ოთხშაბათი, ოქტომბერი 22, 2025

ნიკოლ ფაშინიანი – ქიშპს მოაქვს მხოლოდ ზარალი, აზერბაიჯან-საქართველოს შორის დავინახეთ მეგობრული ურთიერთობა და გადავიტანეთ ეს სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების მოგვარებაში, ვაღიარეთ ეს პოზიტიური ინტერესი

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობა დამყარდა. ძალიან მნიშვნელოვანია, დაკავშირებადობა გარდაიქმნას ინსტიტუციონალურ მიღწევად. ვცდილობ, ყველა გამოსვლაში ხაზი გავუსვა, რომ ინსტიტუციურ დონემდე უნდა დავიდეს ეს გადაწყვეტილება, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა თბილისის „აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.

ფაშინიანის თქმით, სატრანსპორტო კავშირებს ქვეყნებისთვის საერთო სარგებელი მოაქვს.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს პარტნიორებს, ჩვენს კოლეგებს მათი გამოსვლებისთვის, სწორი აქცენტების გაკეთებისა და პოზიტიური დათქმებისთვის.

აქვე, ამ დარბაზში გაჟღერდა ერთი წლის წინ, რომ გეგმები გვქონდა, მაგრამ წარმოუდგენელი იყო, რომ მადლობას გადავუხდიდით ჩემს აზერბაიჯანელ კოლეგას. საქართველოს პრემიერ-მინისტრს ყოველთვის ვუხდით მადლობას, აქ არანაირი დაბრკოლება არ გვაქვს, მაგრამ სომხეთი-აზერბაიჯანის და აზერბაიჯანი-სომხეთის პრემიერ-მინისტრებს რომ მადლობებს ვუხდიდეთ, ეს წარმოუდგენელი იყო ერთი წლის წინ.  ახლა უკვე რეალობაა. ეს აჩვენებს, რომ აღნიშნული ფორუმი ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობა დამყარდა. მინდა, დავაფიქსირო, რომ ეს უკვე ითქვა ბატონი ალიევის მიერ – ძალიან მნიშვნელოვანია, დაკავშირებადობა გარდაიქმნას ინსტიტუციონალურ მიღწევად. ვცდილობ, ყველა გამოსვლაში ხაზი გავუსვა, რომ ინსტიტუციურ დონემდე უნდა დავიდეს ეს გადაწყვეტილება.  როგორც ვახსენე, სატრანსპორტო კავშირები მიგვიყვანს საერთო სარგებლამდე. პირდაპირ უნდა ვთქვათ, ამას მივყავართ საერთო ურთიერთდამოკიდებულებამდე. ურთიერთზე დამოკიდებულება არის მნიშვნელოვანი და ნდობაზე დაფუძნებული. პოლიტიკურად შეიძლება, ცუდად ჟღერს, რომ ერთმანეთზე ვართ დამოკიდებული, მაგრამ ქვეყნები ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობას როცა იწყებენ, გახსნილად და გულღიად, ამას რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს – რა თქმა უნდა, ეკონომიკური ზრდა. ამას შეიძლება ჰქონდეს უფრო დიდი ფისკალური გავლენა, სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსულობები, უფრო დიდი საჯარო ფინანსების მართვა, საზოგადოებების განვითარება. უცებ ქვეყნები აცნობიერებენ, რომ ეს საერთო ძალისხმევა ყველას ინტერესშია, ყველას აქცენტი უნდა გაკეთდეს ტერიტორიულ მთლიანობაზე, სტაბილურობაზე, ქვეყნების უნარზე, რომ გადაწყვეტილებები მიიღონ თვითონ, ერთმანეთთან მიმართებით. და სამხრეთ კავკასიაში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ერთმანეთთან ურთიერთობისას ჩვენ ნამდვილად ერთმანეთს ვესაუბრებოდეთ და შეთანხმებები იდებოდეს, დეკლარაციებზე ხელმოწერა ხდებოდეს ამ ნდობის საფუძველზე“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

ნიკოლ ფაშინიანის შეფასებით, ახლა, როცა სამხრეთ კავკასიაში დამყარდა მშვიდობა, მნიშვნელოვანია წარსულის გააზრება. სომხეთის პრემიერის განცხადებით, ერთმანეთთან ქიშპს მხოლოდ ზარალი მოაქვს.

