სხვა სიტყვა ვერ მომიფიქრებია, ეს იყო სპეციალურად ჩატარებული სისხლიანი სპეცოპერაცია. იქ ადამიანები იდგნენ წყნარად, სანთლები გვეჭირა ხელში. ერთხელაც არ მიგვიცია საბაბი, რომ დაშლის მოტივი ჰქონოდათ, – ამის შესახებ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაზე“ მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილმა 2011 წლის 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.
ნონა გაფრინდაშვილის თქმით, მაშინ ხალხი აცნობიერებდა, რომ ქვეყანაში იყო საშინელი ვითარება, ხდებოდა უბედურებები და რაღაც უნდა გაკეთებულიყო ამის დასასრულებლად, თუმცა ყველაფერი უნდა მომხდარიყო მშვიდობიანად.
ნონა გაფრინდაშვილი ამბობს, რომ 26 მაისის აქციის დაშლისას, ხალხმა სცადა გაქცევა, მაგრამ გასაქცევი არ ჰქონდათ.
იმ დღეს, 26 მაისს ჩვენ გვინდოდა, ჩაგვეტარებინა აქცია, გველაპარაკა, ვინაიდან თორმეტ საათზე უკვე დამოუკიდებლობის დღე დაიწყებოდა, იმ შემთხვევაში, თუ ხალხი იქნებოდა, კონცერტი ჩაგვეტარებინა. „უცნობი“ იყო მოსული, რომ კონცერტი ჩაეტარებინა. თორმეტს რომ ათი წუთი აკლდა, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელი ამოვიდა სცენაზე და გვითხრა, დავშლილიყავით. ჩვენ ვუთხარით, რომ ხელში გვეჭირა სანთლები, მეტი ჩვენ არაფერი გვქონდა. ჩვენი მხრიდან არცერთხელ ყოფილა არც შეჭრა სადმე, ან რაღაც – ხელში არასდროს არაფერი გვქონდა, ერთი შეურაცხყოფაც კი არასდროს მიგვიყენებია, რომ ტრიალებდნენ ხოლმე ირგვლივ ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები. გვითხრეს, დავშლილიყავით. ჩვენ ვუთხარით, რომ არ ვაპირებთ ღამის გათენებას, გვინდა, თორმეტ საათზე კონცერტი ჩავატაროთ, აღვნიშნოთ, რადგან მთავრობა აპირებდა მეორე დღეს, თუ არ ვცდები, ხუთ საათზე იქ აღლუმის ჩატარებას. ჩვენ გვინდოდა, თორმეტ საათზე ჩაგვეტარებინა და დავშლილიყავით, მაგრამ კონცერტის დაწყება არ გვაცადეს. ჩვენ ხალხს ვუთხარით, რომ ვაპირებთ კონცერტის ჩატარებას, ვინაიდან ასეთი სიტუაციაა, ვისაც გინდათ, დარჩით, ვისაც გინდათ, წადით. არავის ფეხი არ მოუცვლია, ათასამდე ადამიანი იყო. ჩვენი სცენა იყო პარლამენტის მოპირდაპირე მხარეს. ხალხი იდგა შუაში, შევსებული იყო. ამიტომ ვთვლით, რომ დაახლოებით ათასი ადამიანი იყო იქ. თორმეტ საათზე უკვე წამოიწია კორდონებმა, სამი კორდონი იყო, რომ მოგვიახლოვდნენ, ისეთი რაოდენობის გაზი გაუშვეს და იმდენი ტყვია დაგვახალეს ყველას, ისროლეს სცენისკენაც, ხალხს პირდაპირ. თანაც ამინდი გაფუჭებული იყო, წვიმა იყო, უკვე აციებული იყო, ამ სიტუაციაში ისეთი სისწრაფით დაგვესიენ, ხალხმა სცადა გაქცევა, მაგრამ გასაქცევი არ ჰქონდა.
სხვა სიტყვა ვერ მომიფიქრებია, ეს იყო სპეციალურად ჩატარებული სისხლიანი სპეცოპერაცია. იქ ადამიანები იდგნენ წყნარად, სანთლები გვეჭირა ხელში და შემდეგ კადრი ვნახე, „უცნობი“, რომელიც მოსული იყო კონცერტის ჩასატარებლად, დასისხლიანებული როგორ გამოდის შსს-დან. ბედზეა გადარჩენილი. ერთხელაც არ მიგვიცია საბაბი, რომ დაშლის მოტივი ჰქონოდათ. შენ თუ წყნარად ლაპარაკობ, დემოკრატია გაძლევს ამის უფლებას. ახლა ისეთ რაღაცებს ლაპარაკობენ საერთოდ, მოწოდებებიც არის ძალადობისკენ, ყველაფერი, ზოგიერთ ქვეყანაში ეს ისჯება. ამას პატიობდნენ და ჩვენ მსგავსი რაღაცაც არ გაგვიკეთებია. უბრალოდ ვაცნობიერებდით, რომ არის საშინელი სიტუაცია და ამას რაღაცით უნდა ეშველოს და ამას სჭირდებოდა ახალი ადამიანების გამოჩენა, რაღაც უნდა გაკეთებულიყო, მაგრამ მშვიდობიანად უნდა მომხდარიყო. ჩვენ უბრალოდ ვყვებოდით, რაც ხდებოდა, რა უბედურებებიც ხდებოდა. მარტო ახალგაზრდა რამდენი ჩაცხრილეს სასამართლოს გარეშე, ეს ფაქტია, როგორ ართმევდნენ ბიზნესს ღამის საათებში. ჩვენ არაფერი გვეჭირა ხელში, მივდიოდით სუფთად. ამ დროს ასეულობით ადამიანს სხვადასხვა დროით აპატიმრებდნენ. ხვდებოდნენ ქუჩაში, ჩასვამდნენ მანქანაში, გააქანებდნენ, რათა შიში არ გამქრალიყო ადამიანებში. “, – განაცხადა ნონა გაფრინდაშვილმა.