2021 წელს მოკლული 22 წლის ნიკო კვარაცხელიას დედა საქმის გადაკვალიფიცირებას და პროკურორის, გია შაიშმელაშვილის ჩამოშორებას ითხოვს. როგორც ამის შესახებ თავად იზა ომაძე წერს, მიუხედავად საქმეში არსებული არაერთი მტკიცებულებისა, რომ კვარაცხელიას მკვლელობას დამკვეთი ჰყავდა, მოსამართლემ მკვლელობაში ბრალდებულები დამნაშავედ განზრახ ჯგუფურ მკვლელობაში ცნო.
იზა ომიაძე მიიჩნევს, რომ პროკურორმა განზრახ შეუცვალა საქმეს კვალიფიკაცია, რაშიც მან, სავარაუდოდ, ფულიც აიღო.
იზა ომაძის განცხადება:
“ბატონო პროკურორო, საქართველოს პროკურატურა, ეს ჩემი შვილია, ჩემი ნიკო, რომელიც ოთხი წლის წინ ქალაქის შუაგულში დაქირავებულმა მკვლელებმა უსულო ახალგაზრდებმა დაგვიხვრიტეს. საქმის პროკურორი გია შაიშმელაშვილია, ყოველგვარი ვადა ამოიწურა, მოთმინების ფიალაც გადაივსო, მინდა მოგმართოთ თხოვნით რომ პროკურორი შაიშმელაშვილი საქმიდან ჩამოაშოროთ და ამ საქმეს სწორი კვალიფიკაცია მისცეთ!
რადგან ამ ბატონმა პროკურორმა, ნიკო კვარაცხელიას საქმე ფაქტობრივად ჩაფარცხა, რის და რა ფასად ალბათ ამას თქვენ უკეთ გაიგებთ ვიდრე მე.
საქმეში იყო თითქმის ყველა მტკიცებულება, კონკრეტული სახელები, სამუშაო ტელეფონები უამრავი მტკიცებულება რომ ეს იყო შეკვეთილი მკვლელობა, მაგრამ მან ეს საქმე დაშალა , კვალიფიკაცია შეუცვალა და ისე შემოდო თაროზე…
ეჭვი მაქვს, რომ მან და მისმა პატრონებმა ძალიან დიდი ფული აიღეს, სხვანაირად ადამიანი ასეთ ბოროტებაზე არ წავიდოდა, ვხედავ როგორ უბნელებს თვალს და გონებას დიიიიდი ფული მაღალჩინოსნებს! ჰკითხეთ ვისი მითითებებით მოქმედებდა შაიშმელაშვილი!
მე შემიძლია გითხრათ რომ აუცილებლად დადგება ის დღე როცა ნიკოს მკვლელობის დამკვეთებს თავად მიუჯდება ბატონი შაიშმელაშვილი გვერდით!!! და არა მარტო შაიშმელაშვილი! ისე არ გამწირავს უფალი, ამ დღეს რომ არ მომასწროს…
ვიმეორებ და ათასჯერ გავიმეორებ ნიკო კვარაცხელია არ მოუკლავს თავის თაობას , ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა იყო შეკვეთილი, თუ ვის მიერ ეს თქვენ უნდა დაადგინოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში პირდაპირ თქვენ და თქვენი ხელისუფლება გამოდიხართ დამკვეთი, მე მინდა პირადად თქვენ დაინტერესდეთ ამ საქმით. თქვენი წინამორბედებისავით ნუ დაიდებთ და ნუ დაუტოვებთ შვილებს ცოდვას!
ბატონ ღარიბაშვილს მივმართე, ბატონ გომელაურს მივმართე, ბატონ შოთაძეს მივმართე, რეაგირება ნული, მხოლოდ ის აინტერესებდათ რა სახის პროტესტის მობილიზება შემეძლო!
ჩამოაშორეთ ნიკო კვარაცხელიას საქმეს პროკურორი შაიშმელაშვილი და გადააკვალიფიცირეთ საქმე როგორც შეკვეთილი მკვლელობა! მთელმა საქართველომ იცის რომ ეს იყო შეკვეთილი მკვლელობა! არ დავნებდებით, არ გახდება ეს საქმე ხანდაზმული, ყოველი დღე 15 სექტემბერია ჩვენთვის!” – წერს ნიკო კვარაცხელიას დედა.
22 წლის ნიკო კვარაცხელია ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-ზე მეტი გასროლით 2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე მოკლეს. აღნიშნულ საქმეზე თითქმის ერთთვიანი ძებნის შემდეგ, აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე თბილისში, წყნეთში დააკავეს. მოსამართლე დავით მგელიაშვილის გადაწყვეტილებით, აკო ჭელიძეს 17 წლით, გიორგი კავილაძეს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. მოსამართლემ ბრალდებულები დამნაშავედ ცნო განზრახ ჯგუფურ მკვლელობასა და ჯგუფურად იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებაში. ნიკო კვარაცხელიას ოჯახი საქმის შეკვეთილი მკვლელობის მიმართულებით გამოძიებას ითხოვდა.