საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც ერთ-ერთ თემად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქონებრივი უფლებების ხელყოფის საქმე განიხილება, 2006 წელს ტექნიკურ უნივერსიტეტში ახალგაზრდობის მიმართულების ხელმძღვანელმა ნოდარ მუსერიძემ ისაუბრა.
მან მისი და ლევან ჯაფარიძის დაკავების ეპიზოდი გაიხსენა და აღნიშნა, რომ მისთვის გაუგებარი იყო დაკავების მიზეზი.
“მე და ლევან ჯაფარიძე დაგვაკავეს, მე მოქმედი კომისიის წევრი ვიყავი ცესკოსი და ლევან ჯაფარიძე მაშინ უკვე მემარჯვენეების წევრი იყო. დაკავების მიზეზი ჩვენთვის გაუგებარი იყო. მიზეზი რა გვითხრეს, რომ 2007 წელს ჩატარდა რაღაც პრივატიზაცია, სადაც ჩვენ ვითომ ინტერესი გვქონდა და მერე 2007-ში ის არასწორად ჩატარდა და 2008-ში დაგვიჭირეს, ერთი წლის შემდეგ და რომ მიჭერდნენ, მაგას გეპეისთან ვაკავშირებ და გეტყვით რატომ, მე ვეკითხები 3 საათი იყვნენ შემოსული, 60 კაცი შემოვიდა დასაჭერად და მეუბნება მუხლებს, გავიგე მეთქი ეს და მე რა შუაში ვარ-თქო რაც მომიყევი მეთქი და გამომძიებელი მეუბნება, რომ სად მუშაობდიო? მე ვუთხარი გეპეიში – ახლა სად მუშაობო? ცესკოშითქო. ხომ ხვდები რატომაც გიჭერთო?
3 თვე მე მხოლოდ ვიკვებებოდი გამხმარი პურის ქერქით. 85 კილო ვიყავით რომ დამიჭირეს და 63 კილო გამოვედი. საწოლზე მატრასი არ გვქონდა, ერთი ნაჭერი იყო და ჩვენი ტანისამოსის დაფენის საშუალებასაც არ გვაძლევდნენ. ამის მერე ნერვის ქრონიკული ანთება მაქვს, მიჭირს სიარული,” – აღნიშნა ნოდარ მუსერიძემ.