„კიდევ ერთი რამ მინდა ვთქვა, ჩვენ ამაზე საუბარი გვქონდა გუშინ ბატონ ირაკლი კობახიძესთან, გავუზიარე შეხვედრაზე ეს აზრი, რომ დამყარებული მშვიდობა არის ძალიან კარგი შესაძლებლობა ჩვენთვის, რათა გავიაზროთ წარსული.100-ზე მეტი წელი გავაანალიზოთ და შევხედოთ, რა შეიძლება გაკეთდეს განსხვავებულად მომავალში. სხვა პრიზმით დავინახოთ მომავალი, ისტორიას შევხედოთ სხვა რაკურსიდან. ეს ურთიერთობები, ჩვენს შორის კავშირები ერთმანეთზეა გადაჯაჭვული. ძალიან კარგი მაგალითები გვაქვს. 1918 წელს სომხეთი, საქართველო და აზერბაიჯანი რამდენიმე დღით გახდნენ დამოუკიდებელნი. მაგრამ ჩვენ უფრო მეტი ინტერვალი დაგვჭირდა იმისთვის, რომ შეგვენარჩუნებინა და სამივემ დავკარგეთ დამოუკიდებლობა. 1991 წელს, მეტ-ნაკლებად იგივე პერიოდში, კვლავ მოვიპოვეთ საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა.  ჩვენ უნდა ვისწავლოთ ისტორიის გაკვეთილებზე. უნდა გავიაზროთ, რომ 1991 წელს ჩვენ საკმარისი დასკვნები ვერ გავაკეთეთ 1918-1920 წლების საფუძველზე და რატომ? იმიტომ, რომ მაშინ მოვიპოვეთ და დავკარგეთ.  რატომ დავკარგეთ, რატომ აღარ უნდა დავკარგოთ, რა უნდა გაკეთდეს ამისთვის,  რა ფასეულობები გვაქვს დამოუკიდებლობის, სახელმწიფოებრიობის და ერთმანეთის პატივისცემის მიმართ, ამაზე ვფიქრობთ და ჩვენი წინაპრებიც ფიქრობდნენ, რომ ალბათ ამ ბრძოლაში ერთმანეთს მეტი სარგებელი მივანიჭოთ.

ისტორია ცხადყოფს, რომ ერთმანეთს როცა ვექიშპებით, ამას მოაქვს მარტო დანაკარგები და ზარალი. სახელმწიფოებრიობის, დამოუკიდებლობის დაკარგვის მეტი, რა უნდა იყოს ცუდი. ჩემი დასკვნა ასეთია ისტორიის გაანალიზებისას, რა არის ეს, მშვიდობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. რა ფორმა უნდა მიიღოს ამან, ამაზე არ არის ახლა საუბრის დრო, მაგრამ გააზრების დრო ყოველთვისაა. ჩვენ ამაზე გვქონდა საუბარი პრეზიდენტ ალიევთან. ჩემი მოსაზრება ასეთია – არის უხილავი ფაქტორი, რომელმაც განაპირობა ეს მშვიდობა. დავიწყეთ შესაძლებლობების გამოყენება. გამოჩნდა შესაძლებლობა, გამოვიყენეთ. უფრო დიდი ხედვა გვაქვს რეგიონში, უფრო დიდი თვალსაწიერი გაგვიჩნდა. კონფლიქტის, შეუთანხმებლობის და დიდი ხნის განმავლობაში მტრული დამოკიდებულების მიუხედავად, აზერბაიჯანისა და საქართველოს ვითარებას რომ შევხედეთ, დავინახეთ ეს მეგობრული ურთიერთობა, დავტკბით და გადავიტანეთ ეს სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების მოგვარებაში. დავინახეთ ეს შესაძლებლობა, ვაღიარეთ ეს ინტერესი, ეს პოზიტიური ინტერესი. ეს ნიშნავს, რომ ისტორია არ გამქრალა. შეუძლებელია, ისტორია გაქრეს, ის უნდა გავიაზროთ და დასკვნები გავაკეთოთ. დღევანდელობა გვასწავლის, რომ ჩვენ უფრო მეტი დავინახეთ, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებმა – საქართველომ, აზერბაიჯანმა და სომხეთმა საერთო ინტერესების საფუძველზე უნდა იმოქმედონ სამომავლოდ და არსებობს ალბათობა, რომ ეს საერთო მნიშვნელობის ინტერესები გადამწყვეტი იყოს.

