კვირა, დეკემბერი 29, 2024

ნუცა ბუზალაძე მიმართვას ავრცელებს

მომღერალი ნუცა ბუზალაძე გულშემატკივრებისთვის მიმართვას ავრცელებს.

„ჩემო გულშემატკივრებო, ახალი ალბომის და კლიპის პრეზენტაცია გადაიდო 28 იანვარს  ბედნიერი შობა-ახალი წელი ყველას!“ – წერს ბუზალაძე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

მამუკა ხაზარაძე – რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიეღო სალომე ზურაბიშვილს, ჩვენ მას მხარს დავუჭერდით

პრეზიდენტის ლეგიტიმაციის ძალა არის ხალხი! ლეგიტიმური პრეზიდენტი უნდა იყოს ხალხთან! რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიეღო სალომე ზურაბიშვილს, ჩვენ მას მხარს დავუჭერდით, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს. „მე გულწრფელად მივესალმები პრეზიდენტის დღევანდელ გადაწყვეტილებას, ეს ძალიან სწორი ნაბიჯი იყო! რუსი ოლიგარქის კარზე მიმდინარე სამარცხვინო პაროდიის ფონზე, დღეს კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა თავისუფალი, ქართველი ხალხის უპირატესობა! ბრძოლა გრძელდება! ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ, ერთად დავასრულებთ ამ არალეგიტიმურ ხელისუფლებას! ჩვენ ერთად დავასრულებთ კრიზისს ჩვენს ქვეყანაში და წავიყვანთ საქართველოს ევროპაში!“,- წერს ხაზარაძე სოციალურ ქსელში. სალომე ზურაბიშვილმა დღეს განაცხადა, რომ ორბელიანების სასახლეს დატოვებს.  

ირაკლი კობახიძე – სალომე ზურაბიშვილი იყო „ნაცმოძრაობის“ და არა საქართველოს პრეზიდენტი, დღეს ის გახდა უბრალოდ მოქალაქე ზურაბიშვილი, არავითარი კუთხით აღარ არის საინტერესო

მოქალაქე ზურაბიშვილი აღარ არის არავითარი თვალსაზრისით საინტერესო, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით,  მანამდეც ის იყო, რეალურად, ფაქტობრივად, „ნაცმოძრაობის“ და არა საქართველოს პრეზიდენტი. „მოქალაქე ზურაბიშვილი აღარ არის არავითარი თვალსაზრისით საინტერესო, მანამდეც ის იყო, რეალურად, ფაქტობრივად, „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტი და არა საქართველოს პრეზიდენტი. დღეს ის გახდა უბრალოდ მოქალაქე ზურაბიშვილი, არავითარი კუთხით აღარ არის ის საინტერესო“, – განაცხადა პრემიერმა.

მიხეილ ყაველაშვილი – სწორედ სახელმწიფოებრიობა და ის ღირებულებები, რაზეც დგას ქართველი ერი, უნდა იყოს ჩვენი საზოგადოების გამაერთიანებელი

