დღევანდელი გამოსვლა პრაქტიკულად, არის აღიარება იმის, რომ ვერ მოხერხდა ამ ურთიერთობების ჩამოყალიბება და ვერ დაიძლია ის საერთაშორისო კრიზისი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას აქვს ჩვენს ყველა სტრატეგიულ პარტნიორთან, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
„პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ეს არის უმძიმესი რეალობა და ნამდვილი დრამა ქართული სახელმწიფოსთვის. რეალურად, ამ შემთხვევაში, ამ ფაქტის კონსტატაციისას ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ დაიკარგა საქართველოს ისტორიულ-პოლიტიკური იდეა, რაც გულისხმობდა დასავლურ სამყაროსთან დაახლოებას“, – განაცხადა წიკლაურმა.
მისი თქმით, როდესაც აშშ-ის კონგრესი უდიდესი უმრავლესობით, 80%-ით იღებს რაღაც გადაწყვეტილებას, საუბარი იმაზე, რომ რაღაც მასონური ძალები ებრძვიან ხელისუფლებას და „დიფ სთეითი არსებობს, ეს არის ქართული საზოგადოების შეურაცხყოფა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ექნება თუ არა მხარდაჭერა მეგობარი აქტს“ აშშ-ის სენატში, ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა, რომ მას ახლა ამის პროგნოზირება არ შეუძლია, თუმცა ინდიკაციები არსებობს.
„ეს წერილი, რომელიც გამოქვეყნდა, სადაც არის ლაპარაკი და შეურაცხმყოფელი ტონალობა, რაღაც „დიფ სთეითზე“ მიმართებები, სამწუხაროდ, არ ტოვებს უკეთესის იმედს“, – განაცხადა წიკლაურმა.