დაკავშირებადობა, ტრანსპორტი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი საკითხებია, მაგრამ ამ რაკურსით მინდა დაგანახოთ ეს რეალობა. მიმაჩნია, რომ შევძლებთ, ამ რეგიონულ კონტექსტში პოზიტიური გაგებით კონკურენცია განვავითაროთ. ეს ჩვეულებრივი ამბავია და ამ ენერგიას, ემოციას გამოვიყენებთ იმ ატმოსფეროს შექმნისთვის, რომელიც თანამშრომლობას უზრუნველყოფს. ჩვენ გვესმის, რომ ტვირთბრუნვა, მილსადენები, ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ჩვენი რეგიონის გავლით გადიოდეს და სამივე ქვეყანას შემოსავალს მოუტანს. ამიტომ ჩვენ საერთო პარტნიორობა გვექნება. სწორედ ამიტომ, ჩვენი ფისკალური შემოსავლები როცა იზრდება, სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსულობები იზრდება, საერთო დღის წესრიგი გვიჩნდება და უარს აღარ ვიტყვით შესაძლებლობებზე. გავაგრძელებთ ეკონომიკურ ზრდას და განვითარებას. ეს არის ძალიან მარტივი საფუძველი საერთო ინტერესებისთვის“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

შემოსავლების სამსახურის განცხადება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ეხმაურება ტელეკომპანია ,,ტვ.პირველის“ ეთერში, (21.10.2025) გასულ მორიგ დეზინფორმაციას, თითქოს „საქართველო იქცა ავტოიმპორტისთვის შავ ხვრელად“.შემოსავლების სამსახურის მიერ, უკვე არაერთგზის გავრცელებული განცხადებების/განმარტებების მიუხედავად, კვლავ გრძელდება უწყების დისკრედიტაცია და საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანა.როგორც ცნობილია, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, გაერთიანებულმა სამეფომ, ევროკავშირმა და ეკონომიკური სანქციების დაწესების პროცესში მონაწილე სხვა ქვეყნებმა, მიიღეს გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციასა და ბელარუსთან განსაზღვრული საქონლით ვაჭრობაზე შეზღუდვების დაწესების შესახებ. მათ შორის, სანქციები შეეხო აღნიშნული ქვეყნებიდან მსუბუქი ავტომობილების რუსეთში ან ბელარუსში შეტანასაც.აღნიშნულ შეზღუდვას უწყება მკაცრ მონიტორინგს/აღსრულებას უწევს. ამასთან, საერთაშორისო სანქციების დაწესებისთანავე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მუდმივ კოორდინაციაშია პარტნიორ ქვეყნებთან და ხდება ინფორმაციის გაცვლა ოპერატიულ რეჟიმში. კონტროლის ფარგლებში, ტრანზიტული ნომრების მქონე მსუბუქი ავტომობილები, რომლებიც გადაადგილდებიან ტრანზიტულად, საბაჟო საზღვრის კვეთისას, მებაჟე ოფიცრების მხრიდან ექვემდებარება შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმებას, თუ რომელი ქვეყნის დანიშნულებით გადაადგილდება აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება და როგორც ტრანზიტი, ისე ექსპორტი/რეექსპორტი ხორციელდება საერთაშორისო რეგულაციების სრული დაცვით და არ არსებობს ამის საპირისპირო დამადასტურებელი არც ერთი ფაქტი.დღეის მდგომარეობით, მოქმედი შეზღუდვები არ ეხება აშშ-დან და ევროკავშირიდან შემოყვანილი მსუბუქი ავტომობილების ექსპორტს/რეექსპორტს იმ ქვეყნებში, რომლებიც არ არიან მითითებული აშშ-სა და ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ სანქციებში. ამასთან, კიდევ ერთხელ, მკაფიოდ აღვნიშნავთ, რომ აკრძალვა არ ვრცელდება იმ მსუბუქ ავტომობილებზე, რომლებიც არის ფიზიკური პირის პირად საკუთრებაში, გამოიყენება მისი პირადი სარგებლობისთვის და არ არის განკუთვნილი გასაყიდად.აქვე აღვნიშნავთ, რომ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტში აქტიურია რისკის 37 პროფილი, რომელიც ავტომატურ რეჟიმში ახდენს სანქცირების შესახებ მონაცემთა იდენტიფიცირებას და დამატებითი რისკ-ფაქტორების გამოვლენის ინიცირებას. ბოლო მონაცემებით, საქართველოს საბაჟო საზღვრებიდან გაბრუნებისა და საბაჟო პროცედურების განხორციელებაზე უარის თქმის 2 448 შემთხვევაა დაფიქსირებული.შემოსავლების სამსახური მოუწოდებს მედიასაშუალებებს, სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით ნებისმიერი ინფორმაცია გადაამოწმონ სანქციების აღსრულებაზე პასუხიმგებელ უწყებასთან. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური

