროცესს, რომელსაც სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასებები მოჰყვება. ნაციონალური მოძრაობა, როგორც ბოროტების სათავე, უნდა ამოიძირკვოს ქართული რეალობიდან და დამსახურებული ადგილი მიეჩინოს ისტორიულ სანაგვეზე!“ - წერს ზურაბ ქადაგიძე.

ჯორჯია მელონი აცხადებს, რომ ილონ მასკი არ წარმოადგენს საფრთხეს დემოკრატიისთვის

იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯია მელონის განცხადებით, ილონ მასკი არ წარმოადგენს საფრთხეს დემოკრატიისთვის. მელონის თქმით, ჯორჯ სოროსი არის ის, ვინც ერევა სხვა ქვეყნების პოლიტიკაში. „პრობლემა არის მაშინ, როცა მდიდარი ადამიანები იყენებენ რესურსებს პარტიების, ასოციაციებისა და პოლიტიკოსების დასაფინანსებლად მთელ მსოფლიოში, რათა გავლენა მოახდინონ ეროვნული სახელმწიფოების პოლიტიკურ არჩევანზე, მაგალითად, რასაც აკეთებს ჯორჯ სოროსი“, – განაცხადა ჯორჯია მელონიმ. იტალიის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მისი აზრით, სწორედ ეს არის ჩარევა სახელმწიფოების საქმეებში და მათ სუვერენიტეტში. „პრობლემა არის ის, რომ ილონ მასკი გავლენიანი და მდიდარია, თუ ის, რომ არ არის მემარცხენე?“,- აღნიშნა მელონიმ ჟურნალისტებთან საუბრისას. ცნობისთვის, ევროპელი ლიდერების ნაწილი ილონ მასკს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტებით შიდა პოლიტიკაში ჩარევასა და ტრანსატლანტიკური კავშირების გაუარესებაში ადანაშაულებენ.

ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება

„ნაპოლის“ ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენში“ გადასვლას დათანხმდა, ფრანგები აჩქარებენ და ტრანსფერის შაბათ-კვირისთვის დასრულება სურთ, – ინფორმაციას AreaNapoli ავრცელებს. „ხვიჩა კვარაცხელია და „ნაპოლი“, შესაძლოა, ერთმანეთს რამდენიმე დღეში დაემშვიდობონ, სიახლე სულ უფრო და უფრო სანდო ხდება. იყო კონტაქტი პსჟ-სთან, მაგრამ გარიგება მხოლოდ ნეაპოლელთა პირობებით გაფორმდება – 80 მილიონი ევრო. ამასობაში, ფეხბურთელმა ფრანგებს თანხმობა პირადად განუცხადა. ქართველის დამატება პარიზელებს გასულ ზაფხულსაც სურდათ. ეიფელის კოშკის ჩრდილში ის ბევრად მეტს გამოიმუშავებს და ევროპის ერთ-ერთ ტოპ-კლუბშიც ჩაირიცხება. ჩვენი ინფორმაციით, პარიზელებს, სურთ გარიგების შაბათ-კვირისთვის დასრულება, რათა ქართველი უკვე მომავალ კვირას ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტ მატჩებში დაეხმაროს. გარიგება, შეიძლება, დასრულდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფრანგები „ნაპოლის“ მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ და 80 მილიონ ევროს გადაიხდიან“.

ილჰამ ალიევი ირაკლი კობახიძეს საბერიოში მომხდარი ტრაგედიის გამო სამძიმარს უცხადებს

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარი ტრაგედიის გამო სამძიმარს უცხადებს. „ბატონო პრემიერ-მინისტრო, ღრმად დამწუხრებული ვართ გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარი ხანძრის შედეგად ხუთი ბავშვის დაღუპვის გამო. მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით ვიზიარებ თქვენს მწუხარებას და პირადად ჩემი და აზერბაიჯანელი ხალხის სახელით გულწრფელად გისამძიმრებთ პირადად თქვენ, გარდაცვლილი ბავშვების ოჯახს, ახლობლებსა და მთელს ქართველ ხალხს“,- აღნიშნავს ილჰამ ალიევი.

ბოლო სიახლეები