„2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე ე.წ. ყინწვისის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ნიკოლოზ გოგუაძეს უსმენენ.
გოგუაძემ კომისიის სხდომაზე ყინწვისის მონასტერთან მისი და მისი მეგობრების დაკავება გაიხსენა.
„ჩვენი ისტორია 11 მაისამდე ცოტა ადრე დაიწყო, მაგრამ 11 მაისი იყო ის დღე, როცა ჩვენმა ორგანიზაციამ, რომელსაც „ეროვნულ სარწმუნოებრივი მოძრაობა“ ერქვა, გავაკეთეთ პრეზენტაცია. უამრავი სტუმარი გვყავდა მოწვეული. მე ვიყავი ამ ორგანიზაციის თავმჯდომარე და შემქმნელი. როგორც კი გავაჟღერეთ ჩვენი არსებობის, მიზნების შესახებ, ჩვენზე დაიწყო დევნა-მუქარა. პრეზენტაციის შემდეგ, პრაქტიკულად, ჩემი ტელეფონი არ გაჩერებულა, სხვადასხვა ძალოვანი სტრუქტურიდან ჩემთვის აბსოლუტურად უცნობი ხალხი რეკავდა და სერიოზული მუქარა მიმდინარეობდა. მაშინ ნინო ბურჯანაძე ქუჩაში აწყობდა მიტინგებს და ამ პერიოდს დაემთხვა ეს ყველაფერი. ჩვენს მხარდამჭერებს და მეგობრებს, ვინც ამ პერიოდში ჩვენ გარშემო იყვნენ, გაუგებარი ბრალდებებით გზადაგზა იჭერდნენ. 24 მაისს წავედით, თავიდან სადღაც ექვსი ადამიანი გავეცალეთ თბილისს, რადგან უკვე ისეთი მუქარები იყო, ვხდებოდით, დაჭერას ვერ ავცდებოდით. მუქარების შინაარსი იყო, ასეთი, დაგხოცავთ, დედას გიტირებთ. მართალია, სიტყვა დაჭრა არავის უხსენებია, მაგრამ ვვარაუდობდით, რომ დაგვიჭერდნენ. გვემუქრებოდნენ ფიზიკური განადგურებით. მუქარები მოდიოდა ძალოვანი სტრუქტურებიდან, სოდის უწყებიდან მოდიოდა ეს ყველაფერი. 24 მაისს წავედით რამდენიმე ადამიანი. შემდეგ ისე მოხდა, რომ მეგობრები ერთმანეთს ურეკავდნენ და კითხულობდნენ, სად იყვნენ. გაიგეს, რომ ყინწვისის სამონასტრო კომპლექსში მივდიოდით და საბოლოო ჯამში, 23 ადამიანი აღმოვჩნდით ყინწვისის სამონასტრო კომპლექსთან. თავი შევაფარეთ, ჩვეულებრივად თავს ვაფარებდით. გვინდოდა მეუფე იობის ნახვა. თავს ბევრად დაცულად ვგრძნობდით იქ. 24 მაისს წავედით და 26 მაისის გამთენიისას ჩაატარეს სპეცოპერაცია. სხვადასხვა სპეცრაზმი იღებდა მონაწილეობას სპეცოპერაციაში, ალყა გვქონდა შემორტყმული. მოვარდნენ მიკროავტობუსებით, ზოგი ტყიდან ჩამოვარდა. ისეთი ადგილია, რაღაც ჩაღრმავება იყო, ერთი გზა ამოდიოდა და ერთი – ჩადიოდა. ის ერთი გზა იყო გადაკეტილი მიკროავტობუსებით, სპეცრაზმით და აბსოლუტურად ყველა მხრიდან ავტომატიანმა ხალხმა დაგვარტყა წრე. ეს ხდებოდა ზუსტად მონასტრის პირდაპირ. ამ დროს მონასტერში იყვნენ მამაოები. მეუფე ადგილზე არ იმყოფებოდა. შემდეგ გავარკვიეთ, რომ გადაწყვეტილი ჰქონდათ ჩვენი ჩაცხრილვა ტერიტორიაზე. იქაც იგრძნობოდა ეს. ჩვენ თბილისისკენ წამოსვლას ვაპირებდით, რადგან იქ უკვე დაშლილი იყო მიტინგი – სასტიკი დაშლა და ხალხის კვლა რომ მოხდა. ჩვენთან გარეთ გამოსული იყვნენ მამაოები და გვემშვიდობებოდნენ. ბევრი მამაო იმყოფებოდა და ეტყობა, გასროლა ამიტომ ვერ შეძლეს ან უბრალოდ, არ ისროლეს. ყველანი დაგვყარეს მიწაზე. მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი, მეგის ქარდავა როგორ გამოიყურებოდა, ვინ იყო საერთოდ. მეგის ქარდავა მოვიდა, გოგუაძე რომელიაო. ვუთხარი, მე ვარ-მეთქი. მოვიდა თუ არა, კონდახი ჩამარტყა თავში და გავითიშე. შემდეგ ამწია და შემაგდო მიკროავტობუსში, სადაც მითხრა, რომ გადაწყვეტილი ჰქონდა, ჩემთვის უნდა ესროლა. პირდაპირ მითხრა, ახლა ვაპირებ შენს მოკვლასო. აი, ამ მარშუტკაში დაგტოვებო. მოშვერილი მაქვს ავტომატი. თვითონ მეგის ქარდავა მიშვერს ავტომატს. ერთ ხელში ტელეფონი უჭირავს და მუხლზე უდევს ავტომატი. აიღებს ტელეფონს და სადღაც რეკავს, ეუბნება, წინ მიზის და დავამთავროო? ეს საუბარი მესმოდა. შემდეგ ის უთიშავს ყურმილს. მე ვიყავი ხელბორკილდადებული უკანა სკამზე, „ჟგუტებით“ მაქვს ხელი შეკრული, უკვე დაპატიმრებული ვარ. რომ დაურეკა, ეტყობა იქიდან უთხრა, გადმოგირეკავო და ახლა წყდება შენი ბედიო, მითხრა. რამდენიმე წუთი ველოდებოდით ზარს, რას დარეკავდნენ. სახე შეეცვალა, რომ დარეკეს, გამწარდა, მითხრა, გადარჩიო და შემაგინა. ეტყობა, იქიდან უთხრეს, არ გაისროლოთო. ჩავიდა დაბლა და შემდეგ ნელ-მელა ყველა გადაგვანაწილეს სხვადასხვა მიკროავტობუსში. იქ უკვე ჩანდა, რომ ჩვენი დაკავება მათ ინტერესში არ შედიოდა. არ იცოდნენ, რა ექნათ ჩვენთვის. ყველა სადღაც რეკავდა და ეკითხებოდნენ, რა ვქნათო. თვითონაც გაურკვევლობაში იყვნენ, რა ექნათ ჩვენთვის“, – განაცხადა ნიკოლოზ გოგუაძემ.
გოგუაძის განცხადებით, სასულიერო პირები როგორც კი გამოესარჩლნენ ყინწვისის მონასტერში დაკავებულებს, სპეცრაზმმა მათაც დაუწყო ცემა.
„ჩვენი დაკავებისას, სასულიერო პირებს რეაქცია ჰქონდათ, რას შვრებითო და როგორც კი გამოგვესარჩლნენ, მათაც მოხვდათ. მარტივად რომ ვთქვათ, ბერებსაც სცემა სპეცრაზმმა. კონკრეტულად ვინ ურტყამდა, მაშინ ყურადღება არ მიმიქცევია, რადგან ერთადერთი მეგის ქარდავა და კიდევ ერთი ადამიანი იყო ნიღბის გარეშე, დანარჩენი ყველა ნიღბებში იყო. ყველამ დავინახეთ, რომ ბერები სცემეს, უმოწყალოდ არ უცემიათ, მაგრამ ურტყეს და ძირს დაყარეს ყველა“, – განაცხადა ნიკოლოზ გოგუაძემ.