საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ცხელი ხაზით მიღებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე წლის 7 დეკემბერს, ოკუპირებულ აფხაზეთში, უკანონო პატიმრობაში მყოფ ირაკლი ბებუას, 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, უკანონოდ მიესაჯა.
უწყების ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე დაუყოვნებლივ მოხდა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების ინფორმირება. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი და აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა საერთაშორისო პარტნიორებთან.
ირაკლი ბებუას, ისევე როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე, უკანონო პატიმრობაში მყოფი, საქართველოს მოქალაქეების უპირობო გათავისუფლების საკითხი, მკაცრად დადგება მიმდინარე წლის 10-11 დეკემბერს დაგეგმილი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგ რაუნდზე.
უკანონოდ დაკავებულ მოქალაქეს ე.წ. „გამოძიება“ ე.წ. „სახელმწიფო სიმბოლოს“ შეურაცხყოფას, დამამძიმებელ გარემოებებში სხვისი ქონების განზრახ განადგურებას და იარაღის, საბრძოლო მასალების, ასაფეთქებელი ნივთიერებების და მოწყობილობების უკანონო შეძენას, გადაცემას, რეალიზაციას, ტრანსპორტირებასა და ტარებას ედავება.