ჩინეთი გერმანიის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი გახდა

2025 წლის პირველი 8 თვის მონაცემებით, ჩინეთმა აშშ-ს გერმანიის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის ტიტული წაართვა. ინფორმაციას Reuters-ი გერმანიის ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.იანვრიდან აგვისტომდე პერიოდში გერმანიის იმპორტმა და ექსპორტმა ჩინეთთან 163,4 მილიარდ ევროს მიაღწია, მაშინ როდესაც აშშ-სთან მიმართებით ეს მაჩვენებელი 162,8 მილიარდ ევროს შეადგენს.2024 წელს გერმანიის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი აშშ გახდა, რითაც ჩინეთის 8-წლიანი ლიდერობის პერიოდი დაასრულა, თუმცა წელს პეკინმა პირველობა დაიბრუნა. Reuters-ი ცვლილებას აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ დაწესებულ ტარიფებს უკავშირებს და აღნიშნავს, რომ შარშან ბერლინი პეკინზე დამოკიდებულების შემცირებას პოლიტიკური განსხვავებების გამო ცდილობდა.

ნატალი ლუაზო – სირცხვილი „ქართულ ოცნებას“, რომელიც ცდილობს საქართველო ბელარუსად აქციოს – მზია და ყველა პოლიტიკური პატიმარი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს – რეპრესიები უნდა დასრულდეს!

სირცხვილი „ქართულ ოცნებას“, რომელიც ცდილობს საქართველო ბელარუსად აქციოს, - ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი, ნატალი ლუაზო ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას მიერ სახაროვის პრემიის გამარჯვებულების გამოცხადებას.„ახლახან ევროპარლამენტმა მზია ამაღლობელს, ანდჟეი პოჩობუტთან ერთად, სახაროვის პრემია მიანიჭა. სირცხვილი „ქართულ ოცნებას“, რომელიც ცდილობს საქართველო ბელარუსად აქციოს. მზია და ყველა პოლიტიკური პატიმარი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. რეპრესიები უნდა დასრულდეს“, - წერს ნატალი ლუაზო X-ზე.შეგახსენებთ, პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტები - „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი და ბელარუსი ჟურნალისტი ანდჟეი პოჩობუტი - 2025 წლის სახაროვის პრემიის გამარჯვებულები გახდნენ.

