გერმანიაში დაგვიდასტურეს, რომ კანცლერის მეთაურობით, მთლიანად მთავრობა მომართულია იქითკენ, რომ დაჩქარდეს ევროკავშირის გაფართოება და ამ გაფართოებაში ისინი საქართველოს უკვე მოიაზრებენ, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
„ჩვენ შეხვედრები გვქონდა საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრებთან და ასევე სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის მრჩევლებთან, ხელმძღვანელებთან. რა შეეხება ზოგად სურათს, რომელიც ჩვენ გერმანიაში ვნახეთ, ძალიან დამაიმედებელია, იქიდან გამომდინარე, რომ გერმანიაში თითქმის, ყველა პოლიტიკოსი და პოლიტიკური პარტია, ვისაც ჩვენ შევხვდით, მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაერთიანებას. ასეთი რამ, თუნდაც, ერთი წლის წინ, როდესაც ჩვენ ვიზიტით ვიყავით ბერლინში, ასეთი რამ წარმოუდგენელი იყო. ეს არის მართლაც ის ცვლილება, რომელსაც ჩვენ ვაკვირდებით და ვხედავთ. ეს ცვლილება გადათარგმნილია უკვე სამთავროო პროგრამაშიც. დაგვიდასტურეს, რომ მთლიანად მთავრობა, კანცლერის მეთაურობით, მომართულია იქითკენ, რომ დაჩქარდეს ევროკავშირის გაფართოება და ამ გაფართოებაში ისინი საქართველოს უკვე მოიაზრებენ“, – განაცხადა სამხარაძემ.