ყველასათვის ნათელია, რომ ჩვენ ვართ თავისუფლების მოყვარე ერი და ჩვენი გამორჩეული ღირებულება თავისუფლების სიყვარულია. სიტყვა თავისუფლება, უფლებასთან ერთად – ასევე მოიცავს პასუხისმგებლობას და იმ ღირებულებების დაცვას, რომლისთვის ბრძოლამაც ეს თავისუფლება მოგვიტანა, ეს არის უკვდავი იდეისთვის ბრძოლა, რომელსაც საქართველო ჰქვია. სწორედ ეს იდეა მოიცავს ჩვენი ისტორიის, კულტურის, ტრადიციების, ეროვნული იდენტობისა და სარწმუნოების პატივისცემას, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ინაუგურაციაზე სიტყვით გამოსვლისას. როგორც ყაველაშვილმა აღნიშნა, თავისუფლება უპირველეს ყოვლისა, სწორედ უფლის და ჭეშმარიტების ძიებას გულისხმობს საკუთარ თავში, ისევე, როგორც სიკეთისკენ და სიყვარულისკენ სწრაფვას, რაც ჩვენს საზოგადოებას დღეს ძალიან სჭირდება. „ქართულ ენაში, თავისუფალი სიტყვა-სიტყვით ნიშნავს, რომ იყო საკუთარი თავის – უფალი, არ იყო დამოკიდებული არავიზე და არაფერზე; საკუთარი – სინდისის, ნამუსის, ადამიანობისა და შინაგანი ხმის გარდა. თავისუფლება უპირველეს ყოვლისა, სწორედ უფლის და ჭეშმარიტების ძიებას გულისხმობს საკუთარ თავში. ისევე, როგორც სიკეთისკენ და სიყვარულისკენ სწრაფვას, რაც ჩვენს საზოგადოებას დღეს ასე ძალიან სჭირდება. თავისუფლება არ ნიშნავს ყველაფრის უფლებას! ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს რომ, ჩვენი უფლებები მთავრდება იქ, სადაც სხვისი იწყება. თავისუფლება ასევე გულისხმობს კრიტიკულ აზროვნებას, კითხვების დასმას და დისკუსიას, რაც, ნებისმიერ შემთხვევაში, განსხვავებული პოზიციების დაახლოების უმთავრესი წინაპირობაა“, – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა. მიხეილ ყაველაშვილის თქმით, სწორედ საქართველოს თავისუფალმა მოქალაქეებმა, უპირველეს ყოვლისა პატივი უნდა ვცეთ ჩვენს კონსტიტუციას, სახელმწიფო ინსტიტუტებს, კანონის უზენაესობასა და იმ წესებს, რომელსაც ადგენს სახელმწიფო. „სახელმწიფოებრიობის განცდა და შეგრძნება უპირველესია ძლიერი საზოგადოების და ქვეყნის შენების გზაზე. სწორედ სახელმწიფოებრიობა და ის ღირებულებები, რაზეც დგას ქართველი ერი, უნდა იყოს ჩვენი საზოგადოების გამაერთიანებელი. ზუსტად თავისუფლების, წესების და ეროვნული იდენტობის დაცვის ასეთ გაგებაში დაინახა ქართველმა ხალხმა შესაძლებლობა ევროპულ ოჯახში, რომელიც უნდა იყოს საშუალება ჩვენნაირი პატარა ერისთვის დავიცვათ ჩვენი კულტურა, ღირებულებები, ტრადიციები, ისტორია, ენა, სარწმუნოება და სახელმწიფოებრიობა. თუკი, არსებობს ქართველი ადამიანი ვინც შეიძლება ამ ღირებულებებს და შეხედულებებს არ იზიარებს, ალბათ საკუთარ თავს უნდა დაუსვას კითხვა – ვის ან რას შეიძლება ემსახურებოდეს?!“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მიხეილ ყაველაშვილი – განსაკუთრებული სიფრთხილე და წინდახედულობა გვმართებს, წარსულში დაშვებული შეცდომების გაანალიზება უნდა იყოს თითოეული ჩვენი მომავალი გადაწყვეტილების საწინდარი

ქართველ ხალხს ყოველთვის კარგად ჰქონდა გათავისებული, რომ მშვიდობა გადარჩენისა და განვითარების მთავარი საწინდარია. კეთილდღეობის მიღწევა, უწყვეტი განვითარება, უსაფრთხო და ნათელი მომავლის უზრუნველყოფა, ბედნიერებისკენ სწრაფვა მხოლოდ იმ პირობებშია შესაძლებელი, თუკი არსებულ გამოწვევებს სიფრთხილით მოვეკიდებით, გავაანალიზებთ ჩვენს წინაშე არსებულ საფრთხეებს და გადაწყვეტილებებს არა ემოციებზე დაყრდნობით, არამედ გააზრების შედეგად მივიღებთ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ინაუგურაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც ყაველაშვილი აღნიშნავს, ქართველი ხალხი განსაკუთრებული ემოციურობით გამოირჩევიან, რითაც  არაკეთილმოსურნეები ხშირად სარგებლობენ, ამიტომ მნიშვნელოვანია  წარსულში დაშვებული შეცდომების გაანალიზება და მხოლოდ ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედება. „ალბათ დამეთანხმებით, რომ ჩვენ, ქართველი ხალხი განსაკუთრებული ემოციურობით გამოვირჩევით, რითაც ჩვენი არაკეთილმოსურნეები ხშირად სარგებლობენ. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებული სიფრთხილე და წინდახედულობა გვმართებს! წარსულში დაშვებული შეცდომების გაანალიზება უნდა იყოს თითოეული ჩვენი მომავალი გადაწყვეტილების საწინდარი. ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა. მისივე თქმით, ჩვენი ისტორია და ქართული სუფრა მკაფიოდ გვიჩვენებს ქართველების დამოკიდებულებას მშვიდობის მიმართ. „ჩვენი ისტორია მკაფიოდ გვიჩვენებს, რომ სამშობლოსა და ტრადიციების დასაცავად გადატანილი უამრავი ბრძოლის კვალდაკვალ, ქართველი კაცისთვის ერთ-ერთი მთავარი მიზანი და ღირებულება იყო მშვიდობა, როდესაც ჩვენს ერს სიმშვიდეში – შრომის, საკუთარი კულტურის გამდიდრების, გენიალური ხელოვნების ნიმუშებისა და ხუროთმოძღვრების ძეგლების შექმნის შესაძლებლობა უნდა ჰქონოდა. მოგეხსენებათ, ქართული სუფრა არამხოლოდ ჩვენი ტრადიციებისა და დამოკიდებულებების გამოვლინებაა, არამედ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რომელიც ყველაზე უკეთ გვიჩვენებს ჩვენი – ქართველების დამოკიდებულებას მშვიდობის მიმართ. ნებისმიერი ქართული ტრადიციული სუფრა უფლისა და მშვიდობის სადღეგრძელოთი იწყება. ამით ქართველი კაცი ღმერთს ადიდებს, მადლიერებას გამოხატავს და პირველ რიგში მშვიდობას შესთხოვს. ეს აიხსნება სწორედ ჩვენი წარსულით, იმით, რომ ომებისგან დაქანცულ ქართველებს მშვიდობა სანატრელად გვაქვს ქცეული“, – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

