აზერბაიჯანს არასდროს გამოუყენებია ენერგეტიკა საქართველოს წინააღმდეგ იარაღად, პირიქით, ჩვენ შევქმენით ორმხრივად მომგებიანი პარტნიორობა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ აშშ-ში, სუვერენული ერების ალიანსის კონფერენციის ფარგლებში, პანელურ დისკუსიაზე გამოსვლისას განაცხადა.
ნიკოლო სამხარაძემ ასევე საქართველოს ჰიდრორესურსებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანას ათწლიანი გეგმა აქვს ელექტროენერგიის გამომუშავების გასაზრდელად.
„ჩვენ ვიყავით პირველები, რომლებიც ენერგეტიკის, როგორც პოლიტიკური იარაღის გამოყენების მსხვერპლი გავხდით. ეს იყო გასული საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში რუსეთის ფედერაციასთან კონფლიქტის დროს. რუსეთმა ენერგეტიკა იარაღად გამოიყენა ჩვენს წინააღმდეგ და ფაქტობრივად შეწყვიტა საქართველოს ენერგომომარაგება. საბედნიეროდ, ჩვენ გვყავს შესანიშნავი მეზობელი აზერბაიჯანი. ოთხმოცდაათიანი წლების ბოლოს საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა გადაწყვიტეს ძალების გაერთიანება, რადგან აზერბაიჯანი იყო ქვეყანა, რომელმაც დაიწყო ნავთობის მოპოვება კასპიის ზღვაში და ასევე სჭირდებოდა ამ ნავთობის ექსპორტი რუსეთის გვერდის ავლით, ალტერნატიული მარშრუტებით.
ჩვენ გავერთიანდით და ბოლო 30 წლის განმავლობაში ვიხილეთ სამაგალითო თანამშრომლობა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის. ვერ ვიტყვით, რომ ჩვენ დამოკიდებულები ვართ აზერბაიჯანზე, რადგან აზერბაიჯანს არასდროს გამოუყენებია ენერგეტიკა საქართველოს წინააღმდეგ იარაღად. პირიქით, ჩვენ შევქმენით ორმხრივად მომგებიანი პარტნიორობა. კასპიის ზღვიდან იწყება ნავთობსადენი, გაზსადენი, რომელიც მიდის თურქეთამდე და მესამე მილსადენი, რომელიც მიდის აზერბაიჯანიდან, საქართველოს გავლით, შავი ზღვის სანაპიროსკენ.
ჩვენ გვჯერა, რომ ბევრი სფეროა, სადაც შეგვიძლია განვითარება. თქვენ იკითხეთ ენერგეტიკულ დამოუკიდებლობაზე, გვაქვს ათწლიანი გეგმა საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავების გასაზრდელად. ჩვენ ჰიდრორესურსებით ძალიან მდიდარი ქვეყანა ვართ და მომდევნო ათი წლის განმავლობაში სამ მსხვილ ჰიდროელექტროსადგურს ავაშენებთ საქართველოში, რაც სამჯერ გაზრდის ქვეყნის ელექტროენერგიის გამომუშავებას. ამასთანავე, ვმუშაობთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტზე ჩვენი რუმინელი, უნგრელი და აზერბაიჯანელი მეგობრების თანამონაწილეობით“, – განაცხადა სამხარაძემ.