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ენერგეტიკის აკადემიის გაფართოებულ სხდომას უმასპინძლა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდიუმის გაფართოებული სხდომა გაიმართა, რომელზეც ენერგეტიკის დარგში განსახორციელებელი პროექტების, განახლებადი ენერგიის ინტეგრაციის შესაძლებლობებისა და ენერგოსექტორში ხელოვნური ინტელექტის როლის შესახებ იმსჯელეს. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდიუმის გაფართოებული სხდომას ესწრებოდნენ დარგის წამყვანი სპეციალისტები და მკვლევრები, მათ შორის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი, პროფესორი ზურაბ გუდავაძე, ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ქეთევან ქუთათელაძე და ამავე ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის პოლიტიკის და მდგრადი განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარიტა არაბიძე, ექსპერტები, ასევე ენერგოკომპანიებისა და ენერგეტიკული ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.სხდომაზე, რომელსაც ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტი პაატა ცინცაძე უძღვებოდა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებმა, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის წარმომადგენლებმა გააკეთეს პრეზენტაციები შემდეგ თემებზე: შავი ზღვის ელექტროგადამცემი კაბელის პროექტის მიმდინარეობისა და ელექტროენერგიის ბაზრის რეფორმის მიმდინარეობის შესახებ, განახლებადი ენერგიის ინტეგრაციის შესაძლებლობებსა და ბარიერებზე საქართველოს ელექტროსისტემაში. დარგის სპეციალისტებმა, მკვლევრებმა და ექსპერტებმა ასევე განიხილეს ენერგეტიკაში ხელოვნური ინტელექტის როლსა და შესაძლებლობებთან დაკავშირებული საკითხები.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ქეთევან ქუთათელაძის შეფასებით, ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდიუმის გაფართოებულ სხდომაზე განხილული საკითხები მნიშვნელოვანია ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე პროცესების გააზრებისა და ქვეყნის ენერგეტიკული მომავლის დაგეგმვის მიმართულებით.“სხდომაზე განხილული საკითხები ქვეყნის ენერგოსექტორის განვითარების სტრატეგიულ მიმართულებებს განსაზღვრავს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის მეცნიერები, პედაგოგები და სტუდენტები აქტიურად არიან ჩართული ამ მიმართულებით მიმდინარე კვლევით და საგანმანათლებლო საქმიანობაში. საგულისხმოა, რომ ჩვენ ვამუშავებთ პროექტებს, რომლებიც მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას ენერგოეფექტურობისთვის, განახლებადი ენერგიის ინტეგრაციისა და ენერგეტიკული სისტემების მართვის ინოვაციური მოდელების შესაქმნელად.განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობა, რომლის გამოყენებაც ენერგეტიკაში არა მხოლოდ მონაცემთა ანალიზის და სისტემების ოპტიმიზაციისთვის არის შესაძლებელი, არამედ პროგნოზირებისა და ენერგორესურსების მართვის გაცილებით ჭკვიანური მოდელების დასანერგადაც. ვფიქრობთ, ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია ენერგოსექტორში გაზრდის სისტემების საიმედოობას, შეამცირებს დანაკარგებს და პოზიტიურ შედეგებს მოგვცემს მწვანე გარდაქმნების მიმართულებით. მთელ ამ პროცესში კი მეცნიერების, განათლებისა და ტექნოლოგიების სინთეზი გადამწყვეტ როლს თამაშობს, რაც აუცილებელია საქართველოს ენერგეტიკული მდგრადობისა და ტექნოლოგიური პროგრესისთვის,“ - აღნიშნავს ქეთევან ქუთათელაძე.

„ევროპის სახალხო პარტიის“ წარდგინებით, მზია ამაღლობელს სახაროვის პრემია გადაეცა

ევროპარლამენტმა ქართველ და ბელარუს ჟურნალისტებს, მზია ამაღლობელსა და ანდრჟეი პოჩობუტს სახაროვის პრემია გადასცა.„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი სახაროვის სახელობის ჯილდოზე „ევროპის სახალხო პარტიამ“ წარადგინა.სახაროვის პრემიის ლაურეატები ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ პლენარულ სესიაზე გამოაცხადა.„ორივე მათგანი არის ჟურნალისტი, რომლებიც ამჟამად ციხეში იმყოფებიან ყალბი ბრალდებებით მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი თავის საქმეს ასრულებდნენ და ლაპარაკობდნენ უსამართლობის შესახებ. მათმა გამბედაობამ ისინი თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლის სიმბოლოდ აქცია. ეს ინსტიტუტი მათ გვერდით დგას, რომლებიც აგრძელებენ თავისუფლების მოთხოვნას“, – განაცხადა რობერტა მეცოლამ.2025 წლის სახაროვის პრემიის ლაურეატების დაჯილდოების ცერემონია 16 დეკემბერს გაიმართება.ჯილდო 50 000 ევროს შეადგენს.ახაროვის პრემია „აზრის თავისუფლებისთვის“ 1988 წელს დაარსდა საბჭოთა მეცნიერისა და დისიდენტის, ანდრეი სახაროვის პატივსაცემად.

ბოლო სიახლეები