სამწუხაროდ, ახლა უკვე წამოვიდა ტენდენცია, რომ ევროპარლამენტის წევრები და ჩვენი ოპონენტები ქვეყნის შიგნით, ამბობენ, რომ ხალხი კანდიდატის სტატუსს იმსახურებს. დიახ, ხალხი ნამდვილად იმსახურებს [ამ სტატუსს], თუმცა ეს ხალხი არანაირად არ არის ხელისუფლებისგან განზე მდგომი, იმიტომ რომ სწორედ ხალხი ირჩევს ხელისუფლებას და ამ ხალხმა ცხრაჯერ აირჩია უკვე „ქართული ოცნება“ საკუთარ ხელისუფლად, – ამის შესახებ ნიკოლოზ სამხარაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, პირველმა ასეთი ნარატივი ვლადიმერ პუტინმა გააჟღერა.
სამხარაძემ ასევე შეადარა ბუნდესტაგის წევრის, კრისტიან პეტრისა და ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის განცხადებები კანდიდატის სტატუსის მიღების შესახებ.
„ბუნდესტაგი წარმომადგენელმა გააკეთა ისეთი შეფასება, როგორსაც უნდა აკეთებდეს ობიექტური, მიუკერძოებელი პოლიტიკოსი, რომელიც არის საქართველოს მეგობარი. ევროპარლამენტარის შემთხვევაში კი საქმე გვაქვს ანგაჟირებულ, მიკერძოებულ პოლიტიკოსთან, რომელსაც უნდა, რაღაცნაირად ხალხი გამოყოს ხელისუფლებისგან. ის ხალხი, რომელიც ხელისუფლებას ირჩევს“, – განაცხადა სამხარაძემ.
გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატმა კრისტიან პეტრიმ განაცხადა, რომ ევროპისკენ გზაზე მნიშვნელოვანია სამივე კომპონენტი – მთავრობა, მოსახლეობა და პარლამენტი და ძალიან იშვიათია, რომ მხოლოდ ერთის დამსახურება იყოს ამ გზაზე წარმატება.
თავის მხრივ, ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი მიიჩნევს, რომ თუ ევროკავშირი საქართველოს კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს, ეს მოხდება იმიტომ, რომ ამას ქართველი ხალხი იმსახურებს და გეოპოლიტიკური ლოგიკა მოითხოვს.