საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მესამე მოსმენით იმსჯელებს. ერთ-ერთი მათგანი უცხოეთში მყოფი პირების არჩევნებში მონაწილეობის წესს ეხება.
სიახლის მიხედვით, საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები აღარ გაიხსნება.
მმართველი გუნდი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ცვლილება საჭიროა, რადგან საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები მოქალაქეების დაცვა უარყოფითი გავლენისგან ვერ ხერხდება.
“ყველა უნდა დავიცვათ, რომ ხმის მიცემის საშუალება ჰქონდეს თავისუფალ გარემოში. ასეთი თავისუფალი გარემო, თავისი ელექტრონული სისტემით, არის საქართველოში. ოთხ წელიწადში ერთხელ შეიძლება იმის ორგანიზება, რომ რაღაც გარკვეული პერიოდით ქვეყანას დაუბრუნდე.
გარდა ამისა, მომავალი არჩევნებისთვის, ვფიქრობთ, რომ საქართველოში გაცილებით უკეთესი იქნება იმისთვის, რომ ყველა მოქალაქემ, როგორი პოლიტიკური შეხედულებებიც არ უნდა ჰქონდეს, საკუთარი სამუშაო ადგილი იპოვოს საკუთარ ქვეყანაში,” – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ.