მიხეილ ყაველაშვილი – ჩვენმა ხალხმა შექმნა ქვეყანა და რაც მთავარია, მარადიული იდეა, რომელსაც სამშობლო ჰქვია, სწორედ ამ იდეას უფრთხილდება და იცავს მუდმივად ქართველი ერი

საქართველომ საუკუნეების განმავლობაში მრავალი ქარტეხილი გამოიარა, ჩვენმა ჭირ-ვარამ გამოვლილმა ხალხმა კი საკუთარი სამშობლოსა და ღირსების დასაცავად, ერთი შეხედვით შეუძლებელი შეძლო – მსოფლიოს უდიდეს იმპერიებთან, ბევრად მრავალრიცხოვან მტერთან ათასწლეულების მანძილზე შეუპოვრად იბრძოლა, გადარჩა და შემოგვინახა ის ღირებულებები და ფასეულობები, რომელსაც ჩვენი ერი დაეფუძნა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ინაუგურაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც ყაველაშვილმა აღნიშნა, საქართველო ისტორიული ერია, ქართველებმა შექმნეს ქვეყანა და რაც მთავარია – მარადიული იდეა, რომელსაც სამშობლო ჰქვია და სწორედ ამ იდეას უფრთხილდება და იცავს მუდმივად ქართველი ერი. მისივე თქმით, მშვიდობისთვის მუდმივმა ბრძოლამ ხალხს ხასიათი გამოუწრთო და ერთობის სასიცოცხლო მნიშვნელობაში დაარწმუნა; ერთობის, რომელიც ურთიერთპატივისცემაზე, ოჯახისა და სამშობლოს სიყვარულზეა დაფუძნებული. „ყველასთვის ცნობილია, რომ ჩვენ ერთ-ერთი გამორჩეული და ისტორიული ერი ვართ, რომლის ჩამოყალიბებაც უძველეს დროში დაიწყო – ჩვენმა ხალხმა შექმნა ქვეყანა და რაც მთავარია – მარადიული იდეა, რომელსაც სამშობლო ჰქვია. სწორედ ამ იდეას უფრთხილდება და იცავს მუდმივად ქართველი ერი. ჩვენ შევქმენით უნიკალური კულტურა, რომელიც აგერ უკვე საუკუნეებია, დროსა და სივრცეში უხილავი ძაფებით – საერთო ტრადიციებითა და ღირებულებებით გვაკავშირებს ქართველებს. მშვიდობისთვის მუდმივმა ბრძოლამ და მტრების მოგერიებაში გატარებულმა ასწლეულებმა ჩვენს ხალხს ხასიათი გამოუწრთო და ერთობის სასიცოცხლო მნიშვნელობაში დაარწმუნა; ერთობის, რომელიც ურთიერთპატივისცემაზე, ოჯახისა და სამშობლოს სიყვარულზეა დაფუძნებული; სადაც ძლიერი ოჯახი ძლიერ საქართველოს ნიშნავს, ხოლო ძლიერი საქართველო ძლიერი ოჯახის ტოლფასია. ქართული ოჯახი არის ადგილი, სადაც შვილები ბავშვობიდან სწავლობენ მშობლებისა და ბებია-ბაბუების პატივისცემას, თავისუფლების სიყვარულს, უსამართლობასთან ბრძოლას, განსხვავებული აზრის პატივისცემას და ეზიარებიან ჩვენი წინაპრების მიერ შემონახულ ტრადიციებს, რომელიც აერთიანებს ქართველ ხალხს“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა. მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, რომ ქართული ენა ყველაზე კარგად აჩვენებს ქართველი ადამიანის ხასიათს და იმ ემოციებს, რომელიც მხოლოდ ქართველებისთვისაა დამახასიათებელი. „ქართველი ხალხის ბუნება, ისტორია და კულტურა კარგად ჩანს ჩვენს ენაში, რომელიც მსოფლიოს უძველეს ენათა შორის იკავებს საპატიო ადგილს. არაერთი ქართული სიტყვა, ფრაზა თუ გამონათქვამი ანარეკლია ჩვენი წარსულის, რომელიც სავსეა ქართველი ხალხის თავდადებისა თუ შეუპოვრობის ისტორიებით. ქართულ ენაზე შექმნილია მსოფლიო დონის არაერთი შედევრი, რომელიც დღესაც აღაფრთოვანებს მკითხველს. ქართული ენა ყველაზე კარგად აჩვენებს ქართველი ადამიანის ხასიათს და იმ ემოციებს, რომელიც მხოლოდ ჩვენთვისაა დამახასიათებელი“,  – განაცხადა პრეზიდენტმა.

ბოლო სიახლეები