„ტრამპის გზა“ დსთ-სთვის ახალ შესაძლებლობებს ხსნის, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ტაჯიკეთის დედაქალაქ დუშანბეში, დსთ-ს სახელმწიფოების მეთაურების სამიტზე განაცხადა.
ფაშინიანმა აღნიშნა, რომ სომხეთი „ტრამპის გზაზე“ აშშ-სთან და შეთანხმებულ მესამე მხარეებთან იმუშავებს.
ფაშინიანის თქმით, TRIPP-ის (ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის) პროექტი სომხეთს დსთ-ს წევრ აზერბაიჯანთან და დსთ-ს სხვა წევრებთან სარკინიგზო, ასევე სხვა სატრანსპორტო კავშირებით უზრუნველყოფს.
„ეს მნიშვნელოვანი ცვლილება და გარემოებაა, რომელიც უდავოდ ხელს შეუწყობს დსთ-ს ფარგლებში ეკონომიკური კავშირების განმტკიცებას და ორგანიზაციის ეფექტიანობის გაზრდას“, – განაცხადა ფაშინიანმა.
როგორც ფაშინიანმა აღნიშნა, პროექტი თანამეგობრობის ქვეყნებისთვის ექსპორტისა და იმპორტის ახალ შესაძლებლობებს ხსნის.
ნიკოლ ფაშინიანმა ასევე ისაუბრა ბაქოსთან სამშვიდობო შეთანხმების პარაფირებაზე. მისი თქმით, დამყარებული მშვიდობა არ ნიშნავს, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დღის წესრიგში არსებული საკითხები ამოწურულია.
„ჩვენ ჯერ კიდევ უნდა დავამყაროთ ორმხრივი სავაჭრო, ეკონომიკური, პოლიტიკური, კულტურული კავშირები და მოვაგვაროთ ჰუმანიტარული საკითხები. მტრობის მრავალწლიანი ისტორიის გათვალისწინებით, ეს მარტივი საქმე არ არის, თუმცა დამყარებული მშვიდობა იძლევა რწმენას, რომ ეს საკითხები თანდათან მოგვარდება“, – განაცხადა სომხეთის პრემიერმა.